
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალი ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის III ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მარჩში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი და არმია დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაში EU-ს გამარჯვებით 5-3 დასრულდა და „ძალოვნებმა" პირველი მარცხი იწვნიეს.
„სტუდენტები" გიორგი ქურხულის დუბლით პირველივე წუთებზე დაწინაურდნენ. არმია მეტოქეს მაქსიმალურად მიუახლოვდა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და EU-მ კვლავ შეძლო გაქცევა, საბოლოოდ კი ორურთიანი უპირატესობით იმარჯვა. გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით აველო კიკვაძეც დაეხმარა. არმიას რიგებიდან ორი ბურთი გიგა ბერაიამ გაქვითა.
გიორგი ქურხული, EU: „არმია ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და ველოდით დაძაბულ შეხვედრას. დღევანდელი შედეგი ჩვენს გუნდზე ფსიქოლოგიურადაც დადებითად იმოქმედებს. შეიძლება ითქვას, ტაქტიკურად მეტოქეზე კარგად და დალაგებულად ვითამაშეთ. გამოვიყენეთ მომენტები და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. შეხვედრაში ორი გარდამტეხი ეპიზოდი იყო, პირველი - მატჩის დასაწყისში ორი სწრაფი გოლი და მეორე - 3:2-ზე ფსიქოლოგიურად არ გავტყდით და კიდევ უფრო დავწინაურდით. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".
***
ფუტსალის ლიგა 2-ის III ტური ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდსა და ილიაუნი 2-ის დაპირისპირებით გაგრძელდა. სანახაობრივი შეხვედრა ბსსა-ს გამარჯვებით 4-3 დასრულდა და გუნდმა სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.
„მეზღვაურების" ორბურთიანი უპირატესობა საბა მაჩიტიძემ დუბლის წყალობით მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „სტუდენტებმა" ანგარიში ვერ გაათანაბრეს და მეოთხე გოლი საკუთარ კარში მიიღეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი რეზო მალაყმაძემ გაიფორმა.
რეზო მალაყმაძე, ბსსა: „მობილიზებულები ვიყავით დღევანდელი მატჩისთვის. თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რომ არმიამ წააგო და ილიაუნისთან გამარჯვება გადამწყვეტი იქნებოდა სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე მოსახვედრად. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. რა ჩანაფიქრიც გვქონდა, განვახორციელეთ. კარგი მეტოქე გვყავდა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს".
დავით თაბაგარი, ილიაუნი: „გასულ კვირას ბსსა-ს თასის გათამაშებაში შევხვდით, სადაც დასანანი მარცხი ვიწვნიეთ პენალტების სერიაში და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ჩვენი შეფასებით, დღეისთვის უკეთ მოვემზადეთ, მაგრამ დავუშვით რაღაც შეცდომები, რის გამოც დავისაჯეთ. წინ კიდევ ბევრი თამაშია. ჩვენი მინიმუმი ოთხეულში გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მეტოქესაც წარმატებებს ვუსურვებთ".
***
ქუთაისის მართვემ ფუტსალის ლიგა 2-ის III ტურის შეხვედრაში გორი დიდი ანგარიშით 9-3 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
შეხვედრის მეათე წუთზე ანგარიში 1-1 იყო, მაგრამ „ქუთათურებმა" უპირატესობა მალევე მოიპოვეს და მეტოქე საბოლოოდ კომფორტული უპირატესობითაც დაამარცხეს. ირაკლი გვეტაძე გუნდს გამარჯვებაში სამი ბურთით დაეხმარა, ალექსანდრე კობოსნიძემ კი დუბლი გაიფორმა.
ლაშა გელოვანი, მართვე: „იოლი თამაში გამოვიდა, დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, რასაც არ ველოდით ნამდვილად. გორი კარგი გუნდია, მაგრამ დღეს თითქოს ცოტა გადაღლილები იყვნენ, შეთამაშება აკლდათ. შეიძლება ითქვას, სწრაფმა გოლებმა განაპირობა მოწინააღმდეგის მოტივაციის დაქვეითება. შემდეგ უკვე დისციპლინისა და ფსიქოლოგიური განწყობის ხარჯზე ვაჯობეთ. თამაშის ხარისხს ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ და მალე შესაბამის ფორმაშიც ვიქნებით".
***
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის III ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდი დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი" ფერდ 3-3 დასრულდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, UG-მ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და წინ გასვლაც შეძლო, მაგრამ თსუ-მ დროის ამოწურვამდე წონასწორობის აღდგენა მოასწრო და მატჩი ფრედ დასრულდა. UG-ის რიგებიდან დუბლი ლევან პავლიაშვილმა გაიფორმა.
ლევან პავლიაშვილი, UG: „ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა. მაინც სასიამოვნოა პირველი ქულის მოპოვება ჩემპიონატში. ვცდილობთ ნელ-ნელა შევთამაშდეთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. უფრო გამოცდილი მეტოქე გვყავდა, რამაც გამოიწვია ბოლოს ანგარიშის გათანაბრება."
ბექა მურღული, თსუ2: „მთლიანობაში კარგი შეხვედრა გამოვიდა. ორჯერ გვქონდა უპირატესობა შეხვედრაში და ვერ შევინარჩუნეთ. დღეს ნამდვილად შეგვეძლო სამი ქულის აღება, მაგრამ მწვრთნელის შენიშვნები სათანადოდ არ გავითვალისწინეთ და დაცვაშიც შეცდომები დავუშვით. მეტოქე ნაკლებად ამწვავებდა შეხვედრას, ჩვენი სცენარით მიდიოდა თამაში, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ფრე მატჩის ხასიათიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი იყო."
ფუტსალის ლიგა 2-ის IV ტური 21 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.





ჩვენ








