"რუსთავი" ერთპიროვნული ლიდერია
"რუსთავი" ერთპიროვნული ლიდერია
27.02.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია


პარასკევს დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 5 შეხვედრიდან პირველი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის აუტსაიდერი მგზავრები და ბათუმი შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ მგზავრებს მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები - 3 მოგება აქვს და ყოველი მატჩი ამ გუნდისთვის ოქროდ ფასობს.


მგზავრებმა დიდი მონდომებით დაიწყეს თამაში და სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ ჯერ თამაში გაათანაბრეს, პირველი პერიოდის ბოლოს წინაც გავიდნენ - 21:20. მეორე პერიოდში ბერიშვილის გუნდი ისე ათამაშდა, 17-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა. ჯეიდენ ფრედერიკის ორქულიანის შემდეგ მგზავრები 41:24 დაწინაურდნენ, რაც გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გახლდათ. 


ზღვისპირელთა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო და თავისიანებს დარიგებები მისცა, რასაც ბათუმელები ზუსტად მისდევდნენ და შედეგად ჩამორჩენის შემცირება იწყეს. მეორე პერიოდის დარჩენილ დროში სწრაფი შეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით აჭარულმა კლუბმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.


მესამე პერიოდში ბათუმელებმა გაილაღეს და ჯერ ჩამორჩენა ბოლომდე გააბათილეს, შემდეგ წინაც გავიდნენ. მესამე პერიოდის 21:10 მოგების შემდეგ სტუმრები გალიდერდნენ და თამაშის დარჩენილი დრო ისე ჩაამთავრეს, მეტოქე ახლოს არ გაიკარეს. საბოლოოდ ბათუმმა 75:64 (სტატისტიკა) იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. 


აჭარელებს 13 ქულით, 15 მოხსნითა და 8 პასით ნიკოლა ვუიოვიჩმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი ანტუან ჯონსონმა მიითვალა, ბექა ბექაურის ანგარიშზე 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 18 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე, 17 ქულა და 9 მოხსნა ტეილორ ედვეიმ მიითვალა.


***



სუპერლიგის მორიგი მატჩი თსუ-სა და "ქუთაისს" შორის გაიმართა და მოლოდინიც სრულად გაამართლა - ეს იყო დაძაბული შევედრა, რომელსაც ტრადიციულად არც ამჯერად აკლდა ემოციები, თუმცა ბოლო წუთებში ბრძოლა შეწყდა. გამარჯვება "ქუთაისს" დარჩა, რომელმაც საკვანძო მომენტებში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ბოლო პერიოდში მეტოქე გატეხა და 83:68 (სტატისტიკა) იმარჯვა. კოტე ტუღუშის გუნდმა ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოგების გემო გაიხსენა.


ლექსო ლაფანაშვილმა დამწყები ხუთეული გადაახალისა. სასტარტოში თამაში სათადარიგო კალათბურთელებმა - ლორთქიფანიძემ, პულუზაშვილმა და რევაზაშვილმა დაიწყეს. მოედანზე იყო ძირითადი ხუთეულის ორი წევრი - ლობჟანიძე და ჭოჭუა. ჩანაფიქრმა გაამართლა, უნივერსიტეტელე


ბმა პირველი მეოთხედი 24:22 მოიგეს. პულუზაშვილი 6 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქუთაისელთა ცენტრ აკაკი დვალიშვილს მან სამწამიანში რამდენჯერმე აჯობა.   პირველი პერიოდის მეორე ნახევრიდან, მოედანზე ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები ეტაპობრივად დაბრუნდნენ, თუმცა ამის მიუხედავად "ქუთაისმა" წინ გაჭრა და ტაიმის მოგება მაინც მოახერხა - 40:38. მესამე პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. თსუ-ელები "ქუთაისს" გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. ამჯერადაც, გამორჩეული იყო მძიმე ფორვარდი ქუენტინ დავი, რომელიც თავის პოზიციაზე, სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. შედეგიანი ათწუთეული ჩაატარა ნაკრებიდან მობრუნებულმა საბა ლობჯანიძემ. 58:56 - ასე მოიგო "ქუთაისმა" ათწუთეული.  


