
გორი და ბათუმი იქნება ის, ორი ქალაქი, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ამხანაგური თამაშების მასპინძელი იქნება. რამაზ სვანაძის გუნდი, მარტის ბოლოსთვის შეიკრიბება და 29 მარტს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
„დიდი პატივია, რომ ვართ მასპინძელი ქვეყანა რუმინეთთან ერთად, 21-ის ევროპის ჩემპიონატის. ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ მონაწილეობა. ჩვენი მიზანი არის წარმატებული მონაწილეობა. ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანი არის სპარინგები, გუნდის მომზადება, კარგად მომზადება, რადგან ჩვენი ნაკრები არ მონაწილეობს შესარჩევ ეტაპებში და პირდაპირ ითამაშებს ფინალურ ეტაპს. ეს დრო კარგად უნდა გამოვიყენოთ და ნაკრებს, რაც შეიძლება ბევრი თამაში უნდა ჰქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაშები ძლიერ მეტოქეებთან გვქონდეს, რადგან ფინალურ ეტაპზე საუკეთესო გუნდები ითამაშებენ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
რამაზ სვანაძე, რომელიც ოფიციალურად 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა და 2020 წელს, ეროვნული ნაკრების თავკაცობაც მოასწრო, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში, ქართული საფეხბურთო კლუბების თითქმის ყველა საწვრთნელ სპარინგს დაესწრო, ახლა კი განახლებული ეროვნული ლიგის მატჩებსაც ესწრება. არაა გამორიცხული, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ბევრი ახალი სახე ამოჩნდეს.

მანამდე კი, სფფ-ს ახალ პორტალზე, nakrebi.ge ფედერაციამ რამაზ სვანაძის გუნდის მომავალი სამი თამაშის შესახებ, უკვე ოფიციალურად დააანონსა.
29 მარტი / საქართველო U21 - ბელარუსი U21 / გორი, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
7 სექტემბერი / რუმინეთი U21 - საქართველო U21 / რუმინეთი
16 ნოემბერი / საქართველო U21 - ინგლისი U21 / ბათუმი, ახალი სტადიონი
საინტერესოა, რომ ბათუმში, დიდი ალბათობით, ინგლისის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ცნობად სახეებთან ერთად, დიდი ალბათობით, ჩამოვა ორი ფეხბურთელი, რომლებმაც საქართველოში გამართულ უეფა-ს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატში უკვე მიიღეს მონაწილეობა. საუბარია ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები მეკარეზე აარონ რამსდალი და რაიან სესენიონი, რომლებიც 2017 წელს, საქართველოში ჩატარებული ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის დასახელდნენ.

კიდევ ერთი სპარინგი, რომელიც ჯერ არ არის შეტანილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სათამაშო კალენდარში არის ოქტომბრის მატჩი, რომელიც სფფ-ს ვარაუდით ოქტომბერში, თურქეთში ჩატარდება.
რიგით 24-ე ევროპი ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებს. მანამდე კი, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები, ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.





ჩვენ








