გადამწყვეტი ეტაპი საკალათბურთო სუპერლიგაში ახლოვდება
გადამწყვეტი ეტაპი საკალათბურთო სუპერლიგაში ახლოვდება
24.03.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ჩემპიონატის დასასრული, მით უფრო მძაფრდება ბრძოლა ცხრილის ბოლოში. ლიდერებში ბევრი რამე გარკვეულია და ასეც რომ არ იყოს, წინაა პლეი ოფი და ყველაფერი იქ უნდა გაირკვეს, ხოლო ცხრილის ბოლოში თუ ვერ იყოჩაღებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგის მიღმა დარჩება, ხოლო მეათეადგილოსანი გადათამაშებას ითამაშებს. ამიტომაც, ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდებისთვის ყოფნა-არყოფნის თამაშები დაიწყო. მით უფრო მნიშვნელოვანია მატჩი, როცა ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებიან. სწორედ ასეთი მატჩი შედგა დღეს, რომელშიც "ცხუმ-აფხაზეთმა" 105:91 (სტატისტიკა) დაამარცხა "დინამო" და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონს საქმე გაურთულა.


მატჩი ძალიან დაძაბული და უშეღავათო გამოდგა. ცხუმ-აფხაზეთმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, მანამდე კი მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. მოთამაშეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, იყო ხისტი, ტექნიკური ჯარიმებით დახუნძლული ორთაბრძოლა, თუმცა იყო შედეგიანობაც და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ანგარიში დაფიქსირდა.


ჩინებულად ითამაშა ცხუმელთა ვეტერანმა წევრმა ვასილ ბერუაშვილმა, რომელმაც პირველ ნახევარში 20 ქულა ჩააგდო. მის შემდეგ ესტაფეტა ცხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯოშუა მაკფოლიმ გადაიბარა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, აქედან 2 ძალიან საკვანძო, რის შედეგადაც მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამოელები საბოლოოდ გატყდნენ. 


საბოლოოდ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ცხუმ-აფხზაზეთში 24 ქულით ვასილ ბერუაშვილი გახდა საუკეთესო. ალექსანდრე ფევაძემ 14 მოხსნა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ჯოშუა მაკფოლი 20 ქულით გამოირჩა. დინამოელთაგან 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკლ ედვარდსი. ლუკა ბულაშვილი 25 ქულით ბომბარდირი გახდა. 


ამ გამარჯვებით ცხუმ-აფხაზეთი წელში გაიმართა და გასავარდნ ზონას ცოტა დაშორდა. დინამოელებმა კი საქმე ძალიან გაირთულეს. დღეს ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში სუპერლიგის კიდევ 3 მატჩი გაიმართება.


***




სუპერლიგის მორიგი მატჩი დასრულდა, რომელშიც აუტსაიდერი დამარცხდა. ბუბა ბერიშვილის "მგზავრები" ბოლო ადგილზეა და სუპელიგაში დარჩენისთვის იბრძვის. დღეს ამ გუნდის მეტოქე ერთ-ერთი ლიდერი "ქუთაისი" გახლდათ, რომელსაც ცხრილში მეორე ადგილში ალბათ ვერავინ შეეცილება. მიუხედავად დიდი ბრძოლისა და თავდადებისა, მგზავრებმა გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა და დღესდღეობით სუპერლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია.


ქუთაისელთა შემადგენლობაში არ იყო 2 ლეგიონერი - დეჟუან რაითი და ლუკ მოიერი. თუმცა ვინც მოედანზე იყო, ბოლომდე იბრძოდა და შესაბამისად, ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 18:14 მოიგეს, ხოლო მეორეში 21:18 იძალეს და დიდ შესვემებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდი მგზავრებმა 27:20 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ ფრე იყო, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის დასაწყისში მგზავრები 67:61 დაწინაურდნენ და სანატრელ გამარჯვებას მიუახლოვდნენ. 


ქუთაისელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ერთ მუშტად შეიკრნენ. კაჰიმ რენსომის მეთაურობით იმერულმა კლუბმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურდა კიდეც და გასამარჯვებლად საკმარის ლიდერობას დაეპატრონა. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 83:76 (სტატისტიკა) იმარჯვეს და მეორე ადგილი გაიმყარეს. მგზავრები კი ბოლო ადგილზეა 4 მოგებითა და 12 მარცხით.


ქუთაისელებს 25 ქულითა და 1 პასით კაჰიმ რენსომმა ულიდერა. 23 ქულა ჟოელ ალმეიდამ, ხოლო 11 -ლევან გრძელიძემ მიითვალა. მგზავრებში 25 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტროი სტიუარდი. 16 ქულა ტეილორ ედვეიმ მიითვალა, ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 14 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.


***




ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა თსუ-მ ბრწყინვალე გამარჯვებით 6-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა. სწორედ ამდენ შეხვედრაში უნივერსიტეტელებს გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული და დღეს, ზედიზედ მეშვიდე მარცხის პირას იყვნენ, როცა "ტიტებთან" მატჩის მესამე პერიოდის დასრულებამდე 3:20 წუთით ადრე  17 ქულით - 45:62 აგებდნენ. სწორედ ასეთი ჩამორჩენის შემდეგ, შეუპოვარი, გუნდური და გააზრებული თამაშის წყალობით თსუ-ელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიშია 84:81 (სტატისტიკა), რაც უნივერსიტეტელების ბოლომდე ბრძოლისა და შეუპოვრობის შედეგია.


მესამე პერიოდში 17 ქულით ჩამორჩენის შემდეგ თსუ-მ დაცვა გაამაგრა. მეტოქეს მაქსიმალურად უშლიდა ხელს ქულების აღებაში, თავად კი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადადიოდა და შეტევების მრავალფეროვანი დაბოლოვებით ქულებს იხვეჭდა. უნივერსიტეტელთა შეტევებს ორგანიზებას ბრენდონ სლაი უწევდა, რომელიც უფრო ხშირად, როცა მცირედი შანსი მიეცემოდა, უტევდა. 


მესამე პერიოდის ბოლომდე თსუ-ელებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს და ბოლო მეოთხედის დაწყებასთან ერთად გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. მთავარი გარღვევა უნივერსიტეტელებმა ბოლო პერიოდის შუაწელში მოახდინეს, როცა მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 63:73 აგებდნენ და მომდევნო ხუთწუთნახევარში მეტოქეს 18:2(!) აჯობეს. ამ საოცარ გაქცევაში თსუ-ს თითქმის ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამორჩეულები ბრენდონ სლაი, ბრაის სმიტი, მიხეილ ჭოჭუა და ქუენთინ დავი იყვნენ. ძირითადად სწორედ ამ მოთამაშეთა ქულებითა და მთელი თსუ-ს მედგარი დაცვით მოხერხდა გადამწყვეტი გაქცევის განხორციელება, რამაც 3 პერიოდის მანძილზე ლაღად მოთამაშე "ტიტები" საბოლოოდ გატეხა. 


ბოლო წუთზე თსუ 81:75 იგებდა და ლამის ჯიბეში მქონე გამარჯვება კინაღამ ხელიდან გამოეცალა. ჯერ ჯორდონ თალიმ, შემდეგ თეიმურაზ ბაბუნაშვილმა სამქულიანები ჩააგდეს და ანგარიში გაათანაბრეს - 81:81. თსუ-ს ბოლო შეტევისთვის 22 წამი დარჩა. ბურთი და თამაში საკუთარ ხელში ბრენდონ სლაიმ აიღო, რომელმაც ბურთი ბოლომდე გაათამაშა და საფინალო სირენამდე 0.9 წამით ადრე ამერიკელმა ლეგიონერმა ისე ჩააგდო ორქულიანი, მასზე მეურვე დაჯარიმდა. სლაიმ ბონუს-სროლაც ჩააგდო და უნივერსიტეტელებს ნანატრი გამარჯვება მოუტანა. 


