„თელავი“ – „დინამო თბილისი“ გადაიდო
„თელავი“ – „დინამო თბილისი“ გადაიდო
17.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


კორონა ვირუსი ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშებაში პირველად ჩაერია. ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩი, რომელშიც თელაველებს, „კავკასიონ არენაზე" 20 მარტს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, 6 დღით გადაიდო.  მიზეზი, კახელების გუნდში არსებული ეპიდვითარებაა. ჩვენი ინფორმაციით, კორონა ვირუსი გუნდის 12 მოთამაშეს და სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრს დაუდასტურდა.


საფეხბურთო კლუბმა თელავმა, სოციალური ქსელით თამაშის გადადების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „სკ "თელავი" მადლობას უხდის თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გულისხმიერებისთვის და გაგებისთვის, რადგან უეფას დებულებით, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად თუ გუნდი მინიმუმ, 11 მოთამაშეს აგროვებს, მატჩი ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ჩატარდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწინააღმდეგე გუნდი თანახმაა თამაშის გადადებაზე ან მოგვიანებით გამართვაზე


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთპიროვნულად ვერ გადადებდა თამაშს, მათ მეტოქე კლუბთან გვიშუამდგომლეს, მატჩის გადადების და მოგვიანებით გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება კი, „დინამოს" ხელმძღვანელობამ მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.


უკვე  გადაწყვეტილია, რომ „თელავისა" და „დინამო თბილისის" მატჩი მომდევნო კვირაში, პარასკევს, 26 მარტს გაიმართება და „კავკასიონი არენაზე" შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. ცნობილია ისიც, რომ თუ არ ჩავთვლით კოვიდ-სიტუაციას, ორივე გუნდს რამდენმე ფეხბურთელი დააკლდება. საქმე ისაა, რომ „დინამო თბილისიდან" საბა ხვადაგიანი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, „თელავიდან" კი, ცოტნე კაპანაძე, რევაზ ინჯგია და შოთა შეყილაძე დააკლდებიან. ფეხბურთელები, 21-წლამდე ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე, 22 მარტიდან, რამაზ სვანაძეს ჰყავს გამოძახებული.