„თელავმა“ და „დილამ“ პირველი მატჩები მოიგეს
„თელავმა“ და „დილამ“ პირველი მატჩები მოიგეს
28.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ტურის ორი შეხვედრა დღეს, გორსა და რუსთავში გაიმართა.


რუსთავში, „თელავმა", „სამტრედიას" უმასპინძლა. მატჩი, რომელიც სფფ-ს ტექნიკური ცენტრის   მოედანზე გაიმართა, როგორც მატჩის შემდეგ, სამტრედიელთა მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იტყვის, კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა. თელაველები, რომლებიც ამ მატჩში ნომინალური მასპინძლები იყვნენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში აქტიურობდნენ და საერთო ჯამში, როგორც შედეგი იყო კანონზომიერი, პირველი ტაიმის ანგარიშიც ლოგიკური იყო. პირველი ტიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თელაველთა ახალწვეულმა შოთა შეყილაძემ, საკუთარი საჯარიმოდან ვაჟა ფაცაციას გადაცემა მიიღო, მეტოქის თითქმის მთელი მოედანი გადაჭრა  და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ანგარიშიც გახსნა და ახალი გუნდის შემადგენლობაში, სადებიუტო გოლიც ჩაიწერა.


„შეფასება, ცალსახად უარყოფითია, იმიტომ, რომ წავაგეთ. „თელავი" ძალიან კარგი გუნდია. ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ საქართველოში. შეთამაშებულები არიან და პირველ ტაიმში მართლა გვაჯობეს. ფრე, რომ დამთავრებულიყო ბედნიერი ვიქნებოდიო", - ამბობს გია ცეცაძე მატჩის დასრულების შემდეგ. აქვე სამტრედიელთა მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ გუნდს შესათამაშებლად ცოტა დრო ჰქონდა და რამდენიმე ტურის შემდეგ, მისი გუნდი, ამ ხარვეზის გამოსწორებას შეეცდება.  


იმერულ გუნდს, 62-ე წუთზე, ჰქონდა, ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა,
„სამტრედიელებმა" ეს შანსი გაანიავეს.  მატჩი, 1-0, „თელავის" გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდებიდან, „სამტრედია", ყველაზე გვიან შეკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.


***


იდენტური ანგარიშით, 1-0 დასრულდა შეხვედრა გორშიც.  „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე", „დილასა" და ძლიერთა შორის დაბრუნებულ „შუქურას" შორის დაპირისპირებაში, იყო ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი  10, ერთი გაძევება და ერთად-ერთი გოლი, რომელიც შეხვედრის მე-14 წუთზე, „დინამო თბილისიდან", გორის „დილაში" გადაბარგებულმა თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.


„ელვამ", „შუქურას" საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო გადაცემა და დაარტყა. კარის სიახლოვეს კი, ძლიერა ქარმა, ბურთს ოდნავ შეუცვალა მიმართულება ანგარიში გაიხსნა.


„შუქურას", რომელიც კონტრშეტევებზე ცდილობდა გორელთა დაჭერას, მეორე ტაიმში, მიშიკო სარდალიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ, ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა, ლუკა გუგეშაშვილისთვის, ამ ბურთის აღება არ ყოფილა პრობლემა. „დილამ", 1-0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში, ბათუმის „დინამოსთან" და „თელავთან" ერთად, პირველ სამ ადგილს იყოფს.


***


ხვალ, ამ ტურის ბოლო მატჩი გაიმართება, თბილისში, მიხეილ მესხის ცენტრალურ მინდორზე, ლევან კორღალიძის „საბურთალო", გიორგი ჭიაბრიშვილის „ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. მატჩი, 19:00 საათზე დაიწყება.


სატურნირო ცხრილი


სკ „თელავის" ფოტო