მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა...
მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა...
16.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლო სასტუმრო „შერატონში" ქართულ მედიასთან პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, შეხვედრაზე მედიის დასწრებაც კი ლიმიტირებულია. თუმცა, ჩვენი გვერდი, უშუალოდ პრესკონფერენციიდან შეეცდება უახლესი ინფორმაციები მოგაწოდოთ.


მედიასთან შეხვედრამდე კი, სანიოლიმ, საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ვაისის ფორმაციის ნაკრებისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა, ზოგი იძულებითი ტრავმების გამო და ზოგიც მწვრთნელის მიერ გადაწყვეტილი. ერთ-ერთ ასეთი სიახლე გიორგი მიქაუტაძეს ეხება. სფფ-ს ოფიციალური გვედრი ნაკრებში გამოძახების შემდეგ, ფეხბურთელის მცირე კომენტარს აქვეყნებს.


„ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" , - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.


საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური „სერენის" 20 წლის თავდამსხმელის ნაკრებში ხილვის სურვილი ქართულ საფეხბურთო წრეებში დიდი ხანია აქვთ. თუმცა, ფეხბურთელს, საქართველოს მოქალაქეობა, სულ რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს და ოფიციალურად საქართველოს მოქალაქის პასპორტსაც შეკრებაზე ჩამოსული მიიღებს.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას 22 მარტიდან იწყებს. ვილი სანიოლიმ 3 მატჩისთვის შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა.