ვანდალიზმი „დინამო არენაზე“
ვანდალიზმი „დინამო არენაზე“
26.11.2017
ავტორი:

მას შემდეგ, რაც გიორგი ვადაჭკორიამ ქუთაისის „ტოპრედოს" კარში, მიკოლა კოვტალიუკის მოთელვის გამო, 11-მეტრიანი დანიშნა და მთელი ის პერიოდი, რაც ტორპედოელები და მინდორზე ჩაცვენილი სათადარიგო სკამზე მსხდომნი, მსაჯთან აპელირებას ცდილობდნენ, ქუთაისიდან ჩამოსულმა და თბილისში, მათთან „დინამოსა" და თბილისის არმოყვარე „გულშემატკივარმა", სტუმართა გუნდისთვის განკუთვნლი ტრიბუნაზე, სკამები დაგლიჯა და მოედნის მიმართულებით ისროლა. რამდენიმე წამში „დინამო არენის" სარბენი ბილიკი, ნაომარ არენას დაემსგავსა. ტრიბუნიდან მოგლეჯილი სკამების ფრაგმენტები დაეცა სათამაშო მოედანზე, რომელიც მოგვიანებით, ფეხბურთელებმა გაასუფთავეს. საერთო ჯამში, განადგურებულია 200 ინდივიდუალური სკამი, რომელიც 2015 წლის სუპერთასის თამაშისთვის დამონტაჟდა, ტრიბუნა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, 2000-ზე მეტ უელსელ გულშემატკივარს გაუძლო.



ამ ფაქტამდე, პირველ ტაიმში, ამავე ტრიბუნიდან ნასროლი პიროტექნიკის ნაწილი ბურთის მიმწოდებელ 10-12 წლის ბიჭუნებს ასცდა მილიმეტრებში რამდენიმე  დინამოელთა კარის გარშემო, ერთი კი უშუალოდ კარის ბადესთან დაიწვა. ერთი საინტერესო დეტალი - ამ დღეს, დინამო არენაზე ეროვნული ლიგისთვის უჩვეულო, განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, ამოწმებდნენ ყველას. ბუნებრივია, შეამოწმეს ფანებიც, თუმცა, არ მოწმდებიან კლუბები. სწორედ, კლუბის წარმომადგენელმა გადასცა პიროტქენიკით სავსე ჩანთა სტუმარი გუნდის ფანკლუბის წევრებს. ბუნებრივია ისიც, რომ ერთი და 2 პეტარდის შეტანას ვერცერთი სტადიონი გააკონტროლებს. უფრო მეტიც, მაგალითად, სერბეთში მაშხალები „VIP" ზონაშიც კი აინთო, მას შემდეგ, რაც სერბეთმა, საქართველოს კარში მსოფლიოს ფინალის საგზურის მომგებიანი გოლი გაიტანა, მაგრამ...


აქ, საუბარია ფაქტზე, რომელსაც კლუბი უნდა ემიჯნებოდეს, რადგან იმ ჩანთით პეტარდს შეიტან თუ ცივ იარაღს, უბრალოდ მიუღებელია,  „ტორპედოსა" და „დინამოს" დაპირისპირებები ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არის ცნობილი. ბუნებრივია, „დინამო არენის" სათვალთვალო კამერებს, რომლებიც ასევე 2015 წლის უეფას სუპერლიგისთვის დამონტაჟდა დინამო არენაზე, უშუალოდ, მოედნის პერიმეტრზე, ამ ჩანთის გადაცემის ფაქტიც დაფიქსირებული აქვს. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ კამერებიდან ამოღებული მასალების, თამაშის მიმდინარეობისას ფოტო-მასალების, თავად ქუთაისის გულშემატკივართა მიერ, სოცქსელში განთავსებული მასალებისა და მსაჯისა და მატჩის კომისრის მიერ, ოქმებში გაკეთებული ჩანაწერების შესახებ, იმედია, დეტალურად იმსჯელებენ სადისციპლინო კომისიის უახლოეს სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს" ფანებმა, შედარებით მცირე მასშტაბის დებოში მოაწყეს რამდენიმე თვის წინ, ეროვნული ლიგის მიმდინარეობისას თბილისში, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ, მაშინ, მესხი2-ზე მოგლეჯილი სკამები, მათ ნეიტრალური გულშემატკივრის მიმართულებით ისროლეს, იქ, სადაც ისხდნენ ბავშვები და ფეხბურთელების ცოლები. იმ ფაქტის გამო, „ტორპედო" სოლიდური თანხით დაისაჯა, ხოლო გულშემატკივარს, თამაშზე დასწრების უფლება ჩამოერთვა რამდენიმე მატჩით.

