რინერი თბილისში ჩამოდის
რინერი თბილისში ჩამოდის
23.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთი წლის შემდეგ, ტედი რინერი თბილისში ჩამოსასვლელად კვლავ მზადაა. IJF-ის ოფიციალურ გვერდზე, თბილისის გრანდ სლემის ტურნირზე დარეგისტრირებულ ძიუდოისტებს შორის მისი სახელიც გამოჩნდა. ცნობილი ფრანგი, 2020 წელსაც აპირებდა თბილისის ტურნირზე საასპარეზოდ ჩამოსვლას, თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ტურნირი გაუქმდა.


2021 წელს, დოჰაში დაწყებული გრანდ სლემების სერიიდან, თბილისური ტურნირი ერთ-ერთი ბოლოა, მესამე 2021 წლის გრანდ სლემის სერიიდან, რომლის შემდეგაც, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე, რჩება ანტალიისა და პარიზის გრანდ სლემები და მსოფლიოს ჩემპიონატი. შესაბამისად, ტედი რინერსაც და სხვა სპორტსმენებსაც ოლიმპიური ლიცენზიისთვის ქულების დასაგროვებლად მსგავს ტურნირებში მონაწილეობა სჭირდებათ.


თბილისის გრანდ სლემზე, რომელიც 26-28 მარტს გაიმართება, -60კგ წონით კატეგორიაში, საფრანგეთის სახელით იასპარეზებს ლუკა მხეიძე. ხოლო ქალთა შეჯიბრში საფრანგეთი 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.


კონკრეტული მომენტისთვის, თბილისის გრანდ სლემზე, 5 კონტინენტის, 34 ქვეყნის, 144 სპორტსმენია დარეგისტრირებული. თუმცა, ეს რიცხვი, უშუალოდ, ტურნირის მოახლოებასთან ერთად შეიცვლება.


ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს თბილისის გრანდ სლემზე. ამ მომენტისთვის IJF-ის ვებ-გვერდზე ქართველთა განაცხადი, მხოლოდ ტაშკენტის გრანდ სლემისთვის არის გაკეთებული. ამ მომენტისთვის, ტურნირზე, რომელიც 5-9 მარტს გაიმართება, 11 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.



ფოტო: @IJF / Mayorova Marina