საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა
26.11.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი მატჩის გასამართად ბელგრადში, დღეს თბილსის დროით საღამოს 5 საათისკენ ჩავიდა და სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" დაბინავდა. გერმანიიდან დანიშნულების ადგილამდე, დამღლელი 5 საათიანი მგზავრობის მიუხედავად, ილიას ზუროსის ბიჭებმა,  თბილისის დროით 23:00 საათზე „ალეკსანდრ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში" ივარჯიშეს.  

„ჩამოვედით სერბეთში და ვემზადებით მორიგი თამაშისთვის. ჩემთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი, როგორ უყვართ სერბეთში კალათბურთი. ვიცი, რა ძალა აქვს გულშემატკივარსაც. მთელი თამაშის მანძილზე, დარბაზში, ჩვენს მიმართ იქნება დიდი ზეწოლა. ძალიან რთული თამაში გველის, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი თავი კარგად წარმოვაჩინოდ", - ამბობს გოგა ბითაძე, სერბული „ბიმაქსისას" და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი.

საქართველოს კალათბურთელთა გადახალისებული ნაკრები, 27 ნოემბერს, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, კონტინენტის ვიცე-ჩემპიონთან, სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან, მსოფლოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. შეხვდერა 23:00 დაიწყება თბილისის დროით და მისი ტრანსლიაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხით იქნება შესაძლებელი. მანამდე კი, ხვალ, 26 ნოემებრს, ქართველ  კალათბურთელებს 2 ვარჯიში აქვთ დაგეგმილი.

მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა გუშინ, 24 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ქემნიცში გამართა და გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, მხოლოდ მატჩის მიწურულს, 9 ქულით დამარცხდა. ამ თამაშის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს გამართავს ავსტრიაში, ადგილობროვი ნაკრების წინააღმდეგ. აი, ამის შემდეგ კი ჯგუფის ბოლო 3 შეხვედრის ჩატარება ქართველ კალათბურთელებს თბილისში უწევთ . პირველ საშინაო შეხვედრას ჩვენები 2018 წლის 25 თებერვლას გამართავენ თბილისში და ამ მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს შესარჩევის სასტარტო თამაშებში ზუროსს შემდეგი 12 კალათბურთელი ჰყავს გუნდში გამოძახებული:  მანუჩარ მარკოიშვილი (პოზიცია 2/3, სიმაღლე 196, გუნდი „რეჯიო ემილია" (სერია „ა", იტალია),  მაიკლ დიქსონი (2/1, 186, სტრასბური (PRO A, საფრანგეთი),  გოგა ბითაძე (5, 211, „მეგა ბიმაქსი" (სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (4/5, 213, თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი (2, 194, „ოლიმპი"),  რევაზ როგავა (2, 193, „ოლიმპი"), ნიკა დარბაიძე (3/4, 203, „ოლიმპი"), აკაკი დვალიშვილი (5/4, 208, „ქუთაისი"), ბექა ბექაური (4/5, 208, „ქუთაისი"), ლევან ფაცაცია (3/2, 198, „დინამო"),  მიხეილ ბერიშვილი (3/4, 203, „დინამო"),  ანატოლი ბოისა (3/2, 196,  „კაკტუსი").

ამ თამაშების ევროლიგასა და ფიბას შორის ვერშეთანხმების გამო, კლუბებმა სათამაშოდ ვერ გამოუშვეს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ხოლო ტრავმების გამო ნაკრებს ვერ ეხმარებიან გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე.