5 დღე არჩევნებამდე
5 დღე არჩევნებამდე
05.12.2017
ავტორი:

დღეს, ამოიწურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველათა განაცხადების მიღების ვადა. კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, უწყების ხელმძღვანელობაზე პრეტენზია ორმა კანდიდატმა პაატა გურასპაულმა (წარადგინა - თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა) და შიო ხეცურიანმა (წარადგინა, სკ „მგზავრებმა") გამოთქვეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, 2017 წლის 11 დეკემბერს, 13 საათზე,  „ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებში სრულუფლებიანი-ხმის  მიცემის უფლების მქონე სუბიექტების ვინაობა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის მიერ არის განსაზღვრული (იხილეთ ბმული). საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლიანი საანგარიშო ვადით აირჩევა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყო მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რიცხვი 3, ან შესაძლოა 4-იც ყოფილიყო. თუმცა, ერთ-ერთმა კანდიდატმა, კახა შენგელიამ, ისე, რომ ფედერაციაში რეგისტრაციაც არ გაუვლია, კანდიდატურა მოხსნა შიო ხეცურიანის სასარგებლოდ. კიდევ ერთმა სავარაუდო პრეტენდენტმა, კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ კი კვირას, „ივენთ ჰოლში" გამართულ „წლის წიგნის" პრეზენტაციაზე, განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ის არ აპირებდა მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ არჩვენების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, აუცილებლად, ახალი პრეზიდენტი ეყოლებოდა.