გუდაური საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს
გუდაური საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს
03.04.2021
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, გუდაურში ფრი-სქისა და სნოუბორდის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.


3 აპრილი, ასპარეზობის პირველი დღე თავისუფალი სტილის ერთ-ერთ სახეობას, სლოუფ სთაილს დაეთმო. შეჯიბრი ორ ნაწილად იყო გაყოფილი და მასში, როგორც მოთხილამურეები, ასევე სნოუბორდერები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, შეჯიბრში 21 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 8 მოთხილამურე , ხოლო 13 სნოუბორდერი იყო.




მოგეხსენებათ, სლოუფ სთაილში დაბრკოლებების გადალახვა რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი. სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ხდება მონაწილეების შეფასებაც. შეჯიბრში სპორტსმენებმა ქულები ილეთების სირთულის, სტილის, ამპლიტუდისა და შესრულების მიხედვით მიიღეს. ისინი, 100-ბალიანი სისტემით ფასდებიან. მოთხილამურეებს შორის პირველი ადგილი, 73 ქულით ლუკა მახვილაძემ, მეორე ადგილი 66 ქულით რეზი ბურდულმა მოიპოვა. მესამე ადგილი ლუი გარნიემ და ლუკა ბურდულმა გადაინაწილეს, მონაწილეებმა თანაბარი 63-63 ქულა დააგროვეს.




შეჯიბრის სნოუბორდის ნაწილში კი პირველ ადგილზე გუგა დვალი  (75 ქულით), მეორე ადგილზე კი ლუკა რურუა გავიდა (54 ქულით). მესამე ადგილი კი, კრის ჰიუგსმა და არის აკრიტიდისმა გაიყვეს, (50-50 ქულა) გაინაწილეს.




ხვალ, 4 აპრილს, გუდაურში, სტარტი ბიგ ეარის შეჯიბრს მიეცემა.



საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტოები