
ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა. სასტარტო მატჩში, ერთმანეთს გორი და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „სტუდენტებმა" უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 7-3 სძლიეს.
ილია ლუკაშვილმა ორი სწრაფი გოლით გორი წინ გაიყვანა. ილიაუნიმ, ტაიმის დასრულებამდე, ერთწუთიან ინტერვალში ნიკოლოზ ბოლქვაძის დუბლით წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში გურამ ნადარეიშვილმა აქტივში სამი ბურთი მიითვალა, საბა მაჩიტიძე კი გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.
ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილიაუნი 2: „თავიდან ცუდად დავიწყეთ. გაგვიჭირდა მობილიზება, მაგრამ შემდეგ დავალაგეთ თამაში. ტაქტიკური შეტევები დავიწყეთ, რამაც შედეგი გამოიღო. არ ველოდით გორთან ასეთი ანგარიშით მოგებას, რადგან ძალიან კარგი და რთული მეტოქეა. პირველი ნახევარი უფრო დაძაბული გამოდგა. ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად თამაში წაგებულად არ ჩაგვითვლია და ბოლომდე ვიბრძოლეთ".
დღის დარჩენილ შეხვედრებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი საქართველოს უნივერსიტეტს, ევროპის უნივერსიტეტი კი, ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა
***
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდისა და საქართველოს უნივერსიტეტის მატჩი, დაძაბული და დინამიური გამოდგა. შეხვედრა, ოცდამეათე წუთამდე ფრედ 4-4 მიმდინარეობდა. თუმცა, ბსსა-მ დარჩენილ დროში წინ გასვლა მოახერხა და საბოლოოდ 6-4 იმარჯვა.
„მეზღვაურების" სამბურთიანი გაქცევის მიუხედავად „სტუდენტებმა" ჩამორჩენა შეამცირეს. მეოთხე გოლის შემდეგ კი, ნიკა გაბეხაძისა და გრიგოლ ბოხაშვილის დუბლით, UG-მ წონასწარობა აღდგინა, თუმცა, ხვიჩა თურმანიძემ BSMA კვლავ დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე, გიორგი აბუსელიძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო შედეგი, 6-4 დააფიქსირა.
ნიკა გაბეხაძე, UG: „თავიდან ცუდად დავიწყეთ, მეტოქეს სამბურთიანი გაქცევა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მოვინდომეთ და ანგარიშის გათანაბრება შევძელით. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში ქულაც ვერ მოვიპოვეთ, რადგან 4:4-ზე დავიჯერეთ, რომ ვიგებდით და სათანადოდ არ შევაფასეთ გარემოება. ბათუმის აკადემია ძალიან ძლიერია, თამაშის ტემპში ავყევით. დაცვაში კარგად ვიდექით და კონტრშეტევებში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მომენტებს ბოლომდე ვერ ვასრულებდით, რის გამოც, დავმარცხდით"
ხვიჩა თურმანიძე, ბსსა: „პირველ ტაიმში მატჩი ჩვენი დაგეგმილი სცენარით წარიმართა. მწვრთნელის დარიგებები და დავალებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. შემდეგ ცოტა მოვდუნდით და საკუთარ კარში გოლებიც მივიღეთ. მეორე ტაიმში, შეიძლება ითქვას, მეტოქემ შეტევაში გვაჯობა. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და ბოლომდე თამაში შეგვიძლია, ეს ყველაფერი დღესაც გამოჩნდა".
***
ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის სათამაშო დღე ადგილობრივი მართვესა და ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში EU-მ ანგარიში ხუთჯერ გაათანაბრა და შეხვედრა საბოლოოდ 5-5 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ქუთათურები" შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებოდნენ, უპირატესობის შენარჩუნება ვერც ერთხელ შეძლეს და საბოლოოდ, გუნდებმა მეხუთე ტურის შეხვედრაში ქულები გაიყვეს. „სტუდენტების" რიგებიდან სამი ბურთი გიორგი ქურხულის ანგარიშზეა. მართვეს მხრიდან კი ირაკლი გვეტაძემ დუბლი გაიფორმა.
გიორგი გურეშიძე, მართვე: „გულდასაწყვეტია საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა ფრედ რომ დასრულდა. ხუთჯერ მოვახერხეთ დაწინაურება, მაგრამ, როგორც იცით, რამდენიმე ძირითადის მოთამაშე გვაკლია და ეს დაგვეტყო. გამოცდილი მეტოქე გვყავდა, ბევრს მოძრაობენ. ქულის აღება კარგია, მაგრამ დღეს მოსაგებად ვიბრძოდით. ვფიქრობ, გატანილ გოლებს თუ გავიხსენებთ, მოწინააღმდეგეს ცოტა გაუმართლა. ჩვენ ბევრად დალაგებული თამაში ვაჩვენეთ ტაქტიკურად".
კარლო წვერავა, მართვე: „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მგზავრობა დაგვეტყო. უამინდობის გამო გვიან ჩამოვედით და ამან დიდი გავლენა იქონია. გაგვიჭირდა, დაკისრებულ დავალებებს ვერ ვასრულებდით. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, დასანანი გოლები გავუშვით. მეორე ადგილს ვინარჩუნებთ, მაგრამ ბათუმის აკადემია საკმაოდ წინ გავიდა, ჩვენი მიზანი კი რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულებაა, რისთვისაც თითოეული ქულა მნიშვნელოვანია".
ფუტსალის ლიგა 2-ის VI ტურის შეხვედრები 3 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
Sbm.ge- ს ფოტოები / ზურა გენგიური





ჩვენ








