
ახალი საფეხბურთო სეზონი წარმატებით დაიწყო ქართველი ლეგიონერი ქალი ფეხბურთელისთვის. საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მცველმა ნუცა გურიელიძემ, 14 მარტს პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ახალი გუნდის მაისურით. „ჰენიუ პრუნდუ ბერგაულის" რიგებში, ის მწვრთნელებმა მეორე ტაიმში შეუშვეს სათამაშოდ.
„რუმინული ჩემპიონატი, ფიზიკური თვალსაზრისით განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატისგან, მაგრამ მეტოქეს, ნამდვილად ვაჯობეთ და პირველ ნომრად ვთამაშობდით. თებერვალში, ძალიან კარგი და დატვირთული მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ასე ვთქვათ, იქ, შევეგუე ასეთ ფიზიკურ დატვირთვებს. და ამ ეტაპზე სრულიად მზად ვარ", - ამბობს ნუცა გურიელიძე, TSFF.GE-სთან საუბარში.
ერთი საინტერესო დეტალი. ნუცა გურიელიძე, ტრადიციულად, ყოფილ ქართულ კლუბში, „ნორჩ დინამოში" და ნაკრებებშიც, ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა და დაკისრებულ დავალებებსაც კარგად ართმევდა თავს. თუმცა, როგორც ჩანს რუმინული კლუბის სამწვრთნელო შტაბმა, ქართველი გოგონა სხვა პოზიციაზე უფრო დაინახეს და სუპერლიგის მატჩშიც, ისევე, როგორც რამდენიმე სპარინგ შეხვედრაში, მოსამზადებელი ეტაპის დროს, გირიელიძე მარჯვენა მცველად ათამაშეს.
„კი ცოტა უჩვეულოა, მაგრამ, ვატყობ, აქ, მარჯვნიდან მათამაშებენ. თან, გუშინ კარგად ვითამაშე. სხვათა შორის, მომეწონა და მინდა, სხვა თამაშებშიც, ისევ, ამ პოზიციაზე ვითამაშო", - ამბობს გურიელიძე.
ნუცას გუნდმა, რუმინეთში, ქართველისთვის სადებიუტო შეხვედრა, 5-0 მოუგო "უნივერსიტატია გალატას" და ახლა სატურნირო ცხრილში, მისი გუნდი 23 ქულით მე-4 პოზიციაზეა. მისი გუნდი, შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვის. ქალთა სუპერლიგაში, მომდევნო თამაში, გურიელიძის გუნდს, 21 მარტს, გათამაშების ლიდერთან, „ოლიმპია კლუჟის" წინააღმდეგ აქვს, გასვლაზე. გუნდთან, რომელიც 2020 წელს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან „ლანჩხუთმა" გამოთიშა.
სუპერლიგის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 24 მარტიდან, ნუცა გურიელიძის გუნდი, უკვე ქალთა შორის რუმინეთის თასის გათამაშებაში ჩაერთვება და მისი მეტოქე „ტარგუ მურესი" იქნება.







ჩვენ








