
„ევრობასკეტი 2022"-ის ფინალური ეტაპის წილისყრამდე, რომელიც 29 აპრილს ბერლინის Verti Music Hall-ში გაიმართება, საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში, გერმანიის, უკრაინისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ტრადიციულად, „ევრობასკეტ 2022"-ში მონაწილე 24 ქვეყანა, წილისყრის შემდეგ, 4 ჯგუფში გადანაწილდება. მოგეხსენებათ, რომ ჯგუფებს, ოთხი ქვეყანა გერმანია, ჩეხეთი, იტალია და ჩვენ საქართველო ვუმასპინძლებთ. ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყნები ჯგუფებში თავიდანვე გადანაწილდებიან, შემდეგ კი, მათ, წილისყრით, სხვა კალათებიდან დაემატებიან გუნდები. საბოლოოდ, წილისყრის შემდეგ, თითო ჯგუფში 6-6 გუნდი აღმოჩნდება.
ერთი საინტერესო დეტალი - „ევრობასკეტის" თითოეულ მასპინძელ ქვეყანას, პარტნიორი ქვეყნის (ფედერაცია) არჩევის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად რჩეული ნაკრები, სწორედ იმ ქვეყანაში იასპარეზებს. ეს პრაქტიკა 2015 წლის „ევრობასკეტიდან" დაინერგა და მისი მიზანი „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა. ამ მომენტისთვის, პარტნიორი ქვეყანა უკვე აირჩია გერმანიამ (ლიეტუვა) და ჩეხეთმა (პოლონეთი), საქართველო და იტალია პარტნიორს მალე დაასახელებენ.
29 აპრილის წილისყრისთვის, რომელიც ევროპული დროით, 13:00 დაიწყება, „ევრობასკეტში" მონაწილე გუნდები, კალათებში NIKE-ს წარმოდგენილ ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად გადანაწილდნენ. სწორედ, ამ რეიტინგის მიხედვით, საქართველო, რომელიც ევროპულ რეიტინგში მე-18 ადგილზეა, მოხვდა მე-4 კალათში. აქვე გეტყვით, რომ პირველ, ყველაზე ძლიერ კალათში ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი მოხვდნენ.
თვის ბოლოს, წილისყრას, პანდემიიდან გამომდინარე, შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრება. წილისყრას დაესწრებიან „ევრობასკეტის" მასპინძელი ქვეყნების ფედერაციის წარმომადგენლები. რაც შეეხება „ევრობასკეტ 2022"-ს, ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.





ჩვენ








