
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის II ტურის შეხვედრებმა სტარტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდისა და თსუ 2-ის დაპირისპირებით დაიწყო. მატჩი ბსსა-ს გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. გოგიტა აბულაძემ ბათუმელები დააწინაურა, მაგრამ მალევე ავტოგოლით წონასწარობა აღდგა. მეორე ტაიმში თსუ-მ მცდელობების მიუხედავად წინ გასვლა ვერ შეძლო. ოცდამეცხრე წუთზე „მეზღვაურების" შვიდიანმა მეორე გოლიც შეაგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
გოგიტა აბულაძე, ბსსა: „ვიცოდით, რომ დღეს ღირსეული მოწინააღმდეგე გვეყოლებოდა. ველოდით დაძაბულ შეხვედრას და გამარჯვების იმედიც გვქონდა. საბოლოო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა და კმაყოფილები ვართ. ბოლო წუთებში მეტოქე უპირატესობით გვიტევდა, რაც ჩვენთვის ახალია და ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს მსგავსი ტიპის თავდაცვაზე, მაგრამ კარის მშრალად შენახვა მაინც მოვახერხეთ."
ლაშა ერქომაიშვილი, თსუ 2: „ვიცოდით, რომ მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. ნამდვილად გვქონდა მომენტები, ბოლო წუთებშიც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. გაგვიჭირდა მობილიზება და უკვე მეორე თამაშია ქულა არ აგვიღია. აუცილებლად ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე და მომავალ შეხვედრებში გამარჯვებასაც მოვიპოვებთ."

***
ფუტსალის ლიგა 2-ის II ტური არმიასა და გორის დაპირისპირებით გაგრძელდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „ძალოვნებმა" დაძაბულ ბრძოლაში 6-4 იმარჯვეს.
გორელებმა პირველ ხუთ წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ტაიმის დასრულებამდე არმიამ წონასწორობა აღადგინა და წინ ორი ბურთით გავიდა. თამაშის განახლებიდან ათი წუთის შუალედში გორმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 6:4 დამარცხდა. შეხვედრაში გიგა ბერაიამ და ირაკლი ცომაიამ დუბლი გაიფორმეს. გორელების მხრიდან ორ-ორი ბურთია გიორგი მჭედლიშვილისა და გიორგი ანიაშვილის სახელზე.
ირაკლი ცომაია, არმია: „ფიზიკურად ძლიერი გუნდი ვართ. ტაქტიკური თვალსაზრისით ჯერ კიდევ ვსწავლობთ ბევრ რამეს. ოთხი გოლი მივიღეთ, რაც გორის მონდომებაზე მეტყველებს. რაღაც მონაკვეთში დაბნეულობა იყო ჩვენს გუნდში და მეტოქემ გამოიყენა ეს მომენტი, მაგრამ იმის პოტენციალი გვაქვს, რომ ასეთი მდგომარეობიდან გამოვიდეთ და კვლავ დავბრუნდეთ თამაშში. ტექნიკურად კარგად იყო მომზადებული მეტოქე, მომავალ კვირას კიდევ შევხვდებით თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იმედია, იქაც გავიმარჯვებთ."
გიორგი მჭედლიშვილი, გორი: „ნამდვილად ვიბრძოლეთ დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამან თავისი როლი ითამაშა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც დაღლას დავაბრალებდი. ვეცდებით მომავალ შეხვედრაში მაქსიმუმი გავაკეთოთ."

***
ქუთაისის მართვესა და ილიაუნის მეორე გუნდს შორის გამართული დაძაბული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრაში უპირატესობა გარდამავალი იყო და საბოლოოდ ფრედ 6-6 დასრულდა.
პირველი ტაიმი „სტუდენტებმა" 3-2 დათმეს, მაგრამ შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და წინაც გავიდნენ. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ილიაუნი მინიმალური უპირატესობით ლიდერობდა. „ქუთათურებმა" დროის ამოწურვამდე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და ანგარიში საბოლოოდ გაათანაბრეს. მართვეს რიგებიდან მალხაზ შველიძემ და ირაკლი გვეტაძემ დუბლი გაიფორმეს. ორ-ორი ბურთი მიითვალეს აქტივში საბა მაჩიტიძემ და ნიკოლოზ ბოლქვაძემაც.
თეიმურაზ ტყეშელაშვილი, მართვე: „ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, ახალგაზრდა ბიჭები არიან და ტექნიკურები. ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლეთ და საბოლოო ანგარიშიც ასახავდა მატჩის მიმდინარეობას. ცოტა მეტი დრო გვჭირდება ფორმაში შესასვლელად. ბევრი ისეთი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გავიტანეთ."
საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მოწინააღმდეგე ნამდვილად ძალიან ძლიერია. გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდნენ და ეს მათ თამაშს ეტყობა. თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური შედეგია. ვფიქრობ, ანგარიშზე გავლენა მეკარის შეცდომებმაც იქონია, რომელიც ორივე მხრიდან იყო დაშვებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დადებითია შედეგია ორივე გუნდისთვის."

***
ფუტსალის ლიგა 2-ის II ტურის შეხვედრები ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მატჩით დასრულდა. „სტუდენტურ დერბიში" გამარჯვება EU-ს დარჩა, ანგარიშით 4-2.
დერბის პირველი ტაიმი ფრედ, 2-2 დასრულდა. შეხვედრის განახლებიდან ერთ წუთში EU დაწინაურდა, მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და პირველი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ლაზვიაშვილმა გაიფორმა, ევროპის უნივერსიტეტს კი ორი გოლით გიორგი კუპრეიშვილი დაეხმარა.
გიორგი ლაზვიაშვილი, UG: „დღევანდელ შედეგს გამოუცდელობას დავაბრალებდი. ბევრი ვეცადეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. ვფიქრობ, დღეს ჩვენი სუსტი მხარე დაცვაში გამოიხატა, არაორგანიზებულად ვთამაშობდით. ცუდი სტარტი გვაქვს, მაგრამ ვინაიდან გუნდის შემადგენლობა შეცვლილია ჯერ კიდევ ვმუშაობთ, რომ უკეთ შევთამაშდეთ."
გიორგი სვანიძე, EU: „დაძაბული შეხვედრა იყო. ბევრი მომენტი გვქონდა ორივე მხარეს. ძალიან გვჭირდებოდა პირველი გამარჯვება. ჩვენი მინიმალური მიზანი პლეიოფში თამაშია. თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესებთ ხარისხს. მეტი გამოცდილება გვაქვს, შეტევაში რაღაც ტაქტიკები უფრო დახვეწილი გვქონდა და ალბათ ამით ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს."

27 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტს ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს.
სატურნირო ცხრილი
ფოტო: Sbm.ge / ავტორი ქეთი გულისაშვილი





ჩვენ








