ეს არის ის, რაც შენ მოთამაშეებს უნდა უთხრა: აი, თამაში ასე უნდა!
ეს არის ის, რაც შენ მოთამაშეებს უნდა უთხრა: აი, თამაში ასე უნდა!
04.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


სერბი სპეციალისტის, დეიან სტანოიევიჩის ძალისხმევით, „დინამო თბილისი" ნელ-ნელა ახერხებს, რომ ქართული კლუბის წყალბურთელებმა საკუთარი თავის ირწმუნონ. სტანოიევიჩი, რომელიც ამავდროულად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც არის, ბევრს საუბრობს ქართველ სპორტსმენთა სათამაშო დისციპლინაზე, რომელიც თუ შედეგი გვინდა აუცილებლად ეს რგოლი გამოსასწორებელია. დღეს, „ბრეშასთან" დასრულებული თამაშის შემდეგ, სერბი იტყვის, რომ მისი, როგორც მწვრთნელის საქმეა, იყოს გუნდში მოტივატორი, მისი მოთამაშეების კი, მომდევნო მატჩების, როგორც ახალი შანსის რაკურსში განხილვა, საკუთარი ძალების რწმენა და დამტკიცება, რომ მათ ეს შეუძლიათ.


„ასეთ მომენტში, უფრო მეტად პედაგოგი და ფსიქოლოგი ვარ, ვიდრე მწვრთნელი. რეალურად ჩემმა  მოთამაშეებმა უნდა შეიგნონ, მსოფლიოში მხოლოდ სპორტსმენთა გარკვეული ნაწილი არიან პროფესიონალები. კიდევ, უნდა გაიგონ ის, რომ წაგებული თამაშის შემდეგ, ძალიან უხასიათოდ კი არ იყვნენ, არამედ დაიწყონ ფიქრი, ხვალინდელ თამაშზე. ხვალ, ახალი შანსი გაქვს. ეს არის სხვაობა სპორტსმენსა და პროფესიონალ სპორტსმენს შორის. მაგალითად პირველი თამაშის შემდეგ, ისეთ ცუდ ხასიათზე და შოკირებულებიც კი იყვნენ, რომ თითქოს რაღაც ძალიან საშინელება მოხდა. მე შევეცადე ცოტათი შემეცვალა მათი ეს დამოკიდებულება. მე ვუთხარი, რომ ტურნირის მერე ჩვენ გვექნება ამაზე ლაპარაკის დრო, მაგრამ ახლა, მოდით, მომდევნო თამაშზე ვიფიქროთ. ჩემი საქმეა მათ მივცე მოტივაცია, მათი საქმეა,  „კარგი, ხვალ ახალი შანისა და მოდი ვცადოთ და დავამტკიცო", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, მატჩის დასრულების შემდეგ.


ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში, იტალიურ „ბრეშასთან", საქართველოს ნაკრების სათამაშო ხარისხი, წინა, ორ მატჩთან შედარებით, გაუმჯობესებული იყო. ამაზე, მხოლოდ პირველ 2 პერიოდში გატანილი 4 გოლი არ მეტყველებს. მიუხედავად, იმისა, რომ „ბრეშამ" ჩვენს კარში 9 გოლი გაიტანა, „დინამო თბილისმა" დაცვაში რამდენიმე კარგი თამაშის ხარჯზე, საკუთარი კარი წარმატებულად დაიცვა. ამას გარდა, უფრო თავდაჯერებული ჩანდა ქართველთა გუნდის მეკარეც ირაკლი რაზმაძე. სამწუხაროდ, დინამოელებმა ჯერ ისევ ვერ მოახერხეს, რიცხობრივი უპირატესობის, რამდენიმე მომენტში ორმაგისაც კი, გოლად გარდასახვა. თუმცა, სტანოიევიჩს, მიაჩნია, რომ თუ ქართველი სპორტსმენები ისწავლიან სპორტსმენისა და პროფესიონალი სპორტსმენის გარჩევას, დროთა განმავლობაში, ესეც მოვა.


„თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი თამაში იყო, შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორც მოძრაობდნენ „ბრეშას" მოთამაშეები, ფარავდნენ სივრცეებს. მე არ ვლაპარაკობ ცურვის შესახებ, მსგავსი სახის პრობლემა, შესაძლოა ყველა გუნდს ჰქონდეს. მე ლაპარაკი მაქვს, თუ როგორ ითვისებდა სივრცეებს „ბრეშა", როგორ მოძრაობდა, როგორ თამაშობდა დაცვაში. ეს არის ის, რაც შენ მოთამაშეებს უნდა უთხრა, რომ აი, თამაში ასე უნდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არა თუ უნდა ვმონაწილეობდეთ მსგავს ტურნირში არამედ, მერეც, მჯერა, რომ იმ მოთამაშეებმა, რომლებმაც დღეს ითამაშეს, ამ მატჩიდან აიღებენ რაღაცას, ივარჯიშებენ, რომ განვითარების სხვა ეტაპზე ავიდნენ", - ამბობს სტანოიევიჩი.


დღეს კი, იტალიურმა კლუბმა მატჩის ბედი, პირველივე პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც ანგარიშში 4-1 დაწინაურდა. საბოლოოდ კი, შეხვედრა 14-6 (4-1, 5-3, 2-0, 3-2) დასრულდა. დინამოელთაგან გოლები გაიტანეს ანდრია ბითაძე, ორი მარკო ელაჩამ, თითო-თითო გიორგი მესხმა, დუშან ვასიჩმა და ბორის ვაპენსკიმ.


ხვალ, 5 მარტს, 17:00 საათზე, „დინამო თბილისი", უნგრული „ბაბლის" ბოლო, მეოთხე მატჩს ესპანური „ბარსელონეტას" წინააღმდეგ გამართავს.