
დღეიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მედიასთან ურთიერთობის ახლა ფორმატზე გადადის. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, რომელიც მან დღეს, თბილისში, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გამართული პრეს-კონფერენციისას გააკეთა, ამიერიდან, მას შემდეგ, რაც ფედერაცია ოფიციალურად გამოაქვეყნებს ეროვნული ნაკრების სიას, მომდევნო დღეს, მედიის წარმომადგენლებისთვის, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან გაიმართება პრეს-კონფერენცია.
„ასეთი შეხვედრების დროს, შესაძლებელი იქნება, სიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, გექნებათ საშუალება, მთავარ მწვრთნელთან გაიაროთ ყველა საკითხი რაც გაინტერესებთ, ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ბევრად საინტერესოა და თქვენთვისაც საინტერესოა, რომ როდესაც პრეს-კონფერენცია არის თამაშის წინ, კონკრეტულ თამაშს დაეთმოს", - ამბობს იაშვილი.

უკვე პირველივე პრეს-კონფერენციიდან ჩანს, რომ სანიოლი ილაპარაკებს ყველა თემაზე, მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. არ აპირებს კონკრეტული თამაშების წინ, გუნდის ტაქტიკასა და კონკრეტული გვარების სათამაშო ფუნქიცია-განლაგებებზე საუბარს. „კი, ეს ნამდვილად, კარგი მინიშნება იქნებოდა შვედების მწვრთნელთათვის სახელმძღვანელოდო. თუმცა, მე არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს", ასე, მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა ვილი სანიოლიმ, ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან (მარჯვნივ თუ მარცხნივ) დაკავშირებით, ახალ მწვრთნელსაც დაუსვეს. სანიოლიმ ხაზგასმით გაგვაგებინა, რომ ვიდრე გუნდს არ შეხვდება და არ დაელაპარაკება, არ გააცნობს თავის გეგმებს, მანამდე არც ადგილობრივი მედიისთვის და არც ისე, საჯაროდ არ აპირებს საკუთარ „სათამაშო ფილოსოფიაზე" ლაპარაკს.
„რა თქმა უნდა, ყველას უნდა შემტევი, ლამაზი ფეხბურთის თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება. მაგრამ ერთია სურვილი და მეორე რესურსი. მთავარია, რომ ჩემი ფილოსოფია მოერგოს ჩვენს რესურსს, ბევრი კარგი შემტევი მოთამაშე გვყავს, თუმცა ყველა თამაში განსხვავებულია, ჩვენ ვხვდებით შვედეთს, ესპანეთს, საბერძნეთს, ეს ერთნაირი მატჩები არ იქნება. სათამაშო სტილი და ფილოსოფია მეტოქიდან გამომდინარეც უნდა შეირჩეს", - ამბობს ვილი სანიოლი.

ჩვენი ვებ-გვერდის შეკითხვაზეც, რა იგულისხმა სანიოლომ, როცა სფფ-ს მიერ გავცელებულ პირველ ინტერვიუში, დანიშვნის შემდეგ, ფედერაციის მხრიდან გამოცხადებულ ნდობაში და აქედან გამომდინარე პროგრამა მინიმუმში, სანიოლიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე უახლოესი თამაშებია. სწორედ, ეს უახლოესი თამაშები გახდა, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შერჩევის კრიტერიუმიც, რომელიც გინდა, თუ არა, „ძველების" რეკომენდაციებით მოგიწევს გააკეთო.
„ბოლო რამდენიმე კვირა ვაკვირდებოდით ნაკრების ყველა კანდიდატს და იოლი არ იყო გადაწყვეტილების მიღება. გასაგებია, რომ არსებობს მოთამაშეები, რომლებიც ადრე ნაკრებში რეგულარულად ხვდებოდნენ, მაგრამ ეს არის ახალი ეტაპი, თავგადასავალი და პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან იწყება. ფეხბურთელებმა კვირიდან კვირამდე უნდა დამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. ვფიქრობთ, გამოვიძახეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად იმსახურებენ ნაკრებში თამაშს", - ამბობს სანიოლი.

