ჩემპიონატს რუსთავი ლიდერობს, დინამო გასავარდნ ზონაშია
ჩემპიონატს რუსთავი ლიდერობს, დინამო გასავარდნ ზონაშია
06.03.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. თსუ ოლიმპს დაუპირისპირდა და 10 ქულის სხვაობით - 68:78 (სტატისტიკა) დამარცხდა. დღევანდელ დაპირისპირებას გუნდები მნიშვნელოვნად განსხვავებული სტატისტიკით და განწყობით შეხვდნენ: თსუ-მ გასული სამი მატჩი დათმო, ხოლო "ოლიმპი" სტუდენტებთან მატჩს მიჯრით მოპოვებული ხუთი გამარჯვებით, ორმაგად თავდაჯერებული შეხვდა და წარმატებული სერია ამჯერადაც გააგრძელა - პრინციპული მატჩი სათავისოდ დაასრულა და სატურნირო ცხრილში პოზიციებიც გაიმყარა.


"ოლიმპმა" პირველი პერიოდი 22:17 მოიგო და საერთოდაც სტუდენტები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში ამყოფა. თსუ-ს ლიდერები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, სამწუხაროდ დანაკლისის ანაზღაურება გაუჭირდათ სათადარიგოებსაც. მეტიც, მატჩის სამი პერიოდი ისე დასრულდა, ძირითადი ხუთეულის მოთამაშეების გარდა, ერთი კინკილა ქულაც კი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონდა, რაც ცხადია რომ სერიოზული პრობლემაა და მატჩის შედეგზეც ლოგიკურად აისახა.


მატჩის დასკვნით ათწუთეულს თსუ 13 ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა (43:56), რაც დაუძლეველი ჩამორჩენა სულაც არ გახლავთ, სტუდენტებმა შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს და ერთი შეხედვით თამაშშიც დაბრუნდნენ, მაგრამ "ოლიმპმა" დაწყებული საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა.


ოლიმპს 20 ქულითა და 9 მოხსნით დონოვან სმიტმა ულიდერა. 11 ქულა და 13 მოხსნა დევანტე ფოსტერმა მიითვალა. 16 ქულა კენდრიკ ტომპსონმა ხოლო 15 - ოთარ ფხაკაძემ მიითვალეს. თსუ-ში 20 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა. 16 ქულა და 10 მოხსნა ბრენდონ სლაის ანგარიშზეა.


***




სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა "მგზავრებსა" და "ტიტებს" შორის. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი მგზავრები სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. ეს გუნდი უმეტესწილად ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კონკურენტებთან წამოწევა მოახერხა. მგზავრებმა დაძაბულ ბრძოლაში - 68:64 (სტატისტიკა) დაამარცხა "ტიტები" და მოგებებით ერთ-ერთ კონკურენტ "დინამოს" გაუთანაბრდა.


მგზავრების მოთამაშეებმა თამაშში მთელი ძალა და გამოცდილება ჩადეს. ბრძოლისა და მაქსიმალური შემართების ხარჯზე ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ პერიოდში 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. მანუჩარ მარკოიშვილმა თავის ასისტენტებთან ერთად ტიტების კალათბურთელები შესვენებაზე გამოაფხიზლა. მიცემული დავალებები მათ რიგიანად შეასრულეს და შედეგად მესამე პერიოდში ჩამორჩენა 10 ქულით შეამცირეს - 45:50.


ცხადი იყო, ბოლო პერიოდში ტიტები მოსაგებად გაიწევდა და ასეც მოხდა. დავით ლომიძის, ტაილან ბირდსისა და ბრენდან აუგბორნსის შედეგიანობით ტიტებმა 3 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა და მგზავრების მწვრთნელი, ბუბა ბერიშვილი იძულებული გახდა, ზედიზედ 2 წუთშესვენება აეღო. გადამწყვეტი გამოდგა ოთარ პერტაიას სამქულიანები, რომელიც მან ძალიან საჭირო მომენტში ჩააგდო და როცა ამერიკელებმა - ტროი სტიუარტმა და ჯეიდონ ფრედერიკმაც გაისწორეს მიზანი, მგზავრების ლიდერობამ 10 ქულას უწია. 


ტიტებმა ბოლო წუთებზე გაიბრძოლა, მაგრამ მგზავრებმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს და მიმდინარე სეზონში ძალიან გაიშვიათებული გამარჯვება მოიპოვეს. მგზავრებს 21 ქულით პერტაიამ ულიდერა. 8 ქულა და 16 მოხსნა სოსო გოგნაძის ანგარიშზეა. ტროი სტიუარტმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ტიტებში 13 ქულით დავით ლომიძე გამოირჩა. 10 ქულა პრინს უილიამსის ანგარიშზეა. 


