გეგმა - გამარჯვებისთვის ბრძოლა
გეგმა - გამარჯვებისთვის ბრძოლა
04.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირება 5 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ამ და უახლოეს მატჩებში, სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ტრავმების გამო „ევრო 2022"-ის შესარჩევ მატჩებში სიმი საიოტი, შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე ვერ ითამაშებენ.


მათ გარეშე, კი ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ხვალინდელი მატჩის წინ, ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელიც მედიისთვისაც ღია იყო.


„საბედნიეროდ, გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმირებულებს ჩავანაცვლებთ. ჩვეულებრივ, გეგმის მიხედვით ვვარჯიშობთ. ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი თამაში გვიწევს. ისიც გათავისებული გვაქვს, რომ მოწინააღმდეგე, საკმაოდ ძლიერია. რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს, რომლებმაც სომხეთის ნაკრებს ძალა მისცა. თუმცა, ჩვენს გეგმებში არის გამარჯვებისთვის ბრძოლა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


Covid 19-ის პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, 18:15 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


„პრინციპული და გადამწყვეტი თამაში გვაქვს, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ეს, ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, სომხეთის ნაკრებმა, რამდენიმე ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატიდან დაიმატა. თუმცა, ჩვენთვის არის საბოლოო შედეგი მთავარი",  - ამბობს ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების მოთამაშე.


აქვე გეტყვით, რომ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრა 10 მარტს ერევანში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


ევროპის ჩემპიონატისსაკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველოს ნაკრებს  საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).



სფფ-ს ფოტო