2020 წლის შემოდგომაზე, ვლადიმირ ვაისის ბოლო პრესკონფერეციაზე, მედიასაც და გულშემატკივარსაც, იმას გარდა, რომ ოცნება გაფრინდა, ხინჯად დაგვრჩა ფრაზა - „ნახავთ, რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებში, საერთოდ აღარ გამოიძახებენო". უბრალოდ, დამთხვევაა, თუ ვაისის „დატოვებული" სიტყვის შესრულება, სანიოლის ფორმაციის ნაკრები, თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულებს, წლების მანძილზე ნაკრების სახეების გარეშე იწყებს პირველ შეკრებას. თავად სანიოლი კი, დანიშვნის შემდეგაც და ახლაც, ხშირ-ხშირად ახსენებს, სიტყვას „დისციპლინა".
„გერმანიაში მუშაობისას ვისწავლე, ბევრი რამ და გავაცნობიერე, რომ დისციპლინისა და დაუღალავი შრომის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია. დღემდე, ჩემს ფეხბურთელებს სწორედ ამას ვეუბნები, რომ მთავარი არის დისციპლინა და შრომა. ფეხბურთელებს ხშირად ვეუბნები, რომ დისციპლინა და გუნდური თამაში დიდი გუნდებისთვისაც პრიორიტეტული უნდა იყოს. დისციპლინის გარეშე, რაიმეს მიღწევა წარმოუდგენელია. თუ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მასზე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დისციპლინაზე. გუნდურობა და გუნდური საქმე, უნდა დავაყენოთ ყველაზე და ყველაფერზე წინ. არანაირი პირადული „ქეისები", მხოლოდ გუნდზე მუშაობა", - ამბობს სანიოლი.

კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც ფრანგს, მისთვის უცხო გარემოში, მნიშვნელოვან თამაშებამდე, უმოკლეს დროში მოუწევს გარკვევა, ქართული ფსიქოლოგიაა. დამეთანხმებით, თუ არა, მაგრამ ქართველებს გვჩვევია, ერთ თემაზე ჩაციკვლა და ამ თემის გარშემო, დიდხაას ტრიალი. ასეთი კი, სანაკრებო ისტორიიდან, 2020 წლის შემოდგომაა, როდესაც ქართული საფეხბურთო ოცნება გაფრინდა.
„ჩრდ. მაკედონიასთან თამაშს რაც შეეხება... შესაძლოა ფსიქოლოგიური შედეგი, იმ კონკრეტულ მატჩს ჰქონდა. თუმცა, ფეხბურთელები, არიან პროფესიონალები. ეს, მათი სამსახურია და არ უნდა იფიქრონ წარსულით. სულ, წინ უნდა იყურონ. იფიქრონ, იმის შესახებ, თუ რა გვინდა, რომ მოხდეს. ის, რაც მოხდა, იყო რამდენიმე თვის წინ და მას შემდეგ, საკუთარ კლუბებში გააგრძელეს თამაში. უკვე დაახლოებით, 4-5 თვეა და თუკი, მაშინ იყო ცუდი დრო, რადგან ასე ახლოს იყავით კვალიფიკაციასთან, ვფიქრობ, ახლა, ამ გარემოებამ, უფრო მეტი მოტივაცია უნდა მოგვცეს, ამ საკვალიფიკაციო ფაზაში. შეეცადონ გააკეთონ საუკეთესო რაც შეუძლიათ, რადგან აქვთ სხვა შესაძლებლობა, სხვა კვალიფიკაციიდან. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს რეალისტური, მაგრამ დიდი მოლოდინები, რადგან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომლის გარეშეც რაიმე დიდი მიღწევა წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა ჯგუფი რთულია - შვედეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, კოსოვოც, რომელიც ახალი ფედერაციაა, მაგრამ საკმაოდ კარგია. თუმცა, ამ ჯგუფში, რთული იქნება ყველასთვის. რთული იქნება ესპანეთისთვისაც ითამაშოს საქართველოს წინააღმდეგ. ფეხბურთში, დისციპლინა, სწორი ამბიცია და გუნდური მუშაობა, 100% ინვესტიცია მოთამაშეებში, ადრე თუ გვიან, შედეგს გამოიღებს" , - ამბობს სანიოლი.
რამდენად აჰყვებიან პრაგმატულად მოაზროვნე, საკმაოდ სასიამოვნო ფრანგს, არ მიწყენენ და ცოტა „მძიმე" ქართველები ამას დრო გვიჩვენებს. დრო, რომელიც ამ მომენტში სანიოლის და მის ძველ-ახლა სამწვრთნელო შტაბს, ძალიან ცოტა აქვს. ამას 7 დღეში 3 თამაში და მთელი ეს, კოვიდ-ხლართულობა ემატება, ძალიან ცოტაა. ქართველთა ახალი მწვრთნელი თვლის, რომ მსგავსი ვითარებაა ახლა გუნდში და შესაბამისად, პრობლემებიც იდენტურია. თუმცა, თუ პროფესიონალი ხარ, 3-4 დღიანი შუალედებით და „დიდი გადაფრენებით" თამაშებსაც უნდა მიეჩვიო. თუნდაც, „საქმეში" პანდემია ჩაერიოს.
„ყველა ნაკრებში, ტოპებშიც კი, მსგავსი სიტუაციაა. ამ მომენტში, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პოზიციაზე, იქნება პრობლემა. მოდიან ახალი მოთამაშები, ჩაბრაძე, ბერიძე, გიორბელიძე. საქართველოში, არის ძალიან კარგი თაობა. ფედერაციას, გაწეული აქვს დიდი სამუშაო. ჩემთვის, მნიშვნელოვანი კონკრეტულ თამაშებზე, კონკრეტულ პოზიციებზე მიზნობრივი ფეხბურთელები დავტვირთო. ცხადია, ყველა, მათ შორის წამყვან ნაკრებშიც არსებობს პრობლემები, აქ ვერ იყიდი ფეხბურთელს, როგორც კლუბში. გვყავს საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გამოვიძახეთ, მაგალითად მიქაუტაძე და ბერიძე. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე რგოლში პრობლემა გვაქვს, უფრო მეტი პოტენციალი შეტევაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პოზიციებზე ახლა პრობლემა გვაქვს. ყოველი მატჩი განსხვავებულია. არ შეიძლება ისევე ეთამაშო ესპანეთსა და საბერძნეთს, როგორც შვედეთის წინააღმდეგ ითამაშებ და ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.
ჩვენ ნაკრების სტაფთან ერთად, უმოკლეს დროში დიდი სამუშაო გავწიეთ. ვუყურეთ ძალიან ბევრი ფეხბურთელის თამაშს. ნაკრებში მოსახვედრად, უნდა ანახო პოტენციალი. ამიტომ, დიდი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის ხიზანიშვილთან ერთად. ჩვენ, არ გვაქვს ფიქსირებული წესი ვინ იყოს ნაკრებში და ვინ არა. ჩვენ, ვეცდებით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები", - ამბობს სანიოლი.

