რამაზ სვანაძის გუნდის პირველი ამზანაგური
რამაზ სვანაძის გუნდის პირველი ამზანაგური
29.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დღეს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელარუსის 21-წლამდე გუნდს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გუნდმა, რომელიც გასული სეზონის 21-წლამდე ნაკრებისგან თითქმის რადიკალურად განსხვავებული იყო, რეალურად, დღევანდელი მატჩით, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას.


ახალგაზრდა მწვრთნელის მეთვალყურეობით, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ჩვენი ახალგაზრდები, 2021 წელს, რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. აქედან, პირველი სწორედ, დღევანდელი მატჩი იყო, რომელიც ქართველი ახალგაზრდების სწრაფი გოლით გაიხსნა. შეხვედრის მეხუთე წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილმა, შენიშნა კარგ პოზიციაში მყოფი გიორგი გულიაშვილი და გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელმა კი, შორი მანძილიდან, სტუმართა კარგი აიღო, 1-0.  გოლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა, რომელთა უპირატესობითაც, მთელი მატჩი წარიმართა, რამდენჯერმე ბურთი დაკარგეს. სტუმრებმა კი ამით ისარგებლეს და დაახლოებით 8 წუთში, ანგარიში გაათანაბრეს, 1-1.


ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. ქართველთა აქტიურობას, კუთხურის შემდეგ, ბელარუსთა კარში მეორე გოლი მოჰყვა. საკუთარ კარში ბურთი, დანილ მიროშნიკაუმ ჩაჭრა და მასპინძლები დააწინაურა, 2-1. სხვათა შორის, ბელარუსთა კარში გასული მესამე გოლიც, საკმაოდ კურიოზულ გოლებს შეიძლება მივაკუთვნოთ. აუტიდან შემოტანილი ბურთი რამდენიმე ქართველი და ბელარუსი ფეხბურთელის გავლით, კვლავ გულიაშვილამდე აღწევს, რომელიც დაუფიქრებლად ურტყამს და ბელარუსთა კარში მესამე გოლი გააქვს 3-1.  ამ შეხვედრაში, ბოლო გოლი კი, 84-ე წუთზე, შოთა შეყილაძემ გაიტანა, 4-1.  


ზემოთხსენებული, მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, მიმდინარე წელს, საქართვლოს ნაკრებს კიდევ ორი მატჩი რჩება სათამაშო: 7 სექტემბერი რუმინეთში, ადგილობრივ ნაკრებთან, 16 ნოემბერს კი, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება.


აქვე, შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს თამაშის უფლება, მასპინძლის სტატუსში მოპოვებული აქვს და შესარჩევ ეტაპებს არ ითამაშებს. თუმცა, რამაზ სვანაძის გუნდი, ამხანაგური შეხვედრების ხარჯზე, შეეცდება, უკვე დღეიდან იმ გუნდის ფორმირებას, რომელიც საქართველოს, 2023 წელს ევრო-ზე წარმოადგენს.  



მატჩის ფოტოგალერეა