 

„საჩემპიონო" მატჩი

29 ჩემპიონატიდან, „ტორპედომ" მე-4-ედ მოახერხა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება. სულ ბოლოს, ქუთაისელებმა ამ ტიტულის მოპოვება 2002-2003 წლებში მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ კლუბი, რომელიც 2017-18 წლების სეზონზე ევროტურნირზე მონაწილეობდა, მიმდინარე ეროვნულ გათამაშებასაც ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობით შეხვდა. ეროვნული ლიგის მთელი გათამაშების მანძილზე, კახა ჩხეტიანის გუნდი სტაბილურად თამაშობდა და ეს ბუნებრივია, გუნდში თავმოყრილი გამოცდილი ფეხბურთელების ხარჯზე ხდებოდა.

სრულიად საპირისპირო ვითარება იყო „დინამო თბილისში", რომელიც 2016 წლის ე.წ. მოკლე ჩემპიონატის დასრულებისთანავე რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან გადინება გაგრძელდა 2017 წელს, მთელი ეროვნული ლიგის მანძიზლე. ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდს 2-3 წამყვანი ფეხბურთელი ტოვებდა. შესაბამისად, კლუბი კი იღებდა, ასე თუ ისე (ქართული რეალობისთვის) სოლიდურ თანხას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გასულის ჩანაცვლება არ ხდებოდა შესაბამისი კვალიფიკაციის მოთამაშეებით, „დინამოს" თავისი რიგების შევსება საფეხბურთო აკადემიიდან მოყვანილი 16-17 წლის მოთამაშეებით უწევდა, სეზონის დასაწყისში დაგროვებული ქულათა რესურსი გუნდმა გაანიავა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატის ბოლო მატჩამდე, „დინამო" გათამაშებაში ლიდეობდა.


ეროვნული ლიგის 36-ე ტურში, „ტორპედო" სრული შემადგენლობით ჩამოვიდა თბილისში. დინამოელთა რიგებს კი ტრავმების გამო 5 ფეხბურთელი აკლდა. ბოლოს წინა ტურში, მიღებული ყვითელი ბარათის გამო კი თამაშის გამოტოვება მოუხდა ლაშა თოთაძეს (აქ, ბევრ თბილისელ გულშემატკივარს, ძალაუნებურად „გაბალას" მომენტი ახსენდება). ფაქტობრივად, გუნდისთვის გადამწყვეტი მატჩი, „დინამომ" ყველაზე საიმედო მცველისა და ორი საყრდენის გარეშე ჩაატარა. თამაში, ძირითადად, ცენტში მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. მთელი მატჩის განმავლობაში, ლამაზი „სეივები" ჰქონდათ დინამოელ სერგეი ლიტოვჩენკოსაც და ქუთაისელ როინ კვასხვაძესაც.

თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. მატჩის შინაარსიდან გამომდინარე, მთელი ამ დაძაბულობის მიუხედავად, სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა, ეროვნული ლიგის რიგით ბოლო მატჩი, მართლაც ფინალის ტოლფასი იხილა. შეხვედრის დასაწყისშივე ტორპედოელ ლევან კუტალიას, შემდეგ კი დინამოელ აკაკი შულაიას ჰქონდათ მომენტები. პირველი ტაიმის ბოლოსკენ, სერგეი ლიტოვჩენკომ 1 წუთში, ჯერ თორნიკე კაპანაძეს დარტმული მოიგერია, შემდგე კი კუტალიას დარტმულს დახვდა ადგილზე.


მეორე ტაიმი შედარებით, უფრო „ჩაკეტიკილი" გამოდგა. გამოცდილი ქუთაისელები ყველანაირად ცდილობდნენ „დინამოსთვის" საკუთარი თამაშის მოხვევას. „დინამომ" ეს ტაიმი მეორე ნომრად გააგრძელა. თბილისელები, ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდნენ აქცენტის გაკეთებას და ამას ფიზიკური მომზადების ხარჯზე (დინამოელთა ასაკიდან გამომდინარე), ფლანგებიდან მშვენივრად ახერხებდნენ. თუმცა, უკვე კარში დარტმამდე საქმე აღარ მიდიოდა. იყო მომენტი, როდესაც  მატჩის 59- ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან, ოთარ კიტეიშვილის დარტმული ასცდა კარს. 66-ე წუთზე ბექა მიქელთაძის დარტმულმა მცირე მანძილით აუარა კარს გვერდი. „დინამომ" ნელ-ნელა თამაშის გათანაბრება კი მოახერხა, თუმცა 70-ე წუთის შემდეგ, საკუთარ საჯარიმოში ძალიან ჩაიწია, ჩაჯდა, ტორპედოელთა ხანგრძლივი შეტევის დროს, ბურთის ამოტანა ვერ მოახერხა და შედეგად, 74-ე წუთზე გოლი გაეპარათ. სწორედ ეს გოლი გამოდგა ტორპედოელთათვის საჩემპიონო. მისი ავტორი კი თორნიკე კაპანაძე გახდა.




