
ბოსნია და ჰერცოგოვინა, აზერბაიჯანის, ხორვატიის, იტალიის, რუსეთისა და ესპანეთის შემდეგ, ინ ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებიც ნიდერლანდებში, ფუტსალში, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ამ გუნდების ჩამონათვალში მოხვედრისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შანსები აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც, რომელსაც ევრო 2022-ზე გასასვლელად ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი ორ შეხვედრას საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრები 9 და 12 აპრილს გაიმართება.
ალბათ, უნდა გამოვყოთ 9 აპრილის შეხვედრა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტია. ამ დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩვენი ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, კი ჩვენი გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე, შესარჩევ ჯგუფში, 7 ქულით მეორე ადგილზეა, გათამაშების დებულების შესაბამისად, იმ საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდებს შორის არის ვინც ამ მოცემულობით, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გახდება.
„დღეს დავიწყეთ შეკრება. ბიჭები, ნელ-ნელა ჩამოდიან თბილისში. განწყობა, როგორც ყოველთვის გუნდში საბრძოლოა. ყველას, გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ ამ შეხვედრას რა დატვირთვა აქვს და რა თამაშიც გვექნება. ხვალიდან, უკვე სავარჯიშო პროცესს დავიწყებთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, TSFF.GE-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ამ შესარჩევ ციკლში, საფრანგეთს უკვე შეხვდა და მატჩი ფრედ, 4-4 დასრულდა. ამ მომენტისთვის საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში, 2 ქულით, მე-3 ადგილზეა და ევროპაზე გასასვლელად მას დარჩენილ 2 მატჩში მოგება და ამასთან საქართველოს ნაკრების, რუსეთში, 12 აპრილს მარცხი სჭირდება აუცილებლად. თუმცა, საქართველოს ნაკრები, 9 აპრილს, საკუთარი შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს და ამაში, ნაკრებს, დიდ დახმარებას ტრიბუნაც დაეხმარება. დღეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ფუტსალში, საქართველოს - საფრანგეთის შეხვედრაზე ქომაგს დაუშვებენ.
„დღევანდელი რეგულაციებით, ტრიბუნაზე ხალხის დასწრება დაშვებულია და 30-პროცენტიანი შეზღუდვაც მოხსნილია. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია კიდევ ერთხელ გვექნება. შემდეგ კვირაში ვიტყვით, რომ ტრიბუნებზე რამდენ მაყურებელს დაუშვებენ", - ამბობს ლევან კობიაშვილი.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 8 ჯგუფის 8 საუკეთესო პირველადგილოსანი გუნდი და 6 საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი ხვდება.





ჩვენ