ბოლო პერიოდი ბრაის სმიტის ჩატენვით დაიწყო - მაიზერ რევაზაშვილმა მეტოქს ფარზე ურთულესი ბურთი მოხსნა და თანაგუნდელი ფართან მარტო დატოვა. ქუთაისელებმა ეტაპობრივად სხვაობის გაზრდა დაიწყეს, რასაც ბრენდონ სლაის ელემენტარული შეცდომა მოჰყვა - თსუ-ს გამთამაშებელი ბუთის შემოტანისას შეცდა. ლექსო ლაფანაშვილმა ის ლუკა ზაქრაძით შეცვალა და მოედანზე აღარც დაუბრუნებია.  შეხვედრის ბოლო წუთებმა აზრი დაკარგა, რადგან ქუთაისელები დამაჯერებლად იგებდნენ და უნივერსიტეტელებს, მათი თამაშის მანერიდან გამომდინარე, თამაშის შემობრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.   


გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო კაჰიმ რენსომი. აკაკი დვალიშვილმა 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ილია ლონდარიძის ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო ქუენტინ დავი. საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 114 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.


***




მე-13 ტურის ბოლო მატჩში პრინციპული მეტოქეები - ტიტები და ვერა შეხვდნენ. ეს გუნდები ცხრილის ქვედა ნახევარში გვერდიგვერდ არიან და საიმისოდ იბრძვიან, რომ გასავარდნ ზონას დაშორდნენ.


ვერელებს სტაბილურობა როგორც შედეგებში, ისე შემადგენლობაში აკლიათ. გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მოთამაშე და მწვრთნელი შეცვალა. ვერას მიმდინარე სეზონში უკვე მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ირაკლი ხოშტარიას შემდეგ თბილისური გუნდი ლევან ფაცაციასაც დაშორდა და ტიტებთან დღევანდელ მატჩში ვერელთა მთავარი მწვრთნელი კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით გასიტაშვილი გახლდათ.


ცალკე თემაა მოთამაშეები, რომლებიც ვერელებმა შეცვალეს. ასეა თუ ისე, ამ გუნდს არ აკლია ბრძოლისუნარიანობა და დღეს, გაცილებით სტაბილური შემადგენლობის მყოლსა და მეტი გამარჯვების მქონე ტიტებს დამაჯერებლადა სძლია. ეს უფრო ჰგავდა ერთი კაცის შოუს. ვერელთა ამერიკელი ლეგიონერი, ბრაისონ სკოტი სუპერლიგის ყველაზე არაორდინალური მექულია. მას ბურთის ჩაგდება ნებისმიერი ვითარებიდან შეუძლია და მეტოქის ფარს გამუდმებით უტევს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სროლა-შეტევათა უმეტესობას სკოტი წარმატებით აგვირგვინებს. დღეს მან ტიტებს თამაშიდან განხორციელებული 19 სროლიდან 15 ჩაუგდო (13-15 ორქულიანი, 2-4 ორიანი). ამას 4-დან 2 საჯარიმოც დავამატოთ და ბრაისონმა ჯამში 34 ქულა მოინაგრა, რაც სრულებით საკმარისი აღმოჩნდა ტიტების გასატეხად.


მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ ტიტებს კი ტრავმის გამო მთავარი გამთამაშებელი, ჯორდონ თალი აკლდა. მის არყოფნაში ვერ გაილაღა მეორე ამერიკელმა ბომბარდირმა ტაილან ბირტსმა. ტიტებმა ერთადერთი - მესამე პერიოდი მოიგო, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა. ვერელებმა განსაკუთრებით მეორე პერიოდში გაილაღეს, როცა ათწუთეული 20:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ზემოთნახსენები მესამე პერიოდში ტიტებმა მხოლოდ 3 ქულა გაუბათილეს ეშხიანად მებრძოლ ვერელებს და ბოლო მეოთხედს 17-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ.


ეს სხვაობა გაბათილებას ექვემდებარება, მაგრამ არა ისეთი სცენარით მიმდინარე თამაშში, როგორიც ჩვენს მიერ მიმოხილული ტიტები-ვერაა. სწრაფი და შეტევაში აგრესიული თამაშით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა კიდევ უფრო გაიმყარეს ლიდერობა და თამაშის ბოლოს 29-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს - 80:51 (სტატისტიკა).  ბრაისონ სკოტს ნახსენები 34 ქულის შესაგროვებლად არასრული 26 წუთი დასჭირდა. მის შეტევებს უმეტეს შემთხვევაში ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი - გივი ბაქრაძე დირიჟორობდა, რომელმაც 13 შედეგიანი გადაცემა (7 ქულასთან ერთად) მიითვალა. 12 ქულით გამოირჩა ლუკა მაზიაშვილი. რაც შეეხება ტიტებს, გუნდის ბომბარდირობა 12-12 ქულით დავით ლომიძემ და პრინს უილიამსმა გაიყვეს. საერთო სარგებლიანობით ყველა თანაგუნდელს ბრენდან აუგბორნსმა აჯობა - 11 ქულა, 5 მოხსნა.