ეს იყო გარდამტეხი მომენტი კახა კაჭარავას ახლაგაზრდა გუნდისთვისაც, რომელიც განახევრებული შემადგენლობის გარდა, ბოლო წუთებში, როგორც ჩანს ფსიქოლოგიურადაც „აიჭრა". მიუხედავად ამისა, მატჩის მიწურულს, „დინამოს" ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ჯერ, კიტეიშვილის დარტყმული ასცდა კარს, შემდეგ, ბექა მიქელთაძის დარტმული მოიგერია ფეხით კვასხვაძემ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დინამოელებმა კი გამოიმუშავეს 11- მეტრიანი, თუმცა 1 ნოემბრის სათასო მატჩის მსგავსად, პენალტი, დრამატული გამოდგა თბილისელთათვის. გამოცდილმა როინ კვასხვაძემ, კიტეიშვილის დარტმულ პენალტს ფეხი „დაუტოვა"... ფრე კი „დინამოს" ხდიდა ჩემპიონს.

 ქუთაისის „ტორპედო", 2017 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა და პრიზად გათამაშების ახალი თასი, „ფარი" აიფარა.  ფარის მფლობელებს, ახლა მის ქვეშ ბრძოლა 2 დეკემბერს, გორში მოუწევთ, დავით ყიფიანის თასის ფინალში, სადაც საჩხერის „ჩიხურას" შეხვდებიან.



ფარი

საქართველოს ჩემპიონატის ფორმატის შეცვლასთან ერთად, შეიცვალა გათამაშების მთავარი პრიზიც. თასი ფარმა ჩაანაცვლა. როგორც ჩანს, ღვინის ქვეყანაში მიხვდნენ, რომ იმას რაც გაბადია, „დაცვა" სჭირდება. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და ჩემპიონის ფარი, რომელიც 2017 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგის გამარჯვებულს გადაეცემა, საკმაოდ დახვეწილი დიზაინითაა შესრულებულო.

ფარის დიზაინზე კომპანია Kollektiv-ი მუშაობდა. ჩემპიონის ფარი - ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ისტორიულად, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევის ფაზაშიც იგივე წარმატებით გამოიყენებოდა, ამ ფუნქციური ბალანსით ის კარგად ჰგავს ფეხბურთს და ზოგადად გუნდური შეჯიბრების ხასიათსო, ასე განმარტავენ პრიზის იდეას ავტორები.


ეროვნული ლიგის ჯილდოზე იუველირმა გოგა ელბაქიძემ იმუშავა. ფარი თეთრ ოქროშია ამოვლებული, 55 სმ დიამეტრისაა და 10 კგ იწონის. ჩემპიონის ფარზე ხევსურული ორნამენტების გარდა,  გამოსახულია 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი კლუბი სეზონების მიხედვით.


ტურის სხვა თამაშები

ეროვნული ლიგის 36-ე ტურის სხვა თამაშები კი ასე დასრულდა:

25 ნოემბერი, „სამტრედია" - „დილა" 2-2

26 ნოემბერი: „დინამო" ბათუმი - „კოლხეთი 1913" 1-2

 „ჩიხურა" - „ლოკომოტივი" 1-0

 „შუქურა" - „საბურთალო" 1-2

ამრიგად, ქობულეთის „შუქურამ" ეროვნული ლიგიდან ქვედა ლიგაში ჩაინაცვლა. ფოთის „კოლხეთი 1913"-მა კი ბათუმის „დინამოსთან" ერთად, გადათამაშების ზონაში მოხვედრა მოახერხა და ახლა, „ფლეი-აუთის" თამაშებს დაელოებიან, რომელშიც „დინამო" ბთ, ბოლნისის „სიონს" შეხვდება, „კოლხეთი 1913" კი მარტვილის „მერანს". „შუქურას"  ნაცვლად კი ეროვნულ ლიგაში, ადგილი უკვე განაღდებული აქვს რუსთავის „რუსთავს". გადათამაშება 30 ნოემბერს გაიმართება.

აქვე, გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშების ბომბარდირი, 25 გატანილი გოლით, თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი, ირაკლი სიხარულიძე გახდა.