შვედეთში ამბიციით ჩასული ქართული გუნდი...
შვედეთში ამბიციით ჩასული ქართული გუნდი...
25.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ, ფეხბურთში, საქართველო ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ვებ-გვერდმა, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტოკჰოლმში, „მატჩის დღე 1"-ის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც გაწერილი იყო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ვიცე-კაპიტანმა, „ფრენდს არენაზე" გამართულ პრეს-კონფერენციაზე შვედური მედიის კითხვებს უპასუხეს.


ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ.


„პირველ რიგში მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.




ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე, რომ როდესაც მოედანზე გადიხარ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები, ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ", - ამბობს, ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება


„კარგი მოლოდინი გვაქვს, სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რომ გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა. ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია", - ამბობს, გურამ კაშია.




სტოკჰოლმში მყოფი ყველა ფეხბურთელი, ამავე გვერდის მიერ გამოქყევნებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ჯანმრთელად არის და თამაშისთვის ემზადება. შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი, ხვალ, 25 მარტს, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება.