წლის პირველი თბილისური დერბი, „საბურთალომ“ მოიგო
წლის პირველი თბილისური დერბი, „საბურთალომ“ მოიგო
01.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის პირველი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, ერთბაშად, ოთხ გუნდს, 3-3 ქულა აქვს და გათამაშებას ლიდერობს. გატანილი ბურთების ხარჯზე კი, ჯერ-ჯერობით, პირველ ადგილზე „საბურთალოა". ლევან კორღალიძის გუნდმა, დღეს, თბილისურ დერბიში, გიორგი ჭიაბრიშვილის „ლოკომოტივი" მშრალი ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.


საბურთალოელებმა, პირველი გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანეს. 38-ე წუთზე, „ლოკომოტივის" კართან ჩაწოდებული მორიგი კუთხურის შემდეგ, 2020 წლის სეზონის საუკეთესო მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საჯარიმოში არეულობა, კარის მიმართულებით, ასხლეტით წასული ბურთით დასრულდა და მამარდაშვილმაც, რეაგირება ვეღარ მოასწრო. გოლი კი, „საბურთალოს" დებიუტანტმა, ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ გაიტანა. 




სხვათა შორის, საბურთალოელების მეორე გოლშიც, დიდი წვლილი კლუბის ახალწვეულზე მოდის. 90-ე წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილმა, აკაკი შულაიას ზუსტი გადაცემის შემდეგ გაიტანა გოლი. შულაიამ, საკუთარი საჯარიმოდან, მოპირდაპირე ფლანგზე კარგად შენიშნა გოჩოლეიშვილი, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიცილა და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილს, გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.


მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, „საბურთალომ" მოიგო, არც მას შეუქმნია ბევრი სახიფათო მომენტი „ლოკომოტივის" კართან და არც, „ლოკოს" შეუწუხებია დიდად, საბურთალოელთა კარის მცველი, ოთო გოშაძე. ბუნებრივია, პირველ ტურში გუნდები, რეალურად მხოლოდ მოითელენ, თუმცა,  აშკარაა, რომ ისევე, როგორც ელიგის მონაწილე სხვა გუნდებს, დღევანდელ მეტოქეთა მწვრთნელებსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაშალაშინებელი.




2021 წლის პირველი თბილისური დერბი კი, ორივე გუნდის წარმომადგენლებისთვის სასიამოვნოდ დაიწყო. სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს.  მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. სწორედ ამიტომ, გამარჯვებულებს პრიზები ახალი სეზონის წინ გადაეცათ.


- 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი)




- 2020 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები): გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)




- 2020 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი (ნომინანტები): ბექა დარცმელია (ლოკომოტივი)




- 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი)




- 2020 წლის ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი - თომა ტაბატაძე (რუსთავი - 13 გოლი)




ახალი საფეხბურთო სეზონის მორიგი, მეორე ტური კი, 5 და 6  მარტს გაიმართება.


დღევანდელი მატჩის ფოტო-რეპორტაჟი