
თბილისის „ივენთ ჰოლში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის „წლის წიგნის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში, ის ღონისძიებებია აღწერილი, რომლებზეც კალათბურთის ფედერაციამ 4 წლის მანძილზე იმუშავა. 2016-2017 წლების წლის გამოშვებაში, ასევე თავმოყრილია გასული სეზონის ღონისძიებებიც. წიგნს, თან ახლავს კომპაქტ-დისკი, რომელზეც ჩაწერილია აქამდე გამოცემული ყველა - ექვსივე „წლის წიგნის" ელექტრონული ვერსია, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ვიდეო-მასალა, რომელიც ფედერაციამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა: 3X3 კალათბურთი, „სასკი ბასკონიას" კემპი, „ყველა ვარსკვლავის მატჩი" და Junior NBA-Gbf ლიგა.
„ივენთ ჰოლში" გამართულ პრეზენტაციას, საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. სწორედ, მათთვის გაჟღერდა ვიდეო-მესიჯები, რომლებიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა კამილ ნოვაკმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა და „სასკი ბასკონიას" გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა და ჯუნიორ ნბა-ს ხელმძღვანელებმა ნილ მეიერმა და ვანია ჩერნივეცმა გამოუგზავნეს.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში სპეციალური, სამადლობელო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორები და პარტნიორები: საქართველოს რკინიგზა, თბილისის მერია, ბორჯომი, ჰიუნდაი, პე-ეს-პე, ევროპაბეთი, ცოდნისა, ალტა-ოქეი, ქორთიარდ მარიოტი, ოლიმპიური სასახლე, სპორტის სასახლე, საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამორჩეული მადლობა მიიღო და პრიზი გადაეცა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ხოლო საპასუხოდ, მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, საკალათბურთო სამყაროსთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, ვერის საკალათბურთო დარბაზის გადაცემა, კერძო ინვესტორიდან, ფედერაციისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილია და ეს ისტორიული მოვლენა იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ ოფიციალურად განხორციელდება.





ჩვენ








