გონორით ჩამოსული ესპანელები და თბილისური კურიოზები
გონორით ჩამოსული ესპანელები და თბილისური კურიოზები
27.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპანეთის ნაკრების მორიგი „მოგზაურობა" საქათველოში ისე კურიოზულად დაიწყო, რომ იმედს ვიტოვებთ, ხვალ ამ დროს, საქართველოდან გაოგნებულები გაემგზავრებიან. ყოველ შემთხვევაში, დღეს, დინამო არენაზე მათი მოსვლის შემდეგ, რამდენიმე მომენტი მომხვდა თვალში, რომელზეც თქვენც მინდა გიამბოთ.


ჟურნალისტები


„დინამო არენაზე", მედია-რუმში მისულს, ქარიანი თბილისური ცივი ამინდის შემდეგ სითბო მესიამოვნა. ცოტა ცხელოდა კიდეც. ამიტომ, სტადიონის თანამშრომლებმა, ჩვენი თხოვნა შეასრულეს და გათბობას „დაუწიეს"... ვილი სანიოლისა და გიორგი ლორიას პრესკონფერენცია ჩატარდა, ჩვენ ქართველები, ჩვენი ნაკრების ვარჯიშზე 15 წუთით გავედით. უკან შემობრუნებულებს კი, „გორტექსის" ქურთუკებში გამოწყობილი ესპანელი კოლეგები დაგხვდნენ და შემოგვჩივლეს, გვცივაო. სტადიონის თანამშრომლებმა, გათბობას ისევ „აუწიეს". ზუსტად 5 წუთში, ვისაც ციოდა, ისევ მოგვიბრუნდა და ახლა, მცხელაო...


მეორე კოლეგამ, მკაცრად მოგვთხოვა, რომელიმე ჟურნალისტმა, მითხარით, ხვალ რომელი 11 ფეხბურთელი ითამაშებს, დილით, გაზეთში უნდა მეწეროსო. არაფრით დაგვიჯერა, რომ არ ვიცოდით... ან კი, როგორ უნდა გვცოდნოდა? და რომც გვცოდნოდა, რატომ უნდა გვეთქვა? მითუმეტეს, რომ ესპანურ მედიასთან სალაპარაკოდ ამოსული უნაი სიმონის კომენტარები, ქართული მედიისთვის, არც კი ათარგმნინეს, ქართველ თარჯიმანს... ბოლოს, როგორც იქნა ავუხსენით, რომ ეს რომ ძველი დრო ყოფილიყო, მიახლოებით შემადგენლობას მაინც ვეტყოდით, მაგრამ ახლა, ახალი მწვრთნელი გვყავდა და შვედეთთან მატჩიდან გამომდინარეც, როდესაც სანიოლიმ, ყველასთვის მოულოდნელი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ახლაც, ვერ ვეტყოდით, ვინ შეიძლება ყოფილიყო ხვალ სასტარტოში.


კიდევ ერთი კოლეგა, ჯიუტად დადიოდა და ყველა თასს და ფოტოს აკვირდებოდა. ისეთი შეწუხებული იყო, რომ ვკითხე, ხომ ვერ დავეხმარებოდი. ასაკით, სადღაც, 60 წლამდე იქნებოდა. ძალიან გაუხარდა, თვალები გაუფართოვდა და „კიო". ხომ არ იცით, სად დევს თასების მფლობელთა თასი, ვერ ვიპოვეო. სამწუხაროდ, იმედი გავუცრუე, რადგან ვუთხარი, რომ ის თასი, სტადიონზე არ ინახებოდა.   


იმედია, ხვალ თამაშის შემდეგ, ესპანელი კოლეგების იმედები, რომლებიც თბილისში სოლიდურად ბევრნი არიან ჩამოსულები ამ კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, უფრო მეტად გაცრუებული იქნება.


გუნდის ვარჯიში


ქართულ მედიას, ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე დასწრება, მხოლოდ 15 წუთი შეგვეძლო. არ მგონია, თუნდაც, 3 დღის წინ, შვედეთში, ჩვენი ნაკრების ვარჯიშს, ამდენი ადგილობრივი მედია დასწრებოდა, თუმცა, სად ჩვენ და სად ესპანეთი...




ესპანეთის ნაკრების წინასამატჩო ვარჯიშმა „დინამო არენაზე" ინციდენტების ფონზე ჩაიარა. ვარჯიშის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც გასახდელიდან სერხიო რამოსი ამოვიდა, მოედანზე ორმა გულშემატკივარმა შეჭრა სცადა. ერთი, სარბენ ბილიკზევე დააკავეს. აი, მეორემ კი, შესაშური „სპრინტი" აჩვენა და ესპანელი ფეხბურთელებისა და გუნდის სტაფის მხიარული შეძახილები დაიმსახურა.




საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან ნახევარ საათში „დინამო არენაზე" შუქი ჩაქრა, როდესაც მედია უკვე გამოსულები ვიყავით ტრიბუნიდან/ ფეხბურთელებმა ცოტა ხანი მოიცადეს და შემდეგ გადაწყვიტეს გასახდელში შესულიყვნენ. Marca წერს, რომ მოთამშეებმა მობილური ტელეფონის განათებით მიიღეს შხაპი და სასტუმროში დაბრუნდნენ.


სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვის თემით ბუნებრივია ჩვენც დავინტერესდით. ჩვენი ინფორმაციით მიზეზი ძაბვის ვარდნა იყო, რომელმაც, სტადიონზე დამონატაჟებული სხვადასხვა კვების წყაროს ბლოკირება გამოიწვია. ძაბვის ვარდნა, კი თავის მხრივ, სხვა ამბავთან უნდა იყოს დაკავშირებული. კერძოდ დღეს, საქართველოში, ისევე, როგორ მთელს მსოფლიოში,  „დედამიწის საათი" აღნიშნეს. დიდი ალბათობით, „დინამო არენაზეც" ელექტროენერგიის გათიშვა, სწორედ ამ ღონისძიებას უკავშირდება.




ფაქტია, რომ ესპანეთის ვარჯიშის დროს მომხდარი, ესპანურმა მედიამ გემრიელად „აკენწლა". ახლა, მთავარია ხვალ, საქართველოს ნაკრებმა ისე ითამაშოს, რომ უმიზეზო წუწუნი, ჩვენს ესპანელ კოლეგებს, თამაშის მერე „გაუპრავდეთ" და თბილისიდან, ცოტა, ცხვირწატეხილები წავიდნენ.