
არმია და ევროპის უნივესიტეტი უმაღლესი ლიგის 6 გუნდს შეურთდებიან და ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში, მათთან ერთად იასპარეზებენ.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუსალის ლიგის თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, დღეს გაიმართა. არმიასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაპირისპირება „ძლოვანების" გამარჯვებით 5-1 დასრულდა და არმიამ თასის გათამაშების საგზური მოიპოვა.
შეხვედრის პირველ ნახევარში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა არმიამ თამაშის განახლებიდან მალევე კიდევ უფრო გაზარდა, მატჩის ოცდამეჩვიდმეტე წუთზე კი, ლაშა ფოფხაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი ბაკურ ნანეიშვილმა გაიფორმა.
ბაკურ ნანეიშვილი, არმია: „დღეს ყველან დავიხარჯეთ. მაქსიმუმი ჩავდეთ ამ თამაშში და თასის გათამაშებაშიც გავედით. ვიცოდით, რომ ბსსა კარგი გუნდია, ისეთ მეტოქეებს მოუგო, როგორიც, მაგალითად, ილიაუნია და დაძაბულ შეხვედრას ველოდით. არ გვეგონა, ასეთი უპირატესობით თუ მოვიგებდით. თასზე თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. მოგეხსენებათ, სამოყვარულო ჩემპიონატიდან ვართ გადმოსულები. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ახალი გამოცდილებაა და ვიზრდებით. იმედი გვაქვს, უმაღლესი ლიგის გუნდებთანაც კარგ შეხვედრას ვაჩვენებთ."
თასის გათამაშების ¼ ფინალში გამსვლელი კიდევ ერთი გუნდის ვინაობა, ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მართვეს შორის გაირკვა.
II საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში EU-მ ქუთაისის მართვე კომფორტული ანგარიშით 7-4 დაამარცხა და თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ კარლო წვერავამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და „სტუდენტებმა" გამარჯვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. გუნდს გამარჯვებაში სამი ბურთით გიორგი ქურხული დაეხმარა. მართვეს რიგებიდან ორი გოლი მალხაზ შველიძემ გაქვითა.
აველო კიკვაძე, EU: „კარგი და სანახაობრივი თამაში იყო. ველოდით რთულ შეხვედრას. პირველი ტაიმი უფრო დაძაბული გამოვიდა, მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაინც 4-3-ის შემდეგ დაწინაურება გამოდგა. ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოვიპოვეთ, რაც დაგვეხმარა გამარჯვებაში. შეტევაში უფრო ორგანიზებულები ვიყავით და დამუშავებული ტაქტიკები გვქონდა. მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ. უფრო ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და შევეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ".
ფოტო: Sbm.ge / ზურაბ გენგიიური





ჩვენ








