ბიჭები, რომლებიც ისტორიას წერენ...
ბიჭები, რომლებიც ისტორიას წერენ...
19.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გაიმარჯვა, მიულოცეს. გაიმარჯვეს, მიულოცა, თუმცა, ამ დროისთვის ფეხბურთში საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს, უკვე კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდათ, ძიუდოში ევროპის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილისთვის, „დინამო თბილისის" სათამაშო მაისური ეჩუქებინათ. ბევრი იფიქრეს, იმის შესახებაც თუ, რომელი ფეხბურთელის მაისური ყოფილიყო ის, თუმცა, ბოლოს, გადაწყვიტეს, რომ ტატოს სახელობითი ეკუთვნოდა!


„ქართული გუნდებიდან რომელს ვგულშემატკივრობ (ეცინება). „დინამო თბილისი" საქართველოში საუკეთესო გუნდია. კლუბისგან ასეთი საჩუქარი ცოტა სიურპრიზი იყო ჩემთვის. აუ, მაგარი საჩუქარია და მადლობა. როდესაც დრო მექნება, შევეცდები, რომ ამ მაისურით, „დინამო თბილისის" თამაშებსაც დავესწრო. თან თამაშზე, ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით მოვიდე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო, „დინამო თბილისის" კაპიტანს, გიორგი პაპავას, რომელიც თავად მოვიდა, ძიუდოს დარბაზში, რომ ეს საჩუქარი გადმოეცა", - ამბობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც -81-კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და სხვათა შორის, საუბარში შევამჩნიე, რომ ძალიან უყვარს რიცხვი „13".




წელი კი, რომელიც ალბათ, მსოფლიოში ბევრს უნდა, რომ დაივიწყოს, ტატო გრიგალაშვილისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოდგა. 21 წლის სპორტსმენმა ამ წელს, ჯერ დიუსელდორფის გრანდ სლემი მოიგო, შემდეგ 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონის სტატუსს დაეუფლა და ამ წარმატებიდან ზუსტად 10 დღეში, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ტატამზე გაწონასწორებული და კონცენტრირებული, ცხოვრებაშიც ასეთივეა. თუმცა, პირველივე ნაცნობობისას აღმოაჩენ, რომ ბავშვური სილაღე და სიალალე მისი კიდევ ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. „არსენას" გეძახიანთქო ვკითხე და გააქვს „არსენას" ხასიათითქო?


„ცოტა ჩამჭრელი კითხვაა (ეცინება)... დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ჩემპიონი. თუმცა, ვიღებს ამ პასუხისმგებლობას. გათავისებული მაქვს, რომ ჩემს უკან დგას საქართველო, ოჯახი, მეგობრები, გულშემატკივარი... ყოველთვის ვცდილობ, არ გავუცრუო იმედები", - ამბობს ქართველი ძიუდოისტი, რომელიც  2021 წლის მეორე გრანდ სლემისთვის ემზადება.


კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ძიუდოშიც, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ძიუდოს საერთაშორისო კალენდარშიც შევიდა ცვლილებები. ალბათ გახსოვთ, რომ ერთი წლის წინ, პანდემიით გამოწვეული პირველი გლობალური ეიფორია, სწორედ ძიუდოში ტრადიციული, თბილისის გრანდ პრის დროს დაიწყო. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, IJF-ის ეგიდით ტურნირი თბილისის უფრო აღმატებულ სტატუსში დაუბრუნდა და შესაბამისად ქვეყანაც და სპორტსმენებიც მისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. თბილისის გრანდ სლემისთვის ემზადება ტატო გრიგალაშვილიც, რომლის 2021 წლის სათვალავში უკვე დოჰას ტურნირზე მოპოვებული პირველი ტიტულია და შესაბამისად ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ოლიმპიური თამაშებისკენ.   


„საქართველოში, მალე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩატარდება. თბილისი მასპინძლობს ამ ტურნირს და ბევრი ქვეყანა იყრის თავს. თბილისის გრანდ სლემზე 84 ქვეყანაზე მეტია დარეგისტრირებული. ჩვენც, ვემზადებით, მთელი გუნდი, სრული სვლით ოქროსკენ და იმედია ყველაფერი გამოგვივა", - ამბობს ტატო გრიგალაშვილი.


საქართველოს ძიუდოს ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური წვრთნა ჩატარდება. თბილისის გრანდ სლემამდე, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს გარდა, ერთობლივ ვარჯიშებზეც, 11 ქვეყანის წარმომადგენელია ჩამოსული. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მიაჩნიათ, რომ ყველა ის სპორტსმენი, რომელიც თბილისური ტურნირისთვის შეირჩა და შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სლემებზე, ნაკრების შემადგენლობა სულ იცვლება, ის სპორტსმენები შეირჩნენ, რომლებმაც ყველა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს და ახლა მზად არიან თბილისის გრანდ სლემზე ასპარეზობისთვის.


სხვათა შორის, როდესაც ტატოს შევხვდით, ცნობილი იყო, რომ სპორტულ შეჯიბრებზე გულშემატკივარი არ დაიშვებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, გამოცხადდა, რომ სპორტულ დარბაზებში, პანდემიიდან გამოწვეული რეგულაციების გათვალისწინებით, გულშემატკივრის 30 %-ის დასწრებაა შესაძლებელი. კონკრეტული სტატიის გამოქვეყნების მომენტში, კი საქართველოს ძიუდოს ფედერაცია IJF-თან გადის კონსულტაციებს, რა და როგორ იყო. ჩვენ კი, ერთობლივ წვრთნებამდე მომხდარ, ამ პატარა თავგადასავალს დავუბრუნდეთ, რომლის დროსაც TSFF.GE, "დინამო თბილისის" კაპიტანთან ერთად, ძიუდოს აკადემიას ესტუმრა, სპეციალურად ტატოს გასაცნობად. თუმცა, აქვე, ძიუდოისტების ინიციატივით, სპორტის ამ ორი სახეობის წარმომადგენელთა (რომლებიც სამეზობლოში არიან) სამომავლო ურთიერთობის იდეებიც „წამოვიდა". ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა, ერთი ფაქტია, ახლა ძიუდოისტებს სრული კონცენტრაცია ჯერ კონკრეტულ ტურნირზე, შემდეგ კი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაზე მართებთ. დინამოელებს კი, ეროვნული ლიგის საკმაოდ საინტერესო თამაშები და ევროტურნირებისთვის მზადება აქვთ წინ.




„ცოტა შორს ვართ მე და ბურთი. თუმცა, ფეხბურთი ძალიან აზარტულია. ისე, რომ მე ბევრს ვთამაშობდე ფეხბურთს და კარგად გამომდიოდეს თამაში, ასე, ნამდვილად არ ვარ. უფრო ყურება მიყვარს და არის თამაშები, ჩემში დიდ ინტერესს, რომ იწვევს", - ამბობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც „დინამო თბილისის" კაპიტანს დაპირდა, რომ საქართველოს ჩემპიონის მაისურით, დინამოელთა თამაშს აუცილებლად უყურებს „დინამო არენის" ტრიბუნიდან.