
თითქმის ცარიელი დარბაზი და 5-6 ჟურნალისტი ესწრებოდა მხოლოდ, სანაკრებო შესვენების შემდეგ, საქართველოს სუპერლიგის განახლებული გათამაშების შეხვედრებს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. არადა, ერთ-ერთი მატჩი, ტრადიციულ მეტოქეებს შორის იყო, რომელიც ყოველთვის გამორჩეოდა სანახაობითაც და ქომაგობითაც, ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე. არ იყო მაყურებელი, თუმცა, სანახაობა არც „დინამო" - „ქუთაისის" ამ დაპირისპირებას აკლდა. ორივე გუდში, ამ დღეს ლიდერობა „სანაკრებო" კალათბურთელებმა ითავეს. მაგალითად, ბექა ბექაურმა პარკეტზე 34 წუთზე მეტი დაჰყო და აკაკი დვალიშვილთან ერთად, ეცადა დინამოელთათვის ხელის შეშლას, თუმცა, ამ მატჩში, ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი, 17 ქულით ბომბარდირი, ლეგიონერი დე ჟუან რაითი გახდა.
„რთული თამაში იყო, ამ 3-კვირიანი შესვენების შემდეგ რამოდენიმე მოთამაშე გვაკლდა, რადგან ნაკრებში იყვნენ გამოძახებულები. ალბათ ვერ მოვემზადეთ სათანადოდ დღევანდელი მატჩისათვოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო თამაში გამოვიდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა დასანანი შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით მე-3 პერიოდის დასაწყისში. „დინამო", ძალიან ძლიერი გუნდია. თავიდან გვიწევს დაწყება, ასე ვთქვათ შემდეგი ტური იწყება და ყველა თამაში მნიშვნელოვანია" - ამბობს კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი.
დინამოელთა შორის და ორივე გუნდში, ამ მატჩში, ყველაზე შედეგიანი, ლევან ფაცაცია იყო. დინამოელმა მოედანზე 31:13 წუთი დაჰყო და 25 ქულის დაგროვება შესძლო. „შესვენება გვქონდა, ნაკრებთან ვიყავით და განახლებულ გათამაშებაში, რაც ყველაზე მთავარი იყო მოვიგეთ. ძალიან მიხარია, რომ დაბრუნებულებს, ბიჭები ფორმაში დაგხვდნენ, ჩვენ შევემატეთ და არ დაგვიკარგია, ის სათამაშო რიტმი, ერთმანეთის გრძნობა და დღეს ძალიან, კარგი გუნდი დავამარცხეთ. მოხარული ვარ გამარჯვების. ახლა, გვაქვს კიდევ 4 დღე, 6 დეკემბრის თამაშამდე, მოვემზადებით შესაბამისად. შევეცდებით, რომ კარგად დავხუროთ, ეს ფიბა ევროთასის ტურნირი, რადგან ეს მომავალი ასპარეზობისთვის სტიმული იქნება", ამბობს ლევან ფაცაცია.
შეხვედრა კი, როგორც გითხრაით საკმაოდ საინტერსო გამოდგა. პირველი ტაიმი, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედის მოგება 28-26 „დინამოს" გამარჯვებით დასრულდა და ამ მცირე უპირატესობის მოპოვება თბილისელებმა, მეოთხედის მიწურულს მოახერხეს. ასევე, მეორე მეოთხედის ბოლოს შესძლო „ქუთაისმა" ამ მონაკვეთისა 9 და ტაიმის 7 ქულით მოგება 40-47 (12-21).

