მშვიდად თუ შეკრული მოლოთ?
მშვიდად თუ შეკრული მოლოთ?
10.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართულ სარაგბო ოჯახში, კვლავ არეულობაა. მაშინ როდესაც ბორჯღალოსნებს, „რაგბი ევროპაზე" მნიშვნელოვანი თამაშები ელით, ქართული რაგბის მმართველი ორგანოს პრეზიდენტობის სკამისთვის გამწარებული ომია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბოლო ორი დღის მანძილზე, ყოფილი მორაგბისა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მსურველი, ირაკლი აბუსერიძის სოციალურ ქსელში, შემდეგი ხასიათის განცხადებებს ავრცელებს:


„თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!"


მისივე ფეისბუქგვერდიდან, საფრანგეთში მყოფი ვეტერანი „ბორჯღალოსნები", „სიმართლეს"  და „აბუს" უჭერენ მხარს, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად,  2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს, მას კი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი უთხრა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა არასაკმარის კვორუმის გამო.


არასაკმარისი კვორუმის გამო, გადაიდო კიდევ ერთი არჩევნები, უკვე 2021 წელს, რომელშიც პრეზიდენტობის ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე იყო.


ყრილობა დღეს, 10 მარტს, 12:00 არის დაგეგმილი, თუმცა, განცხადებაში, რომელიც რაგბის კავშირმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ირიბად, თუმცა, მოსალოდნელი ექსცესებისგან თავდასაცავად, მიანიშნა, რომ ყრილობის ადგილზე, „ექსპო ჯორჯიაში" მობილიზებული იქნებიან სამართალდამცავებიც.    


მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, განცხადებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც ავრცელებს.


„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებს და ყველას მოუწოდებს, საარჩევნო ყრილობა ხვალ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

ასევე, თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსება. სამინისტრო ყოველთვის ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში იმოქმედოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

ნებისმიერი დაპირისპირება ეწინააღმდეგება, როგორც სპორტულ პრინციპებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს კანონებს. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება, მით უმეტეს წინასწარ გაცხადებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში", - ამბობს შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილე.


ლევან მაისაშვილის გუნდი მადრიდში, ესპანეთის ნაკრებს, 14 მარტს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 15:45 საათზე დაიწყება.