თსუ-ში საუკეთესო, რა თქმა უნდა, ბრენდონ სლაი გახდა: 24 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი. 15 ქულა ქუენთინ დავმა, ხოლო 11 - ბრაის სმიტმა მოაგროვეს. ტიტებში 19 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი. 16 ქულა ჯორდონ თალიმ, ხოლო 13 - პრინს უილიამსმა მოაგროვა.


***




ოლიმპიურ სასახლეში დღეს დანიშნული მეოთხე მატჩი დასრულდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა "ვერამ" დაძაბულ ბრძოლაში - 75:73 (სტატისტიკა) დაამარცხა "ოლიმპი" და წარმატებული სერია 5 მატჩამდე გაზარდა. მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მეტოქეები ამ თანმიმდევრობით დაამარცხეს: ტიტები, დინამო, ბათუმი, თსუ და ოლიმპი. ამ გამარჯვებით ვერელებმა მომავალი სეზონის სუპერლიგაში ადგილი ფაქტობრივად გაინაღდეს. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი სამივე შეხვედრა რომ წააგოს, ვერა ბოლო ადგილს აღარ დაიკავებს. მოგეხსენებათ, ბოლოადგილოსანი სუპერლიგიდან "ა" ლიგაში ყოველგვარი გადათამაშების გარეშე ვარდება. 


რაც შეეხება შეხვედრას, ვერელებმა მატჩი ბრძოლაში მოიგეს. მართალია, პირველ ნახევარში გასიტაშვილის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ მეორეში ლიდერის გარეშე მოთამაშე ოლიმპელები გააქტიურდნენ და ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, ბოლო წუთებზე კი გამარჯვების შანსიც ჰქონდათ. ოლიმპს მეორე თამაშია აკლია ტრავმირებული კახა ჯინჭარაძე, რომელთან ერთადაც 5-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და მისი ჯინჭარაძის ტრავმის შემდეგ, მიჯრით მეორე შეხვედრა დათმო.


საინტერესოა, რომ ვერელებმა მეტოქე ისე დაამარცხეს, მათი ლიდერი ბრაისონ სკოტი მხოლოდ 8 ქულას დასჯერდა. არადა, ბოლო 6 მატჩში მის ანგარიშზე საშუალოდ 26.6 ქულა იყო. ანუ გამოდის, რომ ვერამ უფრო მეტი გუნდურობით ითამაშა და პლეი ოფის წინ ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს. 


ბოლო წუთებზე ვითარება ცოტა დაიძაბა. ბრაისონ სკოტს ნერვებმა უმტყუნა და ჯერ არასპორტული ჯარიმა მიიღო, შემდეგ ტექნიკურიც. შედეგად, ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და თამაშის გადასარჩენად საკმარისი დროც დარჩათ. გადამწყვეტ შეტევაში დონოვან სმიტმა სამქულიანი ტყორცნა, რომელიც, რომ ჩავარდნილიყო, ოლიმპი მოიგებდა...


ვერელებს 16 ქულითა და 11 მოხსნით ჯოშ ჰავლიმ ულიდერა. 15 ქულა გივი ბაქრაძემ ჩააგდო, ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 22 ქულით საუკეთესო იყო კენდრიკ ტომპსონი, 21 ქულა და 8 მოხსნა დონოვან სმიტის ანგარიშზეა. 


სუპერლიგის მიმდინარე ტური ხვალ, ბათუმში დასრულდება, სადაც სათამაშოდ გათამაშების ლიდერი "რუსთავია" ჩასული. 


რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი არ დარჩა. ზოგ გუნდს 3, ზოგს - 4, ზოგსაც - 5 მატჩი აქვთ ჩასატარებელი. გუნდებში თამაშების არათანაბარი რაოდენობა ეს ერთის მხრივ ჩემპიონატში მონაწილეთა კენტი რაოდენობის, მეორეს მხრივ ტექნიკური მიზეზით გამო გადადებული მატჩის - "მგზავრები" - "ცხუმ-აფხაზეთის" გამოა.