ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
12.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირზე, მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ლეგენდის, როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ½ ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტციც დაამარცხა. თუკი, ფედერერთან წარმატების შემდგე, ლაივ-რეიტინგში ქართველი, 3 ადგილით დაწინაურდა, დოჰას ტურნირში გამარჯვების შემდეგ, ის პირველ რიგში საკუთარ თავში რწმენას დაიბრუნებს. ეს კი, ოფიციალურ რეიტინგსაც ადრე თუ გვიან დაეტყობა.


თუმცა, რეიტინგებამდე, წინ ფინალია, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მისთვის ნაცნობ და შეიძლება ითქვას, უხერხულ მეტოქეს, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის შეხვდება.      


ესპანელთან ურთიერთშეხვედრებში, ასეთი კი ოთხია,  დოჰას მატჩამდე, ბასილაშვილს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული. ქართველმა, ბაუტისტას 2019 წელს, დუბაიში, სამ სეტში (6-7, 6-4, 6-3) მოუგო.


13 მარტის ფინალამდე, ესპანელმა რუსი ანდრეი რუბლიოვი, რომელიც თითქმის უბრძოლველად მივიდა ½ ფინალამდე, 6-3, 6-3 დაამარცხა. ნიკას კი, ½ ფინალში, ამერიკელის დასამარცხებლად, პირველ სეტში 13 გეიმის, მათ შორის ტაიპ-ბრეიკების თამაში დასჭირდა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა ეს სეტი 7-6(3) მოგო, მეორეში კი, ფრიტცი მარტივად,  6-1 დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის 13 მარტის ფინალი,  ATP-ის ტურნირებზე, რიგით მეექვსე იქნება. წინა 5 ფინალიდან, ბოლო სამი, სწორედ ნიკას გამარჯვებით დასრულდა. ასე, რომ ახლაც, იმედს ვიტოვებთ, რომ ჯაჭვი გაგრძელდება.


 ფოტო" @tennisnet.com