
საფეხბურთო კლუბის „საბურთალოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტარიელ ხეჩიკაშილმა, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში „დინამო თბილისთან" წაგებული მატჩის შედმეგ, „დინამო არენაზე" გამართული მატჩის მსაჯთა ბრიგადის მიმართ, ჯერ კიდევ შეხვედრის მეორე ტაიმში, დაწყებული უკმაყოფილება, დღეს, ტელე-იმედში, გაკეთებული განცხადებით დაასრულა.
"ის, რაც მოხდა და ხდება ბოლო ტურების მანძილზე, ძალიან ცუდია, მაგრამ ის, რასაც ახლა გავაჟღერებ, არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული თამაშის გამო.
ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც ახლა უნდა ვთქვა, ვერც წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ მომიწევდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩემთვის ყოველთვის ამომავალი წერტილი იყო ქართული ფეხბურთის სიყვარული. საბურთალო ყოველთვის გამოირჩეოდა ამ ფასეულობებით და პატიოსნად ვემსახურებოდით მუდამ ქართულ ფეხბურთს. შევქმენით წარმატებული ისტორია, მოვიპოვეთ ყველა ტიტული საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ვართ ყველა ასაკობრივ ნაკრებში.
ბევრს უნდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება მიაწეროს ერთ კონკრეტულ თამაშს, მაგრამ ეს პრობლემები იყო და ვცდილობდით მუდამ, ხმა მიგვეწვდინა შესაბამისი პირებისთვის, თუმცა აბსოლუტურმა იგნორმა და უსამართლობის შეგრძნებამ გადამაწყვეტინა, რომ აღარ განვახორციელო ინვესტიციები პროფესიულ საფეხბურთო საკლუბო დონეზე, რადგან ვაწყდები პრობლემებს, რომლის მარტო მოგვარებაც არ შემიძლია. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილებაზე საუბარი.
ის, რომ ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, ეს სისუსტედ არ უნდა ჩაითვალოს. ვერ შევძლებ, ვიყო ქართული ფეხბურთის გარეშე, დროებით ვწყვეტ ინვესტიციებს პროფესიულ დონეზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბურთალო არ გააგრძელებს ფუნქციონირებას: იქ არის ძალიან კომპეტენტური ხალხი: მწვრთნელები, მენეჯმენტის წარმომადგენლები, ჩემი პარტნიორები.
ჩემს ძალას, ენერგიას, საერთაშორისო კავშირებს მოვახმარ საკლუბო აკადემიის განვითარებას, ახალგაზრდების წინსვლას. ეს განსაზღვრა ადამიანების არაკომპეტენტურობამ და ის ინვესტორები, რომლებიც ქართულ ფეხბურთში დარჩნენ, მათ თანადგომას და ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ.
იმედი მაქვს, ფეხბურთიდან წასული გულდაწყვეტილი ინვესტორების რიცხვი აღარ გაიზრდება", -ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში, კონკრეტულ წყვილში, „დინამო თბილისის" გამარჯვების შემთხვევაში დამკვიდრდა - „საბურთალო" აუცილებლად აკრიტიკებდა მატჩის მსაჯებს, რიგ შემთხვევაში საკუთარი სოციალური ქსელით, მათ გადახაზულ ფოტოებსაც (გიორგი ყრუაშვილის მაგალითად) კი აქვეყნებდა, არც ამჯერად დაირღვა. დღეს, დილიდან სოციალური ქსელით, გუნდის მთავარი მწვრთნელის უკმაყოფილო პოსტები ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონამდე, ეს გუნდები ბოლოს, ერთმანეთს, 2020 წლის 23 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" დაუპირისპირდნენ და მაშინაც მატჩი დინამოელებმა მოიგეს, 3-1. აქ, ერთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე, როგორც 2021 წლის 14 მარტს, შეხვედრას მაშინაც, სწორედ გოგა კიკაჩეიშვილი სჯიდა. თუმცა, 2020 წელს, მოვლენები მინდორზე სხვაგვარად განვითარდა. მაშინ, „დინამო თბილისი" ანგარიშით, 3-0 იგებდა, როდესაც თბილისელებს, მინდვრიდან კაპიტანი, გიორგი პაპავა გაუძევეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, გოგა კიკაჩეიშვილმა 10 კაცით დარჩენილ „დინამო თბილსის" კარში, 71-ე წუთზე, 11-მეტრიანი დანიშნა, რომელი გაგი მარგველშვილმა ზუსტად შეასრულა. იმ დღეს, შეხვედრას მსაჯის მიერ კომპენსირებული 8 წუთი დაემატა. 90''+2 წუთზე, „დინამო თბილისს" კიდევ ერთი მოთამაშე, ვიქტორ მონხილი გაუძევეს. 90''+7 წუთზე კი, დინამოელთა კარში კიდევ ერთი 11-მეტრიანი დანიშნეს, რომელიც გაგი მარგველაშვილმა გააცუდა.
სხვათა შორის, გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა 2020 წელს, თებერვლის ბოლოს გამართული სუპერთასიც, მიხეილ მესხი 2-ზე, რომელშიც, "საბურთალომ", "დინამო თბილისი" დაამარცხა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ხეჩიკაშვილი, გუნდის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას კარგა ხანია აპირებდა და გუშინდელი შეხვედრა, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მიეხმარა. თუმცა, მისივე განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, არაა გამორიცხული, რომ ხეჩიკაშვილმა, უბრალოდ „ტაიმ-აუტი" აიღოს და მეორე წრიდან, კვლავ კლუბის სათავეში მოგვევლინოს.





ჩვენ