პრეს-კონფერენციაზე იყო შეკითხვა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებზე. სანიოლიმაც, რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება და ჩამოთვალა ეროვნული ლიგიდან, ამ სანაკრებო ფანჯრის დროს გამოძახებული ფეხბურთელები. შესაბამისად ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულ ლიგაში თამაში ნაკრებში მოსახვედრად პრობლემა და დაბრკოლება არასდროს უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მისი ფორმაციის გუნდში. გუნდში, რომელსაც პირველი მატჩი მომდევნო კვირაში უწევს.
სანაკრებო შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახალი მწვრთნელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, სრულად კონცენტრირებულია შვედეთთან თამაშზე. ამიტომ, დღევანდელი პრეს-კონფერენციის შესახებ სტატიასაც სწორედ, ამ თემით დავასრულებთ. უფრო ზუსტად, ამ თამაშში მონაწილე ორი გუნდის ორ სახესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხით:
პირველი - ჯაბა კანკავა, იქნება თუ არა, კვლავ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი?
სანიოლი: ჯაბა კანკავა, კარგა ხანია ნაკრების კაპიტანია. მე მასთან ჯერ არ მისაუბრია. მომდევნო სამ მატჩში, ის იქნება კაპიტანი, თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა შეიცვალოს. მასზე ბევრი დადებითი მსმენია. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებთან ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ჯერჯერობით კი, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.
მეორე - იბრაჰიმოვიჩი...
სანიოლი: ზლატანთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. არის ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი მოთამაშე. როგორც ფეხბურთის მოყვარულს, მინდა მინდორზე საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა. ამრიგად, ძალიან მოხარული ვარ, მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით. ველოდები, მომავალ კვირაში მას მოედანზე ვიხილავ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ფაქტორი ჩვენი მოთამაშეებისთვისაც დიდი მოტივაცია იქნება. ეს კარგია კიდევ, ჩვენი ახლაგაზრდა მოთამაშეების, მათთვის, ვისაც უნდა გაზრდა და პროგრესი, უკეთესი კარიერა მომავალში. კარგია, რომ ნახონ ის თამმაშში. იბრას, რონალდოს, მესის, მბაპეს, სკამზე არ უნდა უყურო. ისინი მოედანზე უნდა ნახო.

***
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ შეხვედრებს 25 მარტიდან გამართავს:
25 მარტი / შვედეთი - საქართველო
28 მარტი / საქართველო - ესპანეთი
31 მარტი / საბერძნეთი - საქართველო
პირველი სამი ოფიციალური შეხვედრისთვის კი, ჩვენი გუნდი, 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.





ჩვენ








