"ვერა" მოგებებს აგრძელებს, ჩემპიონატს კი, "ქუთაისი" ლიდერობს
"ვერა" მოგებებს აგრძელებს, ჩემპიონატს კი, "ქუთაისი" ლიდერობს
13.03.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საკალათბურთო კლუბ "ვერას" წარმატებული სერია გრძელდება. რაც გუნდი მთავარ მწვრთნელ, ლევან ფაცაციას დაშორდა და მისი ადგილი კლუბის პრეზიდენტმა, დავით გასიტაშვილმა დაიკავა, ვერელებმა სამივე მატჩი მოიგეს. თუკი პირველი და მეორე მატჩები თბილისურმა გუნდმა დამაჯერებლად - ჯამში 44 ქულის სხვაობით მოიგო, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება დიდი ბრძოლის შედეგად დარჩა. შეიძლება ითქვას, ვერელებს "ბათუმთან" იღბალმაც წააშველა ხელი, რადგან ზღვისპირელებმა ბოლო წუთზე 6-დან 5 საჯარიმო ააცილეს, ხოლო ბოლო წამზე ფარქვეშ შეჭრილმა ბათუმელთა სერბმა ლეგიონერმა, ნიკოლა ვუიოვიჩმა გამთანაბრებელი სროლა გააცუდა.


არადა, თამაში ისე მიმდინარეობდა, ვერელებს სათუოდ არ უნდა გახდომოდათ მოგება. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, მესამე პერიოდში ვერელები გააქტიურდნენ და ხელჩასაჭიდი, 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის 25-ე წუთზე ჯოშუა ჰავლის ზუსტი სროლის შემდეგ გასიტაშვილის გუნდი 61:47 დაწინაურდა და გამარჯვების მოსაპოვებლად მეტად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. 


სწორედ აქ იყოჩაღეს ბათუმელებმა, რომელთა შორი თუ ახლო ტყორცნები მიზანს ვერელებზე ხშირად აღწევდნენ და ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე ანგარიში გათანაბრდა. ვერელებს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდათ და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სოლიდური ლიდერობის გაფლანგვის მიუხედავად, ისინი არ დაბნეულად, ერთ მუშტად შეიკრნენ და კვლავ მოახერხეს დაწინაურება - 87:81 დასრულებამდე 2:20 წუთით ადრე.


სწორედ აქ გათამაშდა ის დრამატული სცენა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ლევან ელიაძისა და ნემანია კაპეტანოვიჩის სამქულიანებმა ბათუმი მეორედ "დააბრუნეს თამაშში" და ზღვისპირელებს გათანაბრების შანსი კვლავ მიეცათ. 87:89 ჩამორჩენილი "ბათუმის" ლიდერმა, ბექა ბექაურმა დასრულებამდე 70 წამით ადრე 2 საჯარიმო ააცილა, თუმცა ვერელ ბრაისონ სკოტს შეტევა გაუცუდდა და ამჯერად ბათუმელთა სერბ ლეგიონერს მიეცა გათანაბრების შესაძლებლობა. კაპეტანოვიჩმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და დასრულებამდე 30 წამით ადრე შეტევაზე თბილისელები გადავიდნენ. გივი ბაქრაძემ სამიანი ააცილა და ქულით ჩამორჩენილი ზღვისპირელების ფორვარდი, ლევან ელიაძე მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა.  ბათუმელმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო ააცილა და ბურთი ვერელებს დარჩათ.


დროის მოგების მიზნით, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა ცხადია ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და ბრაისონ სკოტმა მხოლოდ პირველი საჯარიმო ჩააგდო, თუმცა მეორე ცდისას ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლისას სადაო დაფიქსირდა და ბურთი მონაცვლეობის პრინციპის გათვალისწინებით დასრულებამდე 4 წამით ადრე ვერელებს დარჩათ. ეს თბილისელების გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა პირით ხაზიდან შემოტანილი ბურთი ვერელებმა ვერ მოიხელთეს და ისე, რომ დროის ათვლა არ დაწყებულა, ფლობის უფლება ბათუმელებს გადაეცათ.


წუთშესვენებაზე დაგეგმილი შეტევა ზღვისპირელებმა კარგად გაათამაშეს, თუმცა ფარქვეშ შეჭრილმა და ფაქტობრივად მარტო მყოფმა ვუიოვიჩმა გამთანაბრებელი სროლა გააცუდა და ვერელებმა, ამჯერად საბოლოოდ, გამარჯვება იზეიმეს - 90:88 (სტატისტიკა) თბილისურ კლუბს 28 ქულით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. 22 ქულა და 10 მოხსნა ჯოშ ჰავლის ანგარიშზე დაგროვდა. ლუკა მაზიაშვილმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. ბათუმელთაგან 21 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით ტომას უაილდერი გამოირჩა. 18 ქულა ნიკოლა ვუიოვიჩმა მოაგროვა, ხოლო ლევან ელიაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.


***




სუპერლიგის მორიგი ტურის დღეს დანიშნული თამაშები დასრულდა. მეორე მატჩში ერთმანეთს "ცხუმ-აფხაზეთი" და "ქუთაისი" შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ამ ეტაპზე უფრო კარგ ფორმაში მყოფი ქუთაისელების გამარჯვებით - 89:84 (სტატისტიკა) დასრულდა.


ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა მთელი თამაში იბრძოლეს, ჩამორჩენა არაერთხელ აღმოფხვრეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ქუთაისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერის, ჟოელ ალმეიდას დიდი დახმარებით მოიგეს. კალათბურთი გუნდური სპორტია და რთულია 1 კონკრეტულ მოთამაშეზე მთელი გამარჯვების მიწერა, თუმცა რაც ალმეიდამ ამ შეხვედრაში იხეირა, მის გარეშე იმერულ კლუბ გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდა. 


სტატისტიკას, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შეადგინა, თავი რომ დავანებოთ, ალმეიდამ გუნდს ჭეშმარიტად ულიდერა. ის აუღელვებლად, დინჯად მოქმედებდა მოედანზე და ჩასაგდებს ხომ აგდებდა და ქუთაისელთა კომბინაციებს ალაგებდა. ის ზუსტად იმ მომენტში უტევდა და აგდებდა, როცა ქუთაისელების ლიდერობას საფრთხე დაემუქრებოდა. რა თქმა უნდა, მას თანაგუნდელებიც მხარს უბამდნენ, თუმცა როგორც იტყვიან, თამაშს ალმეიდა "აკეთებდა".


საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, ბოლო წუთზე ვითარება არ დაძაბულა. ზემოთხსენებულ ალმეიდას შემდეგ იმერულ კლუბში 17 ქულით კაშიმ რენსომი გამოირჩა, 12 ქულა კი ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში 17 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 16 ქულა ტაილერ გრინმა, ხოლო 14 - გიორგი შარაბიძემ მოაგროვეს.


სუპერლიგის მორიგი მატჩები 14 მარტს, რუსთავსა და თბილისი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:


თბილისი: კაკტუსი - თსუ 13:00, ტიტები - დინამო 15:30
რუსთავი: რუსთავი - მგზავრები 16:00