
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" უშუალო კონკურენტ "დინამოსთან" 75:86 (სტატისტიკა) წააგო და სუპერლიგაში დასარჩენ ბრძოლაში ფაქტობრივად წასაგებად გაიწირა. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასვლა, ანუ სუპერლიგიდან გავარდნა რომ აირიდოს, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.
დინამოსა და მგზავრების დაპირისპირებას მეტად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მგზავრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რაც ამ გუნდს სუპერლიგაში დარჩენის შანსებს შეუნარჩუნებდა და შედარებით ხელშესახებს გახდიდა. ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში შემართებით დაიწყო და მეორე პერიოდის შუაში 14 ქულითაც (36:22) დაწინაურდა. თუმცა დინამოელებმა თამაში მალევე დაალაგეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს.
მესამე პერიოდიდან დინამოელებმა დაცვა გააძლიერეს, შეტევაში სისწრაფეს უმატეს და მეტოქეს გადაასწრეს. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე პერიოდი 23:15 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს ლიდერობით (59:58) შეხვდა. ბოლო პერიოდი ისე გაილია, მგზავრებს მატჩის მოგების შანსი არ მისცემია.
დინამოში 20 ქულითა დას 10 მოხსნით საუკეთესო იყო ალონზო უოკერი. 12-12 ქულა-მოხსნა მაიკლ ედვარდსმა მიითვალა. 15 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. მგზავრებში 14 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 16 ქულა ტეილორ ედვეიმ, ხოლო 15 - ჯეიდონ კოჰმა მიითვალეს.

პირველი ნახევრის ბოლო წამებზე თსუ 43:37 უგებდა "ცხუმ-აფხაზეთს". პერიოდის საფინალო სირენის თანხლებით ჯოშუა მაკფოლმა სამქულიანი ჩააგდო და ცხუმელების ჩამორჩენა დიდი შესვენებისთვის 3 ქულამდე შეამცირა - 40:43. შესვენებიდან დაბრუნებულმა მაკფოლმა მესამე პერიოდში 17 ქულა ჩააგდო. აქედან 12 ქულა 4 სამქულიანით აღნიშნული პერიოდის ბოლო სამ წუთში მოინაგრა, რითაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ წელში გატეხა.
მესამე პერიოდი ცხუმ-აფხაზეთმა 35:19 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით გალიდერდა. ბოლო პერიოდში ჯოშუა მაკფოლმა მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო, მაგრამ მას თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმ-აფხაზეთი ის გუნდი არაა, რომ ბოლო პერიოდში 13-ქულიანი უპირატესობა გაფლანგოს. ცხუმელები სუპერლიგაში ბრძოლისუნარიანობით სამაგალითონი არიან და როცა თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდეს, თამაშის ბედიც გადაწყდა. მართალია, თსუ-ც საკმაოდ მებრძოლი გუნდია და ბოლო მომენტამდე ეცადა თამაშის გადარჩენას, მაგრამ მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა და საბოლოოდ 10 ქულით - 84:94 (სტატისტიკა) დამარცხდა.
ცხუმელების გმირმა, ჯოშუა მაკფოლმა მთლიანობაში 28 ქულა დააგროვა. საუკეთესო შედეგიანობა კი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა რაჰიმ ჯონსონმა, ხოლო 17 - გიორგი შარაბიძემ მიითვალეს. თსუ-ში 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ქუენტინ დავმა მიითვალა. საუკეთესო სარგებლიანობის ინდექსი კი მიხეილ ჭოჭუამ დააფიქსირა: 19 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა.
ეს გახლდათ ცხუმ-აფხაზეთის მიჯრით მე-3 გამარჯვება და მანამდე ბოლოსწინა ადგილამდე დაშვებული გუნდი დღეს ცხრილში მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება თსუ-ს, უნივერსიტეტელებმა მეორე წრის 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ერთხანს მესამე ადგილზე მყოფებს, პლეი ოფში გასვლა სათუო გაუხდათ. თსუ-ს 1 მატჩი აქვს დარჩენილი და ჯერ უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს. ყველაფერი დანარჩენ გუნდებზეა დამოკიდებული, რომელთა უმეტესობასაც რეგულარულში 3 მატჩი აქვთ დარჩენილი.

სუპერლიგის მორიგი ტური საოცარი მატჩით დასრულდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "ტიტებმა", რომელიც არჩილ ჟღენტის "კაკტუსთან" მესამე პერიოდის მიწურულს 18 ქულით აგებდა, საბოლოოდ 102:92 (სტატისტიკა) იმარჯვა.
18-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დიდი მოულოდნელობა არაა, მიმდინარე სუპერლიგაში ამაზე მეტი დეფიციტიც გაბათილებულა, თუმცა აქ გამოსარჩევია ტიტების უპრეცედენტო გარღვევა. 6-წუთიანი მონაკვეთი, რომელიც ბოლო პერიოდის მეორე წუთზე დაიწყო, მარკოიშვილის გუნდმა 27:4 (!) მოიგო და და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 94:84 დაწინაურდა. ამგვარი გაქცევა კი მართლაც იშვიათია. ტიტების ყველა მოთამაშემ განსაკუთრებულად ითამაშა და საკუთარი მაქსიმუმი გაიღო, თუმცა გამოსარჩევია აკაკი ლომოურის ბასრი მიზანი, რომელმაც საჭირო დროს, უმნიშვნელოვანესი სამქულიანებით თავისიანების ცეცხლოვან გაქცევას ნავთი მოასხა.
კაკტუსი მეორე წრეში ძალიან შედეგიანად თამაშობს, რითაც არჩილ ჟღენტის გუნდმა სუპერლიგაში დარჩენის საპირველწრეო საფრთხე თავიდან აირიდა. კაკტუსელებმა აქამდე გამართული 8 მატჩიდან 6 მოიგეს. დღეს კი ტიტებთანაც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ... თავის მხრივ მარკოიშვილის გუნდმა ამ გამარჯვებით ის გაარკვია, რომ ბოლო ადგილს აღარ დაიკავებს. დღეს მოიგო დინამომაც და გადაწყდა, რომ სუპერლიგიდან კლუბი "მგზავრები" გავარდება. დარჩენილ მატჩებში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ადგილიდან ზევით ვერ ერთ ვარიანტში ვეღარ ავა.
რომელი გუნდი გავა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე და ვის მოუწევს "ა" ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის მომავალი სეზონის საგზურისთვის ბრძოლა, ძალიან მეჩხერი ცხრილის გათვალისწინებით, რთული სათქმელია. მე-3 და მე-10 ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში, ანუ საუკეთესო 8 გუნდში შესაძლოა ვერ მოხვდეს ამ 8 გუნდიდან ნებისმიერი ორი: დინამო, ტიტები, ოლიმპი, ბათუმი, ვერა, თსუ, კაკტუსი, ცხუმ-აფხაზეთი. ამასთან, გარკვეულია, რომ რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებას "რუსთავი", ხოლო მეორეზე "ქუთაისი" გავა.
სუპელრიგის მომდევნო მატჩი 4 აპრილს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ "ქუთაისი" ჩავა.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








