
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი სულ უფრო წინ მიიწევს. 2 აპრილს ის საკუთარ მაჩვენებელს გააუმჯობესებს და გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროთასების ფლეი ოფში იმსაჯებს.
ამაშუკელი უკვე მესამე წელია ევროთასების შეხვედრებს მსაჯობს. აქამდე მას ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე ნიშნავდნენ, ჩემპიონთა თასზე დებიუტში კი ხელი კორონავირუსმა შეუშალა. თუმცა მისი პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ევროპის 16 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვდა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში 'ლონდონ აირიშისა' და 'კარდიფ ბლუზის' შეხვედრის განსჯა ანდეს.
აღსანიშნავია, რომ 16 მსაჯს შორის ვერ მოხვდა ვერცერთი იტალიელი რეფერი, მხოლოდ თითო-თითო წარმომადგენელი ყავს ისეთ სარაგბო ქვეყნებს, როგორებიც შოტლანდია და უელსი არიან, ორი ირლანდიელია, დანარჩენ 11 ადგილს კი ინგლისელი და ფრანგი მსაჯები ინაწილებენ.
„ასეთ ვიწრო ჯგუფში ყოფნა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში მსაჯობა, მართლაც რომ ღირშესანიშნავი ამბავია. გადავხედე სხვა მერვედფინალური წყვილის მსაჯებს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა. ინგლისურ-უელსური დაპირისპირება საკმაოდ რთული სამსაჯო იქნება, თუმცა რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო მატულობს ინტენსივობა და წნეხი. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, რათა ამ კუთხითაც ვასახელო ჩვენი ქვეყანა და განვამტკიცო ის ნდობა, რაც ქართველი მსაჯების მიმართ დამსახურებულად გაჩნდა", - ამბობს ამაშუკელი, რომელსაც კოვიდ-რეგულაციების გამო, სამწუხაროდ, კიდეებიდან ქართველი მსაჯები ვერ დაეხმარებიან.





ჩვენ