მეორე ტაიმიდან კი „დინამომ", დაცვაში ზუსტად თამაშისა და სწრაფი, შედეგიანი შეტევების ხარჯზე, მოახერხა ჯერ ლიდერობის დაბრუნება, შემდეგ კი საბოლოოდ, მატჩის შედეგში ასახვა. ალბათ, აღნიშვნის ღირსია, რომ ამ მატში, 8-ჯერ გათანაბრდა ანგარიში და შესაბამისად, 8-ჯერ შეიცვალა ლიდერიც. თუმცა, ეს ცვლილებაც, ძირითადად „დინამოს" სასარგებლოდ ხდებოდა ხოლმე. მესამე მეოთხედი „დინამომ" 23-12 (მატჩის ანგარიში 63-59) და მატჩში 4 ქულით დაწინაურდა. საბოლოოდ, სწორედ, მესამე მეოთხედი გამოდგა ამ თამაშში გარდამტეხი, რომელშიც, კოტე ტუღუშის ბიჭებმა, ამ სეზონზე საუკეთესო ფორმაში მყოფი „დინამოს" წინააღმდეგ ვეღარაფერი განაწყეს. ბოლო მეოთხედიც „დინამომ" მოიგო 21-17 და შესაბამისად, სუპერლიგაზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. „დინამომ", „ქუთაისი" 84-76 დაამარცხა. დინამოელთა შორის 25 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ. 12 ქულა და 6 მოხსნა არის მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე. „ქუთაისში" 17 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟან რაითი, მეორე ლეგიონერმა ჯონათან ლიმ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა (იხ. სტატისტიკა)
"ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ. ამ ეტაპისთვის, არ დაგიმალავთ და ჩვენთვის მთავარია შედეგი და არა თამაშის ხარისხი. თუმცა მომავლისთვის ვეცდებით მეტს და იმედია, სხვა გუნდებიც მოუმატებენ. ბოლო თამაში გვაქვს დარჩენილი ევროთასებზე და მის შემდეგ სრულ კონცენტრაციას მოვახდენთ სუპერლიგაზე", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, "დინამოს" მთავარი მწვთნელი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს 6 დეკემბერს, თბილისის „დინამო" ფიბა ევროპა თასის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. დინამოელთა მოწინააღმდეგე თურქეთის „ისთანბულ BBSK" იქნება. მატჩი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
მანამდე კი ამავე დარბაზში, სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ორი თბილისური გუნდი, „მგზავრები" და „კაკტუსი" დაუპირისპირდნენ.
გუნდებს, რომლებიც სატურნირო ცხრილში ქვედა ნაწილში აღმოჩნდნენ, ამ მატჩამდე, 2 -2 მოგება ჰქონდათ. ამას, გარდა, ორივე გუნდმა, თითო ლეგიონერი დაიმატა. „კაკტუსში" დებიუტი ჰქონდა ჯონ მიტჩელს, ხოლო "მგზავრებში", ადრიან ბოუის.
„ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა დაცვაში. ჩვენ სპეციალურად ვემზადებოდით მთელი სუპერლიგის პაუზის განმავლობაში კონკრეტულად ამ თამაშისთვის. დაცვაში ხარვეზებს ბევრი აცილებული ბურთიც დაემატა, ხოლო „კაკტუსი" ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც მსგავს შეცდომებს გაპატიებს. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დღეს გვქონდა" - ამბობს, ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.
ამ მომზადებამ, მგზავრებისთვის, მხოლოდ პირველ მეოთხედში გამოიღო შედეგი, როდესაც, გუნდი, შეეცადა „კაკტუსისთვის" სათანადო წინააღმდეგობა გაეწია. პირველი მეოთხედი 1 ქულიანი უპირატესობით დასრულდა 18-19 კაკტუსელთა სასარგებლოდ. თუმცა ჟღენტის ბიჭებმა, მეორე მეოთხედში, ყველა რგოლში დაჯაბნეს მეტოქე და ან ნაწილის 15 ქულით მოგებაც მოახერხეს 8-23, ხოლო ტაიმი 16 ქულით მოიგეს 26-42.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გასული თამაშები ცუდად ჩავატარეთ. ახალი ლეგიონერიც დავიმატეთ და ძველი გუნდიდან დავითხოვეთ. კარგი დაცვის ხარჯზე მოვახერხეთ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება, ხოლო შემდეგ უკვე თავდასხმაშიც წაგვივიდა თამაში და საერთო ჯამში ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ", ამბობს აჩიკო ჟღენტი, "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.
მეორე ტაიმში, ბუბა ბერიშვილის ბიჭები შეეცადნენ ვითარების გამოსწორებას. მესამე მეოთხედი 26-28 დასრულდა, მეოთხეში 21-25 დაფიქსირდა ანგარიში. თუმცა, მატჩში გარდატეხის შესატანად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა (იხ. სტატისტიკა)

მატჩი საბოლოოდ კაკტუსელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 73- 95 დასრულდა. ამ მატჩში, ყველაზე შედეგიანი, 27 ქულით, დავით ლომიძე იყო. მან, ამ დღეს 7 სამქულიანის ჩააგდება მოახერხა. 21 ქულა მოაგროვა დეანდრე პარკსმა, ანატოლი ბოისას ანგარიშზე კი 12 ქულაა. "მგზავრებში" 24 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, დებიუტანტმა ადრიან ბოუიმ კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩები 5 დეკემბერს თბილისსა ('ოლიმპი"-„რუსთავი") და ქუთაისში („ქუთაისი"-„მარნეული-დელტა") გაიმართება.





ჩვენ








