რუსთავმა ქუთაისში ბრძოლაში იმარჯვა და სუპერლიგაში ლიდერობა გაიმყარა
რუსთავმა ქუთაისში ბრძოლაში იმარჯვა და სუპერლიგაში ლიდერობა გაიმყარა
05.03.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ქუთაისში ლიდერების ჯახით დაიწყო. მეორეადგილოსანმა "ქუთაისმა" ლიდერი "რუსთავი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში - 76:81 (სტატისტიკა) დამარცხდა. 


არადა, შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძლები 7 ქულით - 73:66 იგებდნენ და გამარჯვების უკეთესი შანსიც ჰქონდათ, თუმცა ქვემოქართლელებმა არ დათმეს. ჯილან ვაშინგტონმა, მალიქ უაითმა და გეგი ბაქრაძემ ზედიზედ მითვლილი ქულებით რუსთაველები 2 წუთში გაალიდერეს - 74:73.


ქუთაისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სამქულიანით ქუთაისელები ისევ დააწინარა, თუმცა დარჩენილ დროში კოტე ტუღუშის გაწვრთნილ მასპინძლებს ბურთი აღარ ჩაუგდიათ. ქვემოქართლელთა იმავე ტრიომ - ვაშინგტონმა, ბაქრაძემ და უაითმა ისევ ჩააგდეს ბურთები, რუსთაველები 81:76 დააწინაურეს და მატჩიც ასე დასრულდა.


ამ გამარჯვებით ქვემოქართლელები სუპერლიგაში ერთპიროვნულად და სოლიდური უპირატესობით გალიდერდნენ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს მთელი 3 წაგებით ნაკლები აქვს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს. 


ქვემოქართლურ გუნდს 17 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით მალიქ უაითმა ულიდერა. 15 ქულა მაიკ დევისმა, ხოლო 12 ქულა და 7 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა მოიპოვეს. ქუთაისელთაგან 15 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.


სუპერლიგის მიმდინარე ტურის 3 მატჩი 6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:


თსუ - ოლიმპი 13:00

მგზავრები - ტიტები 15:30

დინამო - ვერა 18:00