
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020-21 წლების სეზონის IV ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში სატურნირო ცხრილის მეორე ადგილოსანი ევროპის უნივერსიტეტი გორს დაუპირისპირდა, 2-1 იმარჯვა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.
პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. თამაშის განახლებიდან მალევე „სტუდენტები" კარლო წვერავამ დააწინაურა. დავით ტლაშაძემ ოცდამერვე წუთზე წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც, გორს წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ გუნდმა ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და მატჩის დასრულებამდე საბოლოო ანგარიში ვალერ ქსოვრელიშვილმა დააფიქსირა.
ვალერ ქსოვრელიშვილი, EU: „რთულ თამაშს ველოდით და ასეც გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ აშკარად გვაჯობა. შემდეგ უკვე მოვბილიზდით. ორი გოლის გატანა შევძელით. პენალტის ეპიზოდში ოდნავ გაგვიმართლა და ბოლოს ბევრი მომენტიც ვერ გამოვიყენეთ. დღეს ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორსაც ველოდებოდით, გაგვიჭირდა. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ შეცდომები".
დავით ტლაშაძე, გორი: „ევროპის უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბოლო თამაშებში დაღლილობა გვეტყობა. ცოტა უიღბლობასაც დავაბრალებდი დღევანდელ შედეგს. შეტევაში ბევრ მომენტს ვაფუჭებთ, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა. ვცდილობთ ნელ-ნელა იმ ფიზიკურ კონდიციამდეც მივიდეთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ოთხეულში მოსახვედრად ქულები ძალიან გვჭირდება, ამიტომ ბევრი მუშაობა მოგვიწევს".
ტურის კიდევ ორი შეხვედრ ქუთაისში, მართვე-ბსსა და ხოლო, თბილისში, თსუ 2-არმია შორის გაიმართება.
***
ქუთაისის მართვე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაუპირისპირდნენ. სანახაობრივ მატჩში ბსსა-მ წონასწორობა ბოლო წამებზე აღადგინა და შეხვედრა ფრედ 5:5 დასრულდა.
„ქუთათურები" თამაშის მანძილზე ოთხჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ „მეზღვაურებმა" წონასწორობის აღდგენა ყოველ ჯერზე შეძლეს და ქულა მაინც მოიპოვეს. მართვეს რიგებიდან ჰეთ-რიკი ირაკლი გვეტაძემ გაიფორმა, ორი ბურთია მალხაზ შველიძის ანგარიშზე. ბსსა-ს დუბლით მალხაზ შამილაძე დაეხმარა, მეორმოცე წუთზე კი აქტივში მეორე ბურთი რეზო მალაყმაძემ მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებული შედეგით ბათუმის აკადემიამ ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ ცხრილში ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.
ირაკლი გვეტაძე, მართვე: „ნამდვილად ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა უპირატესობით გვიტევდა მეტოქე, თავი ცუდად დავიცავით. ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე გვაკლია, ერთს კი წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, აქედან გამომდინარე, დასუსტებული შემადგენლობით ვიყავით. ვერ ვახერხებდით თამაშის განმავლობაში დასვენებას, რაც დაგვეტყო. მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ ძალიან მოინდომა. აქვე მინდა ჩვენი გუნდის წევრს, თორნიკე გოქაძეს მივულოცო დაბადების დღე".
რეზო მალაყმაძე, ბსსა: „ველოდით ასეთ დაძაბულობას. ქუთაისთან თამაშის გამოცდილება გვაქვს და ცოტა გვიჭირს ხოლმე. მობილიზებულები შევხვდით დღევანდელი მატჩს. მეორე ტაიმის დასაწყისში მეკარემ წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლულები ვიყავით, რამაც რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენა. სასურველ შედეგს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ბოლოს ანგარიშის გათანაბრებისას, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ყველაფერი გავაკეთეთ თამაშის გადასარჩენად და ქულა მაინც მოვიპოვეთ".
***
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრები არმიასა და თსუ 2-ის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ მატჩში „სტუდენტებმა" 6-4 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 2-2 დასრულდა. ტაიმის განახლებიდან მალევე ორი წუთის ინტერვალში „სტუდენტები" ორი ბურთით დაწინაურდნენ. დავით კოხრეიძემ ოცდამეთერთმეტე წუთზე გატანილი გოლით დუბლი გაიფორმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თსუ-მ კვლავ მოახერხა გაქცევა და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ლაშა ერქომაიშვილმა აქტივში დუბლი მიითვალა.
საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „ცუდი სტარტი გვქონდა სეზონის დასაწყისში, მაგრამ უკვე ფორმაში შევდივართ. დაშვებულ შეცდომებზე ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ და ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. დაძაბული მატჩი იყო. ბოლო მომენტში უფრო ყურადღებით და მონდომებით ვიყავით, რაც სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარა. მწვრთნელის მითითებებს მაქსიმალურად ვასრულებთ, ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკებს და დღეს ეს ყველაფერი აისახა ჩვენს თამაშში".
ფუტსალის ლიგა 2-ის V ტურის შეხვედრები 27 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
Sbm.ge ფოტოები





ჩვენ








