დებიუტების მატჩი
დებიუტების მატჩი
26.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმ  მოცემულობიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი  მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღმოჩნდა, დღევანდელი მატჩი, უფრო მომდევნო თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპის დატვირთით უფრო უნდა განვიხილოთ.  მხედველობაში გვაქვს, სანაკრებო თამაშებამდე მცირე დრო - ნაკრების პოტენციურ წევრთა დასაზვერად, გუნდის გასაცნობად, შესათამაშებლად და მისეული „სათამაშო ფილოსოფიის" დასანერგად, რაც „შერატონში" მედიას არ გაგვიმხილა და გუნდთან სალაპარაკოდ შემოიტოვა.


„გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, ცოტას რისკავს. ვულოცავ შვედებს. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ეს თამაში, უნდა დაგვეხმაროს გარდაქმნაში. ვფიქრობ, დღეს კარგი საბაზისო სამუშაო გავწიეთ. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მატჩი სამ დღეში ესპანეთის წინააღდეგ, მომდევნო 2 დღე, იქნება მნიშვნელობანი, რათა მოთამაშეებმა აღდგენა მოახერხონ. ვფიქრობ, თუ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი მომავალი გვექნება", - ამბობს ვილი სანიოლი, შვედებთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე და ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას, რამდენჯერმე იმეორებს, რომ ის ამაყია მისი გუნდის მოთამაშეებით, რომლებიც დღეს, შვედებთან თანასწორები იყვნენ.


სხვათა შორის, სანიოლიმ, დღევანდელი თამაშიდან მეორე ტაიმი გამოარჩია, ის უფრო დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ეს იყო, ის რაც მომავალში გვინდა ვიხილოთო. თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან, რეალურად ერთად-ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც შეცვლაზე შემოსული ლევან შენგელიას დარტყმა, მეკარემ მოიგერია. რაც შეეხევა პირველ ტაიმს, განსაკუთრებით საწყისს, 20 წუთს, აქ, ჩვენს გუნდს, მხოლოდ არგატანილ გოლს თუ დაუწუნებ. ისე, ბურთიც გვეჭირა და მატჩამდე, „იბრას" ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც კარგად გაართვა თავი გუნდმა, რომელიც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით (შემოდგომის ციკლის შემდეგ) აბსოლუტურად გაწონასწორებული იყო.


მთლიანობაში მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სანიოლის საქართველოს ნაკრები, რომელიც რადიკალურად განსხვავებული სასტარტო შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ, თანაც, რისკიც რისკია და თამაში ორ ახალწვეულს მიანდო, ურიგო არაა. სხვაობა, საერთო ჯამში, მხოლოდ 2%-ია შვედების სასარგებლოდ, ბურთს ფლობითაც, კარის ჩარჩოში დარტყმითაც. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ერთ-ერთი დებიუტანტის, არასწორად შერჩეულ პოზიციას მოჰყვა გოლი ლორიას კარში, შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით, სანიოლის „რისკმა" გაამართლა. გოლი, შვედებმა, 35-ე  წუთზე,  ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩარევის შემდეგ გაგვიტანეს. „იბრას" საგოლე გადაცემის შედეგ, კლაესონმა გაგვიტანა, 1-0


 „ყველა მწვრთნელისთვის, როდესაც ქოვიდ-ვითარებაა, განსაკუთრებულად რთულია გუნდი სათანადოდ მოამზადო. მთლიან გუნდს, მოსამზადებლად, მხოლოდ 2 ვარჯიში გვქონდა. საქართველო, გეოგრაფიულად, ცოტა შორს არის ყველა სხვა ქვეყნისგან და ჩემი გუნდის ფეხბურთელებს, ჯერ საქართველოში მოუხდათ ჩასვლა და მერე იქიდან, შვედეთში გადმოფრენა. ეს ცოტა რთული იყო, იმისთვის, რომ ამ მოკლე პერიოდში, კარგად წაგვემუშავა. ამიტომაც ვიძახი, რომ ჩემი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ. ბევრი რამ მოხდა ბოლო 2 დღეში, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს გულით ეთამაშათ", - ამბობს სანიოლი.


საქართველოს ნაკრებიდან დღეს, ტრადიციულად გიორგი ლორიას და ახალი ძალით შევსებულ გურამ კაშიას გამოვყოფდით. კიდევ იმ გარემოებას, რომ შვედეთში, საერთო ჯამში, დღეს, ახალ მწვრთნელიანად, 4 დებიუტანტი „გაიტესტა". დანარჩენი, იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში მოვა.


ბუნებრივია, ქება, ქებად, მაგრამ ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, სად შეგვეძლო და რა ვერ გამოვიყენეთ დღევანდელ მატჩში. პირველ რიგში, რაოდენ ბევრი მოწინააღმდეგეც არ უნდა ყავდეს ამ მოსაზრებას, ვერ გამოვიყენეთ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შვედებს, კარგად ჰყავდათ ჩაკეტილი. კიდევ, ვერ გამოვიყენეთ, მოწინააღმდეგე გუნდის სისტემატური ჩავარდნები დაცვის ხაზში. ვერ გამოვიყენეთ, რამდენიმე კარგი კონტრშეტევა. ალბათ, ესაა ის, რაზეც ესპანეთთან მატჩამდე, მოუწევს სანიოლის ასე თუ ისე, დაალაგოს.


„რამდენიმე დღეში გვექნება არანაკლებ მნიშნელოვანი თამაშები ესპანეთთან და მერე საბერძნეთთან. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ, არ ვაპირებთ ვიფიქროთ, რა მოხდა დღეს, რადგან უნდა ვიფიქროთ რა იქნება მომავალში.  ჩვენ გვექნება მატჩები ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერში. ჩვენ, გვინდა, რომ ერთად გავძლიერდეთ. ამას კი, გარკვეული დრო და საწვრთნელი დრო სჭირდება", - ამბობს სანიოლი.  


საქართველოში შედეგით უკმაყოფილო ვართ. თუნდაც, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ვერ შევძელით დაგვემსხვრია, სტერეოტიპი, „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ". მოგებაზეც არაა, დღეს, ქულაც ვერ გადავარჩინეთ. შვედური მედია კი, მიიჩნევს, რომ დღეს, საქართველომ მოახერხა მათი გუნდის „დასჯა". თან ეს, თუ სანიოლის სიტყვებს დაეყრდნობიან, ეს შვედების მეტოქე გუნდმა, 2 საწვრთნელი დღის ხარჯზე შეძლო. ამ კითხვას, სანიოლი დიპლომატიურად პასუხობს და აცხადებს, რომ მოხარულია იმით, შვედებს, საპირწონე წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, რაც შეეხება „დასჯას", გოლი გაიტანეს შვედებმა, მატჩი მოიგეს შვედებმა და არა საქართველოს ნაკრებმა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთის ქალაქ სოლნაში, „ფრენდს არენაზე"  დასრულებული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩის შემდეგ, საქართველოში გამოემგზავრა.


***

დღესვე, ჩვენს ჯგუფში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა: ესპანეთი-საბერძნეთი 1-1




სფფ-ს ფოტო