მატჩის დღე 1 - მწვრთნელები და გუნდები „დინამო არენაზე“ „გახურდნენ“...
მატჩის დღე 1 - მწვრთნელები და გუნდები „დინამო არენაზე“ „გახურდნენ“...
27.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩამდე, ვილი სანიოლი და ლუის ენრიკე ტრადიციულ, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „გახურდნენ"... ესპანურმა გუნდმა, თბილისში, საკუთარი სარეკლამო ბანერი, ლედ-ეკრანები და სარეკლამოდ გამოჭიმული წყალიც კი ჩამოიტანა, თუმცა, ამ კეკლუცობის მიუხედავად, ის ქართული წყალი დალია, რომელიც მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ფრანგმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმაც დალია.  


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, „დინამო არენაზე" ესპანეთთან მატჩამდე ივარჯიშა. შვედეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, გუნდს ორი ფეხბურთელი აკლდა, გუნდის ახალწვეული გიორგი მიქაუტაძის (ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს) გარდა, ეროვნულ ნაკრებს ჯიმი ტაბიძეც გამოაკლდა. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელს კოჭი აქვს დაზიანებული. მატჩისწინა პრესკონფერეციაზე კი, ვილი სანიოილიმ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომლის ცვლილებაც, შვედებთან მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მას შემდეგ კი, რაც გავრცელდა ინფორმაცია კვარაცხელიას შესაძლო ტრავმის შესახებ, ბევრი, ახალგაზრდა ფეხბურთელის ბედზე დაფიქრდა.


„კვარაცხელიამ, მან შვედეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 30-ე წუთზე გვითხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და თავბრუ ეხვეოდა. მან, პირველი ტაიმის დასრულება შეძლო, თუმცა, შესვენებაზე როდესაც ველაპარაკეთ,  გავარკვიეთ, რომ თავს უკეთ არ გრძნობდა და შეცვლაც ამიტომ გავაკეთეთ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ყველა საჭირო ტესტი გაიარა და ის, ესპანეთთან სათამაშოდ მზადაა", - ამბობს სანიოილი.


დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლიმ კიდევ ერთხელ გაისვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ფეხბურთელებთან სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა. ეს, კარგად იცოდნენ ფეხბურთელებმაც და  შესაბამისად, ვარჯიშისას, ყველა ძალიან კონცენტრირებული იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ, ამ ფაქტორმა მას, გაუადვილა გუნდისთვის აეხსნა,  თუ რისი ხილვა სურდა მოედანზე.


„შვედეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში არაფერს შევცვლიდი, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და როგორც მინიმუმ, მატჩის ფრედ დასრულებისთვის. ჩვენ და მოწინააღმდეგეს ერთნაირი რაოდენობის მომენტები გვქონდა, თუმცა შვედებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ხვალ, განსხვავებულ გუნდს ვუპირისპირდებით, შვედეთი და ესპანეთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ და როგორი თამაში გვინდა მომავალში, მიუხედავად იმისა ვინ იქნება მეტოქე ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო თუ სხვა რომელიმე გუნდი. ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე მომზადებული უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ამისთვის. ფეხბურთელებმა კარგად უნდა იცოდნენ რა სტილის ფეხბურთის თამაში გვსურს. შეტევაში და დაცვაში იგივე დისციპლინით თამაშს ველოდები, როგორც ეს შვედეთთან ვაჩვენეთ", - ამბობს ვილი სანიოლი.


ახლა სანაკრებო ციკლში, პირველი თამაშიდან დიდად განსხვავებულ მატჩს არ ელოდება ესპანელთა მთავარი მწვრთნელი. ლუის ენრიკე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მასპინძელი საქართველო ხვალ, მინდორზე მეორე ნომრად გამოვა და შესაბამისად, დაცვით თამაშს მიანიჭებს უპირატესობას, თავად დაცვაში გაძლიერდება.


„შემადგენლობაში ტაქტიკური გადაადგილებები იქნება. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და ხვალ კარგი თამაშის იმედი მაქვს, მაგრამ მეტოქისგან ადვილად არაფერს ველი. ალბათ, საქართველო დაცვიდან ითამაშებს და ამიტომაც, შეტევის გაძლიერება მოგვიწევს. რასაკვირველია, ყველა მეტოქესთან განსხვავებული ტაქტიკა და მიდგომა გვჭირდება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. საბერძნეთთან მატჩის გაანალიზებისას ბევრი შეცდომა დავინახეთ. თუმცა, ეს იყო შეცდომები, რომელთა გაკეთებაც მეტოქემ გვაიძულა. მჯერა, რომ ჩემს გუნდს, თამაშებს შორის მცირე დრო, ეყო დასასველებლად და ძალების აღსადგენად.  ხვალ ისინი, მოედანზე დასვენებულები და ენერგიულები იქნებიან.


საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. ბოლო თამაში ვნახეთ და ვიცით, რომ ბურთის ფლობა უყვარს, დაცვაშიც კარგად ითამაშეს. დაახლოებით იგივე თამაშს ველოდებით მეტოქისგან ახლაც. ჩემი აზრით, შვედეთში საქართველომ ფრეც დაიმსახურა და არა მგონია, რომ ჩვენ ადვილი თამაში გველოდეს. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები იოლად არაფერს დაგვითმობს", - ამბობს ლუის ენრიკე.


დღევანდელი პრეს-კონფერენციიდან თუ ვიმსჯელებთ ესპანელები ქართველების დაცვას, შეტევით უპასუხებენ. ახლა, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ, რას ფიქრობს ვილი სანიოლი, რომელიც მეორე შეხვედრაა, რაც მედიასთან, კონკრეტული თამაშის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.


„სამივე შეხვედრას ერთნაირი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ, ამიტომ შესაძლებელია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ, ან არა. სასტარტო შემადგენლობის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. მოედანზე ვინც არ უნდა გამოვიდეს, ყველას ჩემი სრული ნდობა და მხარდაჭერა ექნება", - ამბობს ვილი სანიოლი.


და ბოლოს, სტატიის დასაწყისს, რომ დავუბრუნდეთ... საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მორიგ დაპირისპირებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შეხვედრა 28 მარტს, „დინამო არენაზე", თბილისის დროით, 20:00 დაიწყება. კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის, შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. ასე, რომ ვნახოთ, ხვალ, თამაშის მერე ეყოფა ქართული წყალი ლუის ენრიკეს, თუ მოუწევს, ესპანური წყლის ბოთლებისთვის, თავის ახსნა.