
სეზონის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისთან" კონტრაქტები უკრაინელ მეკარეს სერგეი ლიტოვჩენკოს, მცველ ბოგდან მიშენკოს და ნიგერიელ მცველს მოჰამედ ალიუს ამოეწურათ. საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც „დინამო" აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იტყობინებიან და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელები უკვე დაემშვიდობნენ კლუბს. „დინამო თბილისი" კი, მადლობას უხდის მათ, გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.
„დიახ, წავედი გუნდიდან. ყველაფერი კარგად არის. ჯერ, ცოტას დავისვენებ, შვებულებას გამოვიყენებ, ოჯახი მომენატრა. „გადავიტვირთები" და ხელახლა ჩავებმები „ომში". ახალი წლის შემდეგ, გაირკვევა სად და როგორ გავაგძრელებ თამაშს", - ამბობს ბოგდან მიშენკო.
„ვფიქრობდი, რომ „დინამოში" დავრჩებოდი, მინიმუმ ერთი წელი კიდევ. თუმცა, 3 დღის წინ ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტს და ეგრევე, სახლში დავბრუნდი. პრეზიდენტმა, საუბრისას მითხრა, რომ მომავალ სეზონში, არაფერი განსაკუთრებული მიზნები „დინამოს" არ ექნება და უნდათ, ახალგაზრდა ბიჭების შეთამაშება. ძირითადი გუნდის ფეხბურთელების ნაცვლად უ17-დან და უ-19-დან აპირებენ ახალგაზრდების ამოყვანას. სხვა არანაირ თემებზე არ გვისაუბრია, არც რაიმე პირობაზე, ან შემოთავაზებაზე. მე მადლობა გადავუხადე. ბიჭების ნახვა ვერ მოვახერხე. საერთოდ, გუნდიდან ისე წამოვედი, მადლობაც არავის უთქვამს. „დინამოში" ყოფნის დროს, მთელი გულით ვცდილობდი დავხმარებოდი. მინდოდა ევროპის ლიგაზე თამაშიც"- ამბობს, სერგეი ლიტოვჩენკო.
ამ დროისათვის, გუნდში, მხოლოდ ერთი ლეგიონერია დარჩენილი, უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი, რომლის წაქცევისთვისაც, ეროვნული ლიგის ბოლო ტურის ბოლო დამატებულ წუთზე, „ტორპედოს" კარში 11-მეტრიანი დაინიშნა და რომელსაც კონტრაქტი „დინამოსთან" ჯერ ისევ არ დასრულებია. „დინამო" ახლა, თვის ბოლოს შეიკრიბება და სავარაუდოდ, სწორედ, მაშინ გაირკვევა თუ ვინ რჩება და ვინ ტოვებს გუნდს. სწორედ, ამ დროს სრულდება, რიგი ფეხბურთელების ხელშეკრულებების ვადა. ამ ეტაპზე კი, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს „დინამო თბილისი" არ დაუტოვებია.





ჩვენ








