როტერდამული გაკვეთილები შედეგში უნდა გადაიზარდოს
როტერდამული გაკვეთილები შედეგში უნდა გადაიზარდოს
21.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როტერდამში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მორიგი წარუმატებელი დღე ჰქონდა. მონტენეგროსთან დამღლელი, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისა და ემოციურად დატვირთული ხორვატული ¼ ფინალის შემდეგ, როგორც ჩანს საქართველოს ნაკრები გატყდა.  ხორვატებთან მატჩის შემდეგ, გუნდში, არსებულ პრობლემებზე, ქართველა სერბი მწვრთნელი ალაპარაკდა. დღეს, 5-8 ადგილებისთვის თამაშების პირველი დღის და ნიდერლანდებთან განცდილი მარცხის შემდეგ კი,  დეიან სტანოიევიჩმა აღნიშნა, რომ:


„ნიდერლანდებმა, კარგი მატჩი ჩაატარეს. მათ დაიმსახურეს გამარჯვება. ჩვენი მაქსიმუმი კი, ახლა ესაა. ამ კორონა-ვითარების დროს, ამ გუნდის, მხოლოდ შვიდი-რვა მოთამაშე ახერხებდა დღეში ერთხელ ვარჯიშს და ამან გავლენა იქონია ჩვენს ფიზიკურ კონდიციაზე. ეს არ გვამართლებს, რადგან სხვა გუნდებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ. უბრალოდ, მინდა განვმარტო, რატომ ვერ ვითამაშეთ უკეთესად ტურნირის მეშვიდე დღეს. ასპარეზობის ამ ფაზაზე, დამოკიდებულია ამაზეც და არა მხოლოდ მოტივაციაზე. ჩვენი ფიზიკური კონდიცია, არ იყო საკმარისად კარგი იმისთვის, იმ დონეზე გვეთამაშა, რისი სურვილიც გვქონდა".


ჩვენები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე, 3-ბურთიანი სხვაობით აგებდნენ. ფიზიკური გადაღლა, მართლა ემჩნეოდა თამაშის ხარისხს და წინა, თუნდაც წაგებული მატჩებისგან განსხვავებით, წვრილმანი შეცდომები, რომლებიც მაშინაც იყო, ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა. ერთადერთი მომენტი, როდესაც სხვაობა 2 ბურთამდე შევამცირეთ და მატჩის გადარჩენის შანსი მოგვეცა, მეოთხე პერიოდი იყო, როცა ანგარიში 12-10 გახდა, ნიდერლანდის ნაკრებმა ეს შანსი საბოლოოდ ჩაკლა და საბოლოოდ ჩვენ, 3 ბურთით, 14-11 (4-1, 4-3, 3-4, 3-3) წავაგეთ.  


საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა სტატისტიკა

ირაკლი რაზმაძე 4/12, ნიკოლოზ შუბლაძე 6/12 - ბექა ქავთარაძე 0/2, ვალიკო დადვანი 1/1, რევაზ იმნაიშვილი 0/0, ანდრია ბითაძე 1/2, მარკო ელაჩა 2/6, ხვიჩა ჯახაია 3/6, ნიკა შუშიაშვილი 0/4, მარკო ელეზი 2/5, გიორგი მაგრაქველიძე2/5, ფაბიო ბარალდი 0/0, ბორის ვაპენსკი 0/2


დღეს გამართული დანარჩენი შეხვედრები:

საფრანგეთი - კანადა 11-9

½ ფინალი საბერძნეთი -რუსეთი 13-10

½ ფინალი მონტენეგრო - ხორვატია 14-12 (პენალტების სერია)


როგორც ხედავთ, როტერდამში მიმდინარე ტურნირზე, ფინალში ერთმანეთის პირისპირ ის ორი გუნდი, საბერძნეთი და მონტენეგრო წარსდგებიან, რომლებთან დაპირისპირების დროსაც, ჩვენმა წყალბურთელებმა, ბოლომდე იბრძოლეს და სენსაციებთანაც ახლოს იყვნენ. თუმცა, არ გაგვიმართლა. ხვალინდელი ფინალის შედეგის მიუხედავად, ორივე გუნდმა საბერძნეთმაც და მონტენეგრომაც, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება, უკვე ფინალში გასვლით მოიპოვეს. შეხვედრა, თბილისის დროით, 23:00 დაიწყება.





რაც შეეხება, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე საგზურს, მისთვის, ერთმანეთს ხორვატია და რუსეთი, თბილისის დროით, 21:00 დაუპირისპირდებიან.


ახლა ხვალ, 7-8 ადგილებისთვის, ამ ტურნირზე, საქართველოს ნაკრები, მეორედ დავუპირისპირდებით კანადის ეროვნული ნაკრებს. მატჩი, თბილისის დროით, 17:00 დაიწყება.

უკვე ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე, 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს, ნიდერლანდების ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

 

ფოტო: @FINA