თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს
თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს
23.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თებერვლის მიწურულსა და მარტის დასაწყისში, ბაკურიანი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) რამდენიმე ტურნირს უმასპინძლებს.  ეს იქნება სატესტო ტურნირები, რომელსაც ბაკურიანი, მსოფლიოს 2023 წლის თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალის ჩემპიონატამდე ჩაატარებს. მნიშნელოვანია, რომ 2021 წლის ტურნირები ბაკურიანში, FIS-ის მიერ შემუშავებული COVID  პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.


27 და 28 თებერვალს, აქ, სქი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი, შერეულ  გუნდურ ასპარეზობას, მსოფლიო თასის ფარგლებში, პირველად მასპინძლობს. აღნიშნულ დისციპლინაში, თითოეული გუნდი ორი სპორტსმენისგან შედგება და თითო ქვეყნის ნაკრები 1 ქალი და 1  მამაკაცი სპორტსმენისგან იქნება დაკომპლექტებული.  გუნდური ასპარეზობა FIS-ის კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალს არის დაგეგმილი.


მანამდე, 27 თებერვალს კი, ძალებს,  ინდივიდუალურ დისციპლინაში სცდიან სპორტსმენები.  ამ დროისათვის, ბაკურიანის ეტაპზე,  9 ქვეყნის  51 სპორტსმენია  (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ა.შ.შ.) დარეგისტრირებული.


ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით  3,4 და 5 მარტს სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპიც გაიმართება.


წლევანდელი შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება და  საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს სქი-ქროსის სახეობის რეის-დირექტორი ავსტრიელი კლაუს ვალდნერი და სნოუბორდის სახეობის რეის-დირექტორი გერმანელი უვე ბაიერი. საშეჯიბრო ტრასა კი, FIS-ის რეკომენდირებულმა მშენებლებმა ტომას ბესსე-გირლანდომ და ნიკოლას ვაუდრომა მოამზადეს.


შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი  კომპანია „სილქნეტია".


და ბოლოს, მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება თუნდაც, იმის გამოა, მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ  მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის მიმართულებით. შესაბამისად, 2023 წლამდე, ბაკურიანში სხვადასხვა დისციპლინებში, მსოფლიო თასის ეტაპების, სატესტო რეჟიმში კვლავ გაიმართება.



საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტო