
გუშინ დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. სუპერლიგიდან გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფმა "დინამომ" ერთპიროვნულ ლიდერ "რუსთავს" უმასპინძლა და 82:88 (სტატისტიკა) დამარცხდა.
მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილ დინამოელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, ხოლო ტიტულოვან ქართულ გუნდს მხოლოდ 5 გამარჯვება აქვს და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. დებულების თანახმად ბოლო ადგილზე გასული გუნდი "ა" ლიგაში პირდაპირ ვარდება, ხოლო ბოლოსწინა, მე-10-ადგილოსანი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას თამაშობს.
დინამოელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მთელი პირველი ტაიმი იგებდნენ. საწყისი ათწუთეული ტაჩის გუნდმა 29:23 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის რუსთაველებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა დიდი შესვენება კარგად გამოიყენა და მოედანზე დაბრუნებული რუსთაველები აწყობილად ათამაშდნენ.
ორიოდ წუთში სტუმრები დაწინაურდნენ, ხოლო როცა პირველ ნახევარში პასიურმა მაიკ დევისმა სამიზნე გაისწორა, ბოისას გუნდი დამაჯერებლად გალიდერდა. მესამე პერიოდი სტუმრებმა 23:14 მოიგეს და ბოლო შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. აღებული ინერცია ქვემოქართლელებმა ბოლომდე ისე შეინარჩუნეს, რომ დინამოელებმა საქმის გამოსწორება ვეღარ შეძლეს. თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს 23 ქულით მაიკ დევისმა ულიდერა. 18 ქულა და 15 მოხსნა ჯილან ვაშინგტომა მიითვალა, ხოლო მაიკლ უაითის ანგარიშზე 18 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. დინამოში 16-16 ქულა სამმა კალათბურთელმა - ლუკა ბულაშვილმა, ალონზო უოკერმა და ვლადიმერ თავაქარაშვილმა მიითვალეს.
***

სუპერლიგაში ყველაზე უიღბლო სერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს აქვს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც პირველ წრეში გამართული 10 მატჩიდან 7 მოიგო, მეორე წრეში ექვსივე შეხვედრა წააგო. უნივერსიტეტელებმა ზედიზედ მეექვსე მარცხი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, "ვერასთან" განიცადეს - 81:87 (სტატისტიკა).
თავის მხრივ, ვერას აღმავლობის პერიოდი უდგას. გუნდს მისი ერთ-ერთი მფლობელი და პრეზიდენტი - დავით გასიტაშვილი წვრთნის, რომელმაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ვერელებს პირველი წრის შემდეგ საქმე დალხენილად არ ჰქონდათ და ტურიდან ტურამდე ცხრილის ბოლო ადგილებზე იყვნენ, თუმცა ზედიზედ 4 მოგების შემდეგ საქმე გვარიანად გამოიკეთეს და სუპერლიგაში დარჩენა თითქმის გაინაღდეს კიდეც.
როგორც გასულ მატჩებში, დღევანდელი შეხვედრაც ვერამ ბრძოლის ხარჯზე მოიგო. გასიტაშვილის გუნდმა ბრძოლის კლასიკური მაგალითი აჩვენა. ვერელებმა ჯერ დასაწყისში გაქცეული (19:8) მეტოქე შეაჩერეს და ჩამოიტოვეს, შემდეგ კი 12-ქულიანი ლიდერობის განიავებისა და 3 ქულით ჩამორჩენის შემდეგ მოახდინეს ძალთა მობილიზება. პირველი ნახევარი ვერელებმა 48:36 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში თსუ-ს კალათბურთელებმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ ეს დეფიციტი ხომ აღმოფხვრეს, 3 ქულითაც დაწინაურდნენ - 74:71. მესამე პერიოდის ბოლო წამზე გიორგი ვახანიამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და ბოლო პერიოდი საყაიმო ანგარიშით დაიწყო.
სწორედ ბოლო წუთებზე, რამდენიმე შეტევის მოგერიებისა და შედეგიანი შეტევის შედეგად ვერელები 5 ქულით დაწინაურდნენ. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა და როცა თსუ-მ საკვანძო შეტევაც გააცუდა, ყველაფერი ვერელთა სასიკეთოდ დასრულდა. გამარჯვებულებს 29 ქულითა და 9 მოხსნით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. 18 ქულა აარონ პარკსმა მიითვალა. ჯოშუა ჰავლის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 25 ქულა ჰქონდა ქუენთინ დავს, 18 ქულა საბა ლობჯანიძემ მოაგროვა, ხოლო ხოლო რიჩარდ ქალდველის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
***

საკალათბურთო კლუბ "ოლიმპის" 6-მატჩიანი წარმატებული სერია დასრულდა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდის მოგებების ჯაჭვი არჩილ ჟღენტის "კაკტუსმა" გაწყვიტა. შეკრული, კარგად შეთამაშებული და დალაგებული თამაშის წყალობით კაკტუსელებმა მოახერხეს წარმატებული მეტოქის დამარცხება და სატურნირო მდგომარეობა ისე გაიუმჯობესეს, რომ სუპერლიგიდან გავარდნა რეალურად აღარ ემუქრებათ.
ოლიმპს სოლიდური დანაკლისი ჰქონდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშა გუნდის ბომბარდირმა და ლიდერმა, ეროვნული ნაკრების წევრმა, კახა ჯინჭარაძემ. ზედიზედ 6 მოგების მომპოვებელი გუნდისთვის 1 მოთამაშის არყოფნა ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო და ოლიმპელებმაც ყველაფერი გააკეთეს წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, თუმცა ბოლო წუთებზე გამოჩენილი დიდი ბრძოლა არ დაუფასდათ. არადა, როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ლამის უიმედო მატჩი შემოატრიალა და ცოტაც რომ გამართლებოდა, ზედიზედ მეშვიდედ იმარჯვებდა.
კაკტუსელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ შეუშინდნენ ბოლო წუთებზე შემართულ მეტოქეს და ის უპირატესობა, რაც თამაშის განმავლობაში დიდი ოფლისღვრის შედეგად მოიპოვეს, ბოლომდე შეინარჩუნეს. მესამე პერიოდის 26:17 მოგების შემდეგ კაკტუსმა 13-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ბოლო ათწუთეულიც ჟღენტის გუნდის სასარგებლო სცენარით დაიწყო და ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთი დარჩებოდა. სწორედ ამ დროს ოლიმპელებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და 12 ქულით (77:89) ჩამორჩენილებმა მოსაგებად გაიწიეს. დევანტე ფოსტერისა და ოთარ ფხაკაძის შედეგიანობამ, რასაც ოლიმპელთა მტკიცე დაცვა უმაგრებდა ზურგს, ის შედეგი მოიტანა, რომ დასრულებამდე 30 წამით ადრე კაკტუსის ლიდერობა მინიმუმამდე შემცირდა - 91:90.
კაკტუსელთა ლიდერმა სამაი ჰაინს-ჯონსმა 2 საჯარიმო ჩააგდო, თავისიანები 93:90 (სტატისტიკა) დააწინაურა და ოლიმპს თამაშის გადასარჩენად, ანუ სამქულიანის ჩასაგდებად 15 წამი დარჩა. კენდრიკ ტომპსონის გამთანაბრებელი სამქულიანი მიზანს ასცდა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი ლევან მასხულია იყო - 15 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 21 ქულა მიითვალა. სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 28 ქულით ტომპსონი გამოირჩა, დევანტე ფოსტერმა 24 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 9 ქულა და გამორჩეული 14 პასი დაგროვდა.
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 24 მარტს თბილისში და 25-ში ბათუმში გაიმართება.





ჩვენ








