ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცველებთან სამუშაოდ მზადაა
ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცველებთან სამუშაოდ მზადაა
07.12.2017
ავტორი:

ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცველებთან სამუშაოდ მზადაა. 33 წლის საფეხბურთო მსაჯის სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად, გარიგებული თამაშები სახელდება.

„გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული",  - ნათქვამია სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ აფიქსირებს ღრმა მწუხარებას, ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

მეორე დღეა, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაციაები ილი ტუღუშის გარდაცვალების მიზეზთა გამო. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები, ასახელებენ, სამი პიროვნების გვარს, რომლებიც ვითომდა ფეხბურთის ფედერაციის სახელით დაუკავშირდნენ ოჯახს. სახელდება თანხაც, 5000 ლარი, რის გამოც, შესაძლოა ილია ტუღუში მოეკლათ და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. საბოლოოდ კი საქმე გარიგებულ თამაშებამდე მიდის, რომელსაც შეგახსენებთ, სფფ-ს ეს შემადგენლობა, ამ უწყების სათავეში მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებულად ებრძვის.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 დეკემბერს, ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვის ტყეში, ახალგაზრდა ქართველი მსაჯი ილია ტუღუში გარდაცვლილი იპოვნეს. პოლიციელებს, 33 წლის მსაჯის ცხედარი ხეზე ჩამომხრჩვალი დახვდათ. გამოძიების ვარაუდით, შემთხვევა 6 დეკემბრის გამთენიისას მოხდა. პოლიციის ცნობით სოფელ ჩოჩხათის მკვიდრს ოჯახი მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.

ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.