სანაკრებო თამაშებზე გულშემატკივარი ბრუნდება - რამდენი, როგორ და რა პირობებით!
სანაკრებო თამაშებზე გულშემატკივარი ბრუნდება - რამდენი, როგორ და რა პირობებით!
18.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე საათის წინ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, გულშემატკივარი, უეფა-ს რეკომენდაციის შესაბამისად, სტადიონის ტევადობის 30% დაიშვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ, პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.


რამდენი მაყურებელი შევა სტადიონზე

ძალიან სასიხარულოა, რომ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, ესპანეთის ნაკრებთან, გულშემატკივარი დაუბრუნდება ტრიბუნას. რა თქმა უნდა, იცით, რომ ჩვენი გუნდისთვის, ძალიან მნიშნელოვანია ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა. 30%-ით არის დაშვებული უეფას რეგულაციებით და დღეს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეს კვოტა, მაქსიმალურად იქნება ათვისებული. დაახლოებით, 15500 გულშემატკივარს, „დინამო არენაზე" ექნება საშუალება, უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს.


რეგულაციები

თქვენ, იცით, რომ 25-ში პირველი შეხვედრა შვედეთში გვაქვს. გუნდი, 26 დაბრუნდება თბილისში და მოემზადება ამ თამაშისთვის. უკვე 28-ში რეგულაციების სრული დაცვით, გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდება. ჩვენ, უეფა-სთან გვქონდა კომუნიკაცია, ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ისინი, ინფორმირებულნი არიან. პირველადი მონახაზი, თამაშის ორგანიზების კუთხით გავიარეთ. შესაბამის სტრუქტურებთან ხვალ, კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა და საბოლოო ჯამში, ყველა ის რეგულაცია, ორშაბათს, უკვე ცნობილი იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის. ამას განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე და ვიდეო ინსტრუქციასაც მივაყოლებთ. ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და რა თქმა უნდა წარმატებები ვუსურვოთ.


ბილეთები და გადაადგილების უფლება

ბილეთების გაყიდვა, უეფა-ს რეკომენდაციით მოხდება ონლაინ, პირადი ნომრის მითითებით.  ჩვენ თამაშის მიმდინარეობის  დროსაც, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილი შეიძლება გახდეს, იქნება ეს, კვების ობიექტები და ა.შ. მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ვათვითცნობიერებთ, რომ მატჩის დროს, სასმელი წყალი, მინიმუმ, რომ სჭირდება გულშემატკივარს და შევეცდებით ეს, უეფასთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შევათანხმოთ, როგორ მოხდეს, სასმელი წყლის გაყიდვა. შესაბამისად, ყველა ეს რეგულაცია, ორშაბათს იქნება ცნობილი.

ყველა ის ადამიანი, რომელიც მატჩის ბილეთს შეიძენს და იცით, რომ მატჩი 20:00 იწყება, იქნება ბაზაში პირადი ნომრით რეგისტრირებული და ღამის 12:00-მდე მათ, გადაადგილების უფლება ექნებათ.