***




ორიდან 2 გამარჯვება უშუალო კონკურენტებთან - საკალათბურთო კლუბ "ვერას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასეთია დავით გასიტაშვილის მონაგარი, რომელიც ამ გუნდის პრეზიდენტი და ერთ-ერთი მეპატრონეა და მწვრთნელობა უცხოელი სპეციალისტის ჩამოყავანამდე, დროებით გადაწყვიტა. მიზეზთა გამო, მიმდინარე სეზონში ვერელები 2 სპეციალისტს - ირაკლი ხოშტარიას და ლევან ფაცაციას დაშორდნენ, თუმცა მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე საკითხავი ხდება, მოიყვანს თუ არა ხელმძღვანელობა გუნდში ახალ მწვრთნელს. 


სუპერლიგაში დონე იმდენად თანაბარია, ყველა ყველას კონკურენტი გამოდის, თუმცა ცხრილში გვერდით მყოფი გუნდის დამარცხება მეტად ფასობს. ამის გათვალისწინებით, ვერელებმა უმნიშვნელოვანესი მატჩები მოიგეს: წინა ტურში "ტიტები" უშანსოდ - 80:51 დაამარცხეს, ხოლო დღეს "დინამოს" 92:77 (სტატისტიკა) სძლიეს. ბოლო გამარჯვება საერთოდ საარაკო გამოდგა, რადგან ისეთი მოულოდნელი რამ დაფიქსირდა, სეზონები გავა და ალბათ ანალოგიურ ეპიზოდს ვეღარ ვნახავთ.


შეხვედრის დასრულებამდე 5:45 წუთი რჩებოდა, როცა ვლადიმერ თავაქარაშვილმა სამიანი ჩააგდო და დინამო 77:71 დააწინაურა. ზემოთნახსენები მოულოდნელობა კი ის გახლავთ, რომ დარჩენილ დროში დინამოელებმა ბურთი ვეღარ ჩააგდეს, ვერელებმა კი უხვად იხვეჭეს და დაბოლოოდ 15 ქულის სხვაობით იმარჯვეს. ანუ ვერამ მატჩის ბოლო ხუთწუთნახევარში 21:0 სძლია მეტოქეს, რომელსაც ცხრილში მხოლოდ 1 მოგებით უსწრებდა. მართალია, დინამოელთა ალბანელ მწვრთნელს, მუჰამედ ტაჩის აღარ ჰქონდა წუთშესვენება, რათა ვერელების შტურმი ტაქტიკური სვლით შეეჩერებინა, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, საეჭვოა, ამ გზით რამე მნიშვნელოვანი შეცვლილიყო.


ზემოთაღნიშნული 21-ქულიანი გაქცევის დროს 8 ქულა ვერელთა კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ მიითვალა, რომელიც ნომინალური ცენტრია და მეტოქისთვის მოულოდნელად 2 სამქულიანი ზუსტად შეასრულა. ისტორიული გაქცევისას 8 ქულა ამ მატჩის ბომბარდირმა ბრაისონ სკოტმა მიითვალა, 3 - ლუკა მაზიაშვილმა და ორიც - აარონ პარკსმა. 


არადა, ხსენებულ ეპიზოდანდე თამაში ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით - 44:44 დასრულდა, ხოლო მესამე პერიოდის შემდეგ დინამოელები 65:64 იგებდნენ. და სწორედ მაშინ, როცა ასეთ თანაბარ ბრძოლაში მუჰამედ ტაჩის გუნდმა ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწია და თამაშის დასრულებამდეც ცოტა დრო რჩებოდა, ვერელებმა მეტოქეს ისეთი სიურპრიზი შესთავაზეს, კარგა ხანს გასახსენებლად რომ ექნებათ კალათბურთის ქომაგებს.  


შეხვედრის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე ვერელთა ამერიკელი ლეგიონერი, ჯოშ ჰავლი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. არანაკლებ შედეგიანი იყო გივი ბაქრაძე. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა 17 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 26 ქულით ბომბარდირი ბრაისონ სკოტი გახდა. 10-10 ქულა-მოხსნა აარონ პარკსმა, ხოლო 10 ქულა - ვახტანგ ქადარიამ მიითვალა. დინამოს ცენრიც კარგად ისროდა სამიანებს - მაიკლ ედვარდსმა 6-დან 4 შორი სროლა და ჯამში 21 ქულა ჩააგდო, თუმცა სამიანები მხოლოდ პირველ პერიოდში მიითვალა. 15-15 ქულით დაასრულეს შეხვდრა ტაილერ უილიამსმა და ჯამალ რაითმა. 


სუპერლიგის მიმდინარე ტურის ბოლო შეხვედრა 7 მარტს, აჭარის დედაქალაქში გაიმართება: "ბათუმი" "კაკტუსის" წინააღმდეგ.