
სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. ბოლო შეხვედრა "მეკობრეებმა"სტუმრად "სენტ ჯონსთან" გამართეს და პირველი ნახევრის 10 ქულით მოგების შემდეგ საბოლოოდ 10 ქულით დამარცხდნენ - 71:81.
სეტონ ჰოლის ქართველი ლიდერი კიდევ ერთხელ იყო საუკეთესო, ამჯერად, მხოლოდ თანაგუნდელთა შორის. სანდროს ქულებში, მოხსნებსა და პასებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 38 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და ამგვარად, ორმაგი დუბლიც შეასრულა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სეტონ ჰოლმა კონფერენცია 10 მოგებითა და 9 მარცხით, მე-5 ადგილზე დაასრულა. Big East-ის კონფერენციის პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში სენტ ჯონსი იქნება, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა. შეხვედრა 12 მარტს გაიმართება. Big East-ის კონფერენციის ყველა საპლეიოფო შეხვედრა ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში ჩატარდება.
***

ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდი ილინოის ფაითინ ილინია, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი, გიორგი ბეჟანიშვილი იცავს. გიორგის წინა სეზონებთან შედარებით შედეგიანობა გვარიანად შეუმცირდა, თუმცა ის რეგულარულად ჩნდება უძლიერესი გუნდის შემადგენლობაში.
ილინოისმა NCAA-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი Big Ten-ის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 4 მარცხით, მეორე ადგილზე დაასრულა. პირველზე "მიჩიგანი" გავიდა, რომელიც მთელი ლიგის რეიტინგში მე-2 ადგილზეა. ბეჟანიშვილის გუნდს კი რეიტინგში მე-4 ადგილი უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი NCAA-ის ოთხთა ფინალში გასვლის, შესაბამისად ჩემპიონობის რეალური პრეტედენტია.
Big Ten-ის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ილინოისელებმა ოჰაიო სტეიტ ბაქაისს 73:68 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბეჟანიშვილმა 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო. ბეჟანიშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 14.9 წუთს თამაშობს და 5.3 ქულას, 2.6 მოხსნას და 0.4 პასს აგროვებს.
რამდენიმე დღეში ილინოისი კონფერენციის საჩემპიონო ბრძოლაში ჩაებმება, რომელიც პლეი ოფის სისტემით გაიმართება. შემდეგ კი "მარტის სიგიჟე", NCAA-ის საუკეთესო 64 გუნდის ჩემპიონატი ელის
***

18 წლის ქართველი ფორვარდი, ალექსანდრე მერკვილაძე ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შედეგებს აუმჯობესებს. მისმა კალ სტეიტ ნორტრიჯმა სეზონის ბოლოს რივერსაიდ ჰაილენდერსთან ჯერ 68:72, შემდეგ კი, 65:66 წააგო. პირველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ქართველი ცენტრის მონაგარი 17 ქულა და 13 მოხსნა იყო, ამჯერად კი, მან 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მერკვილაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 33 წუთში 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა და პასივში 5 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.
კალ სტეიტმა კონფერენცია Big West-ში 5 მოგების წილ 9 მარცხი განიცადა და 11 გუნდს შორის მე-8 შედეგი აჩვენა, ქართველი ლეგიონერის საშუალო მონაგარი კი 10.2 ქულა, 6.8 მოხსნა და 1.0 პასი იყო. ნორტრიჯი 10 მარტს Big West-ის შიდა ტურნირის ეგიდით ლონგ ბიჩ სტეიტს ეთამაშება.





ჩვენ








