სერბეთი - საქართველოს მატჩამდე 4 საათზე ცოტა დრო რჩება
სერბეთი - საქართველოს მატჩამდე 4 საათზე ცოტა დრო რჩება
27.11.2017
ავტორი:

თბილისის დროით 23:00 საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, გუნდს, მოქმედ ვიცე-ჩემპიონს სერბეთს დაუპირისპირდება. მატჩი, ბელგრადში,„ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის" დარბაზში ჩატარდება.

კალათბურთის გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ  2012 და 2017 წლებში სერბეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ მატჩებში გადაიკვეთენ. მაშინ, ორივე ამხანაგური შეხვედრა ქართველებმა მოიგეს. თუმცა, დღემდე, ოფიციალურ დონეზე, გუნდები არ შეხვედრილან.

„ის, რომ სერბეთთან გვაქვს, ამხანაგური თამაშები ჩატარებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელი მატჩი, არის სერბეთთან პირველი ოფიციალური შეხვედრა და რა თქმა უნდა, ადვილი თამაში არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ ევროლიგისა და NBA-ს ბევრი მოთამაშე, მაინც, ძალიან კარგი გუნდია,  კარგი შემადგენლობით და თამაშობს სახლში. ბუნებრივია, გარკვეულწილად, ფავორიტებადაც ითვლებიან, თუმცა, ჩვენ შეძლებისდაგვარად, დავამუშავეთ ტაქტიკა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ დაცვაში და ეს იქნება, დამოკიდებული ჩვენზე, თუ როგორ შევასრულბეთ მწვრთნელის მითითებებს. განსაკუთრებით, მაღლებთან და მსროლელებთან მიმართებაში. თავდასხმაში კი, უნდა ვეცადოთ, რომ მეტი თავისუფალი სროლები შევუქმნათ ერთმანეთს, კარგად გამოვიყენოთ სიტუაციები, სადაც მოგვცემენ შანსს, რომ ბურთი ვესროლოთ", - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.

საერთო ჯამში, ნაკრებმა სერბეთში 4ჯერ ივარჯიშა.  ილიას ზუროსმა, ძირითადად კომბინაციებზე გაამახვილა ყურადღება. სამწვრთნელო შტაბმა დიდი სამუშაო გასწია მეტოქე გუნდის სკაუტინგის თვალსაზრისით და თეორიულად ქართველები მზად არიან სერბებთან საბრძოლველად.

„ყველამ იცის, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, სერბეთს. მაქსიმალურად გადართული ვართ დაცვაზე. ჩვენი უპირატესობა ესაა. შანსი ყოველთვის არის, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისთვის. გუნდი უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე ადრე. ორ კვირაა, თითქმის ერთად ვართ. თუმცა, მიმაჩნია, რომ მოსამზადებლად,მაინც, ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ესეც დროებითი პროცესია და დარწმუნებულ ვარ, თებერვალში, როდესაც ავსტრიასთან გვიწევს თამაში, გუნდი უფრო უკეთეს ფორმაში იქნება. იცით, რომ ნაკრებში თითქმის სულ ახალი მოთამაშეები არიან, ახალგაზრდები, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია", - ამბობს ნიკა ცქიტიშვილი.

მსოფლიოს შესარჩევის სასტარტო თამაშებში ზუროსს შემდეგი 12 კალათბურთელი ჰყავს გუნდში გამოძახებული:  მანუჩარ მარკოიშვილი (პოზიცია 2/3, სიმაღლე 196, გუნდი „რეჯიო ემილია" (სერია „ა", იტალია),  მაიკლ დიქსონი (2/1, 186, სტრასბური (PRO A, საფრანგეთი),  გოგა ბითაძე (5, 211, „მეგა ბიმაქსი" (სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (4/5, 213, თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი (2, 194, „ოლიმპი"),  რევაზ როგავა (2, 193, „ოლიმპი"), ნიკა დარბაიძე (3/4, 203, „ოლიმპი"), აკაკი დვალიშვილი (5/4, 208, „ქუთაისი"), ბექა ბექაური (4/5, 208, „ქუთაისი"), ლევან ფაცაცია (3/2, 198, „დინამო"),  მიხეილ ბერიშვილი (3/4, 203, „დინამო"),  ანატოლი ბოისა (3/2, 196,  „კაკტუსი").

აღსანიშნავია, რომ სერბეთიცა და საქართველოც დღეს დანაკლისებით თამაშობენ. ფიბასა და ევროლიგას შორის „ცივი ომის" გამო, თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრებს ევროლიგის მოთამაშე კალათბურთელების გარეშე უწევს თამაში. ბელგრადში, დღევანდელ შეხვედრამდე, „ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში", ვარჯიშებს შორის შეხვედრისას, ილიას ზუროსმა და სერბთა მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯორჯევიჩმა, სწორედ ამ მტკივნეულ თემაზე ისაუბრეს, რომელიც ფაქტობრივად ნბა-სა და ევროლიგის მოთამაშეების გარეშე ტოვებს ნაკრებებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სერბეთი - საქართვეელოს შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთვაზებთ.