სერბებმა „შური იძიეს“
სერბებმა „შური იძიეს“
19.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიროსლავ რადულიცამ, როგორც ჩანს, იმდენად კარგად შეისწავლა გიორგი შერმადინის თამაში, რომ დღეს, ქართველ ცენტრს, განძრევის საშუალება არ მისცა. თუმცა, ისევე, როგორც იგორ კოკოშივის გუნდმა მთლიანად, საქართველოს ნაკრებს. მიუხედავად ამის, გიორგი, საუკეთესო იყო, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან. მან 20 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.


იგორ კოკოშკოვმა კი, ერთ დროს მშობლიურ, თბილისის სპორტის სასახლეში, ნაკრები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ავარჯიშა და თავად, სტამბულში გაემგზავრა, სადაც, „ფენერბაჰჩეს" ევროპალიგს თამაში ჰქონდა. თუმცა, კოკოშკოვის არყოფნა, სერბეთის ნაკრებს სულაც არ დამჩნევია და საქართველო-სერბეთის დაპირისპირების საწყის წუთებშივე, ჩვენი გუნდი ჯარიმებით დაიტვირთა. ოთხი წუთის შემდეგ, ზუროსის გუნდს, უკვე ოთხი გუნდური ჯარიმა ჰქონდა. ასეთ დასაწყისს, როგორც ჩანს, ჩვენი გუნდი არ ელოდა და გუნდს დაძაბულობა დაეტყო.




მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე, ორივე ნაკრებს სხვადასხვა მიზანი ჰქონდა, სერბებს აუცილებლად მოგება, ზუროსის საქართველოს კი, კარგი სპარინგი და შეთამაშება, ასეთ სტარტს არავინ მოელოდა, რადგან საქართველო, სახლში 2-11-ს აგებდა. საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს პირველი ორი ქულა და შემდეგ კიდევ ორი, სწორედ იმ კალათბურთელმა მოუტანა, ვისაც გუნდთან შეთამაშება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, კონერ ფრენკამპმა 10 ქულა დააგროვა და მესამე მეოთხედში, პარკეტის დატოვება მოუხდა. ამერიკელმა ტრავმა მიიღო, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მას, სერიოზული არაფერი სჭირს.


პირველი მეოთხედი, ჩვენმა გუნდმა, მხოლოდ 3 ქულით წააგო, 10-13 და მიუხედავად იმისა, რომ არ წაგვივიდა სამქულიანი სროლებიც და ფარზეც ბევრ ბურთს ვკარგავდით, იმედი, იმის, რომ საკუთარ კედლებში თამაშის შემოტრიალებას შევძლებდით იყო. განსაკუთრებით მეორე მეოთხედში როდესაც, ჩვენმა გუნდმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხა, 16-15. ამ მონაკვეთში, ლიდერი ოთხჯერ შეიცვალა. თუმცა, ეს იყო და ეს. მეორე პერიოდი იყო, მატჩის ის მონაკვეთიც, რომელშიც ჩვენმა გუნდმა უშედეგო მცდელობების შემდეგ, პირველი 3-ქულიანი ჩააგდო. საინტერესოა, რომ მიხეილ ბერიშვილისთვის, ეს ამ მატში აღებული სამად-სამი ქულაა გამოდგა. საერთო ჯამში მიშამ, ხუთჯერ ისროლა 3-ქულიანი ზონიდან. ჩვენ ეს პერიოდიც დავთმეთ, 21-24 და პირველი ტაიმის შემდეგ, უკვე 31-37 ვაგებდით.



სერბები, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება და თანაც, ერთ წლის წინ, ბელგრადში განცდილი მარცხიც მწარედ ახსოვდათ, ნელ-ნელა ანგარიშს ზრდიდნენ. ვერ ვაჩერებდით ფილიპ პეტრუშევს, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ ჰქონდა უკვე 16 ქულა  დაგროვებული და დარჩენილ დროშიც, ბურთს, ბურთზე აგდებდა კალათში, თან საიდანაც შანსი მიეცემოდა იქიდან. მას, მხარი დანილო ანჯუშიჩმაც აუბა და საერთოდ, სერბებმა გამართული მანქანასავით დაიწყეს მუშაობა და მატჩამდე, „წუწუნი" შეუთამაშებლობაზე და ყველა „ფანჯრის" დროს ახალ-ახალ მოთამაშეებზე, „წუწუნად" დარჩა. თუმცა, სერბეთის, როგორც საკალათბურთო ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, ალბათ, კოკოშკოვის „ტირილი" უფრო თავის გადაზღვევა იყო.


მესამე მეოთხედიდან სერბებს გაეხსნათ. ჯერ ეს პერიოდი მოიგეს 20-28 და საერთო ჯამში, უკვე 14 ქულით გადაგვისწრეს და დასკვნით მეოთხედში, სულ „აიწყვიტეს". ბოლო მეოთხედი 17-25 მოგვიგეს და საერთო ჯამში, 26 ქულით, 66-92 მოგვიგეს.  


ბუნებრივია, ამ გამარჯვებით და თბილისური „ბაბლის" მეორე მატჩში, შვეიცარიელთა მარცხით სერბები საბოლოოდ დამშვიდნენ, რადგან მათ ფაქტიურად, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე თამაში, სადაც სწორედ, მათ უწინასწარმეტყველებენ ჩემპიონობას, როგორც იქნა გაინაღდეს.


დღეს, ჰქონდა მნიშვნელობა თუ არა, საქართველოს ნაკრების თამაშში ბევრი ხარვეზი გამოჩნდა. მაგალითად, პერიმეტრიდან თამაში, სადაც დღეს ძალზედ ცუდი მაჩვენებელი იყო, 23 მცდელობიდან მხოლოდ 3 ზუსტი, მაშინ როცა, სერბების წარმატება, მეტწილად, სწორედ, პერიმეტრიდან თამაშზე მოდის  22 მცდელობიდან, 13 ზუსტი. აღსანიშნავია, რომ ილიას ზუროსმა, სერბებთან მატჩში, განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს მისცა თამაშის საშუალება. თუმცა, პარკეტზე ყველაზე მეტი დრო, 34:27 წუთი, გიორგი შერმადინმა გაატარა.




თბილისური „ბაბლის" მომდევნო თამაშები 21 თებერვალს გაიმართება. სერბეთი, პირველ შეხვედრაში მარცხის გამო, დიდი ალბათობით, „შურს იძიებს" შვეიცარიაზეც. საქართველოს ნაკრები კი, კარგი იქნება, თუ ფიბა-ს ევრობასკეტის საკვალიფიკაციოს დასრულებას, თბილისური „ბაბლის" ბოლო მატჩში მოგებით მოახერხეს, რაც ავტომატურად ჯგუფის მოგებასაც ნიშნავს.