ძიუდოს ფედერაცი დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ძიუდოს ფედერაცი დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
11.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

დღის ბოლოს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სოციალური ქსელით საგანგებო განცხადება გაავრცელა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავრი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი შეეცადა, დეტალურად აეხსნა, თუ რა პრინციპით შეარჩია IJF-ის თბილისის გრანდ სლემისთვის ის სპორტსმენები, რომლებიც აღნიშნულ ტურნირში, 26-28 მარტს იასპარეზებენ. აღნიშნულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად.


***

2021 წლის 26-28 მარტს თბილისში გასამართ ისტორიულ გრან სლემის ტურნირთან დაკავშირებით გულშემატკივართა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად ვთვლი გავაკეთო დამატებითი განმარტება ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით.  დასაწყისშივე ვიტყვი, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა სრული და უძლიერესი შემადგენლობით გამოვსულიყავით ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ მოვახდინეთ შემადგენლობის შემდეგნაირი ფორმირება: 

60 კგ

წონას დააკლდება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, რაც სამწუხაროდ იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დღემდე ვერ იღებს მონაწილეობას სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში და საჭიროებს გარკვეული დროით რეაბილიტაციის პროცესს. მწვრთნელებისა და განსაკუთრებით მისი სურვილი იყო მონაწილეობის მიღება, თუმცა სამედიცინო რეკომენდაციებისა და მომავალი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

66კგ 

როგორც მოგეხსენებათ სრული შემადგენლობით ვმონაწილეობთ და ყველა ლიდერს ვიხილავთ თბილისის ტატამზე.

73კგ

ამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონ, ლაშა შავდათუაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრები ასევე სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

81კგ

ოლიმპიური საგზურისათვის კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით შეგნებულად, წლის დასაწყისშივე (დოჰას მასტერსის შემდეგ) გადაწყდა, რომ ძირითადი კონკურენტები ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებდნენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ტურნირებზე. გრიგალაშვილისთვის განსაზღვრულ იქნა თბილისის სლემი, შესაბამისად ლუკა მაისურაძე ამ  მიზეზით ტოვებს ამ ტურნირს.

90კგ

ამ ეტაპისთვის ყველაზე უფრო საინტერესო კატეგორია, იმის გათვალისწინებით, რომ ოლიმპიური საგზურისათვის შიდა კონკურენცია ჯერ კიდევ გრძელდება. აქედან გამომდინარე მწვრთნელთა მხრიდან შეგნებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს შორის საუკეთესო გამოვლინდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ შეჯიბრზე - ყველასთვის  და ყველამხრივ ნეიტრალურ ვითარებაში, რამეთუ არ გაჩნდეს თუნდაც მცირეოდენი განცდა კონკურენციის ობიექტურ წარმართვასთან დაკავშირებით. მათ შორის ერთერთი არგუმენტი ასევე სხვა ქართველი  სპორტსმენების მონაწილეობაა, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გამხდარიყო კონკურენციის წინასწარ დაგეგმილი კალაპოტიდან ამოვარდნის მიზეზი.

100 კგ 

ვარლამ ლიპარტელიანი - მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ეროვნული ნაკრები გუნდი კაპიტანი. რასაკვირველია ძალიან კარგი იქნებოდა მისი გამოსვლა ქართველი გულშემატკივრის წინაშე, თუმცა გამომდინარე კოვიდ 19-ის რეგულაციებისა, აკრძალულია რა მაყურებელთა დასწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ საშეჯიბრო დარბაზში ვერ ხერხდება სპორტსმენთა გულშემატკივრობა, თავს უფლება მივეცით გამოგვეყენებინა ეს დრო და მასთან მიმართებაში შეგვედგინა გრძელვადიანი მომზადების გეგმა, მომავალში გასამართ მნიშვნელოვან შეჯიბრებებთან დაკავშირებით.

+100 კგ

ქართველთა ოთხეულს დააკლდება მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, იმის გათვალისწინებით, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ ეტაპისთვის აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ ფიზიკურ და სპეციფიურ ვარჯიშებზე, რაც მომავალში მოგვცემს საშუალებას იგი დაუბრუნდეს მისთვის დამახასიათებელ საუკეთესო საშეჯიბრო ფორმას.


პატივისცემით

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ლაშა გუჯეჯიანი