
ხვალ, „დინამო არენაზე", ფეხბურთში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის, რიგით მეორე ჯგუფური საკვალიფიკაციო მატჩი ჩატარდება. საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას, რომელიც 28 მარტს 20:00 საათზე დაიწყება, თითქმის წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ, გულშემატკივარიც დაესწრება.
„სასიამოვნოა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები ბრუნდებიან, ისინი ბოლოს ეროვნული ნაკრების მატჩს, 2019 წელს დაესწრნენ და მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა. ძალიან გვიხარია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით მათ გამარჯვების სიხარული დავუბრუნოთ", - ამბობს გიორგი ლორია, მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

უეფა-ს რეკომენდაციითა და საქართველოს მთავრობის ნებართვის კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის, შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით ამ მატჩს დაესწრება. ეროვნულ გუნდ,ს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„რა თქმა უნდა, მაყურებლებით თამაში და უმაყურებლოდ, განსხვავებულია. უკრაინაში ჩვენს თამაშზე 7 ათასის ქომაგი იყო, აქ 15 ათასამდე იქნება და ეს, მხოლოდ სასიამოვნოა. მე ამ სტადიონთან მართლაც კარგი მოგონებები მაქვს, რადგან აქ ევროპის სუპერთასი მოვიგე და იმედია, ისევ კარგი მოგონებები მექნება", - ამბობს ლუის ენრიკე, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, რომელმაც 2015 წელს ამ სტადიონზე უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.

„დინამო არენასთან" სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისაც, რომელმაც, შვედეთში განცდილი მარცხის მიუხედავად, გუნდის თამაშით დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება და ხაზი გაუსვა, რომ შვედეთში, მთავარი, გუნდური თამაში გამოიკვეთა. გუნდური თამაშის და გამარჯვების მოლოდინშია ქართველი ქომაგიც, რომელიც ხვალ, „დინამო არენას" დაუბრუნდება.

„ტრიბუნა ძალიან მოგვენატრა, ჩვენთვის ტელევიზორიდან ქომაგობა იგივეა, რაც ფეხბურთელი ბურთის გარეშე ცდილობდეს თამაშს. ინფორმაცია, რომ თამაშზე დავესწრებოდით მოულოდნელი და სასიხარულო იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ, გარკვეული წუხილიც გამოიწვია. ვფიქრობთ, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც შეიძლებოდა მსგავსი პრეცენდენტის დაშვება და რეგულაციების სრული დაცვის შემთხვევაში, ეგებ სხვა შედეგიც დამდგარიყო.
ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება, მოლოდინი დიდია. ახალ შესარჩევ ციკლს, მუდამ ახალი იმედები მოაქვს. მით უმეტეს, ახალი მწვრთნელის ხელში. სანიოლი ახალგაზრდა მწვრთნელია და ჯერ შეიძლება, სათანადოდ დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება მისმა მოტივაციამ, ბევრი პოზიტივი შეიტანოს ჩვენი ნაკრების თამაშში.

ცხადია, რთულია ესპანეთთან ბიჭებს მხოლოდ გამარჯვება მოთხოვო, თუმცა, ჩვენ ეს ერთხელ უკვე შევძელით და გამეორება კვლავ შეგვიძლია. ერთადერთი ალბათ რაც ბიჭებს უნდა მოვთხოვოთ, ეს ბრძოლა და მოედანზე ბოლომდე დახარჯვაა. იმედია, ფორტუნაც ზურგს არ გვაქცევს და სასურველ შედეგს „დავდებთ".
რეგულაციები და შეზღუდვები ჩვენც შეგვეხო და ხვალ, მხოლოდ 300 ჩვენგანი იქნება ტრიბუნაზე, თუმცა, ჩვენი ხმა ისეთი მჭექარე იქნება, როგორც არასდროს. საქართველოდან ქულის წაღება არც თუ ისე მარტივი ამბავია და ამაში ხვალ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდება" , - ამბობს, ბექა ნოზაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგთა ლიდერი, TSFF.GE-სთან საუბარში.






ჩვენ








